Skip to content

საქართველოს შეცნობის ცენტრი ტურისტებისთვის – ,,წისქვილი ჯგუფი”

„წისქვილი ჯგუფის“ რესტორნების ქსელი ტურისტებისათვის ჭეშმარიტი სტუმარმასპინძლობის მასტერკლასს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, შარშან მათ 70 000 ტურისტს უმასპინძლეს და „თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოების“ ნომინანტთა შორის ღირსეულად მოხვდნენ, როგორც „წლის ტურისტული ბიზნესი“.
ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელის“ სიუჟეტი თანამედროვე ეპოქაში რომ ვითარდებოდეს, „უცხოელი სტუმრის“ პატივისცემით მოტივირებული ჯოყოლა მას აუცილებლად „წისქვილში“ წაიყვანდა და პოემის საკვანძო სცენაც სულ სხვანაირი იქნებოდა:

„დღეს სტუმარია ეს ჩემი,
რაც უნდა ჰქონდეს ვალია,
მე ვუმასპინძლებ, მოართვით,
რაც რამ ქართული არია“

მხოლოდ ქართული კერძები, ქართულ მოტივებზე შექმნილი ინტერიერი და ექსტერიერი, რომლის დეტალებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არის ჩამოტანილი – ნამდვილად გაგრძნობინებთ ქვეყნის ეროვნულ და კულტურულ თავისებურებებს. „წისქვილში“ ერთ დეტალს ვერ ნახავთ არაქართულს, აქ ტურისტი გრძნობის ხუთივე დონეზე აღიქვამს საქართველოს.
ის უსმენს ქართულ ფოლკლორს, მისი სმენა ქართული ჰანგებით არის სავსე; უყურებს ქართულ ტრადიციულ ცეკვებსა და ასეთივე სამოსში გამოწყობილ მომსახურე პერსონალს, ხელით ეხება საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასითებელ ინვენტარს, აგემოვნებს ტრადიციულ კერძებს – დაწყებული ხინკლითა და ღომით, გაგრძელებული ლაღიძის წყლებით. ჰაერში კი ლავაშის სუნი ტრიალებს.
შეუძლებელია, ამ ყველაფერმა საქართველოს სიყვარული არ აღძრას სტუმარში, სწორედ ისეთი სიყვარული, ლადო ასათიანი რომ წერს:

„მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას“

სიყვარული ტურისტების მხრიდან “წისქვილი ჯგუფის” დადებით შეფასებაში, რეკომენდაციის გაწევაში გამოიხატა. დადებითი რეზონანსი მომხმარებლის მხრიდან, არც Tripadvisor-სთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. Tripadvisor ყოველწლიურად გადასცემს კომპანიებს მომხმარებელთა შეფასებების მიხედვით ხარისხის სერტიფიკატს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სერტიფიკატი უმაღლესი შეფასებებით 5 წლის განმავლობაში ზედიზედ გადაეცა “წისქვილი ჯგუფს”, 5 წლის თავზე მათ მიიღეს განსაკუთრებული ხარისხისთვის სერტიფიკატი hall of fame.