Skip to content

ბიზნესიდეა ფრენსის ფორდ კოპოლას მამულებიდან – „ჯეო მულჩის“ წარმატების ისტორია

დიდი რეჟისორის დიდი ფილმები საინტერესო საყურებელია, თუმცა ამ ინტერესს თან ახლავს ცდუნება, მიბაძო მთავარ პერსონაჟს. ასე იყო 80-იან წლებშიც, როცა ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლია“ გამოვიდა – დონ ვიტო კორლეონესგან სტაბილური და გრძელვადიანი ბიზნესის კეთებას ვერ ისწავლიდი. აი, მარლონ ბრანდოს პერსონაჟის შემქმნელი კი ინოვაციური ბიზნესიდეის ინსპირაცია გახდა. „ჯეო მულჩის“ დამფუძნებელმა ფრენსის ფორდ კოპოლას საგვარეულო ვენახში ნანახი ტექნოლოგია საქართველოში ჩამოიტანა და პირველი აღიარებაც მოიპოვა – „თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018”-ის ფინალისტობა ნომინაციაში „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“.
მიხეილ მესტვირიშვილი („მულჩის“ დამფუძნებელი):
„მულჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის პერიოდში შევნიშნე. თავდაპირველად მიმიზიდა იმან, რომ სასიამოვნოდ, ესთეტიკურად გამოიყურებოდა მცენარეების ძირში სისუფთავე. შემდეგ, ხელში როდესაც ავიღე და ვნახე, რომ ნატურალური მასალა იყო, ამ საკითხის საფუძვლიანად გამოკვლევა გადავწყვიტე. ქართველ აგრონომებთან კონსულტაციის შედეგად, ამერიკიდან სატესტო რაოდენობის პროდუქტი და პატარა აპარატი ჩამოვიტანე, რათა ადგილობრივი ნედლეულისგან შემძლებოდა პროდუქტის დამზადება“.
მულჩი ორგანული პროდუქტია, რომელიც მაგარ და რბილმერქნიანი მცენარეების შესაბამისი ტექნოლოგიით დაქუცმაცების შედეგად მიიღება. ის ეფექტური საშუალებაა სოფლის მეურნეობაში, დეკორატიული მცენარეებისა და ბაღების გაკეთილშობილებაში, ეკოლოგიური გარემოს დაბინძურების წინაღმდეგ ბრძოლაში.
სოფლის მეურნეობაში მულჩის გამოყენების შედეგად იზრდება მოსავლის ნაყოფიერება, რადგან ის იცავს ნიადაგს სარეველების გამრავლებისგან,
დროთა განმავლობაში გადაიქცევა ნეშომპალად და ნიადაგს ანოყიერებს;
მულჩით დაფარული ნიადაგი და ნარგავები დაცულია გადარეცხვის, გადახურებისა და ყინვისაგან, ინარჩუნებს რა ზამთარში სითბოს და ზაფხულში სიგრილეს.
„მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“, მაგრამ მულჩით დაფარული მცენარისთვის მუდამ საგაზაფხულო ტემპერატურული რეჟიმია.
ეს ექსპერიმეტი სოფელ ჯიღაურში ჩატარდა – ასე გამოიყურება ვენახი მულჩის გამოყენებამდე და გამოყენებიდან 1 წლის შემდეგ.
მულჩის დადებითი გავლენა ეკოლოგიის მიამრთულებით ცალკე აღნიშვნის ღირსია – ის ჰაერში არსებულ მტვერს ისრუტავს. ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ლოკაციებში, სადაც ნიადაგი მულჩით არის დაფარული, მომწალავი ოქსიდების რაოდენობა ჰაერში 72%-ით მცირდება.
მიხეილ მესტვირიშვილი: “ჩვენი კომპანიის მიზანია შევქნათ ადგილობრივი წარმოება, რომელიც ტყეებს გაწმენდს უსარგებლო ნარჩენებისგან და ამ ნედლეულით ეკოლოგისათვის საჭირო და სასარგებლო პროდუქტს მივიღებთ. ვიღწვით იმისათვის, რომ ამერიკული ინოვაცია, ქართულ რეალობას მოვარგოთ და ჩვენი ეკოლოგის გაჯანსაღების საქმეს მოვახმაროთ”.