Skip to content

როცა ამ გადაცემას ვიწყებდი, საზოგადოებაში იყო ნაწილობრივ სკეპტიკური დამოკიდებულება – მარტა ქარუმიძე

გადაცემა „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ 4 წელია გადის რადიო „ფორტუნას“ ეთერში, ყოველ შაბათს, 15 საათზე.
მისი მიზანია მსმენელსა და მაყურებელს აქტუალური საკითხები ფსიქოლოგიურ ჭრილში გააცნოს. გადაცემის შესახებ უფრო კონკრეტულად მოგვიყვება  „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“   ავტორი და წამყვანი მარტა ქარუმიძე.

რა იყო გადაცემის შექმნის მოტივი?

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, გადაცემა საკუთარი შინაარსით დახმარებოდა ადამიანებს, მიეღოთ რჩევები და რეკომენდაციები უშუალოდ სპეციალისტებისგან. დღეს ამ გადაცემის თემატურად მდიდარი არქივი გვაქვს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია FORTUNA.GE-ზე, გადაცემის ბლოკში მისთვის საინტერესო თემაზე კომპეტენტური რჩევები წაიკითხოს. ფსიქოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა, პირადად მე ამ გადაცემამ და  ინფორმაციამ, რომელსაც ყოველ შაბათს ვისმენ, ბევრ საკითხზე ცოდნა შემძინა და გამიღრმავა.

როგორ ემზადები გადაცემისთვის?

თავდაპირველად ვარჩევ თემას, შემდეგ ვინტერესდები თუ რომელი ფსიქოლოგი მუშაობს ამ მიმართულებით. ყოველთვის ვცდილობ თემა იყოს აქტუალური. ხშირად მწერენ, რომ აინტერესებთ კონკრეტული საკითხი და შემდგომ ამ თემაზე ვაკეთებ გადაცემას. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ გამიმართლა რესპონდენტებში, ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური ფსიქოლოგები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან თანამშრომლობისთვის და სხვადასხვა საკითხზე ადამიანებს აძლევენ საჭირო რეკომენდაციებს.

რა პრობლემები გამოიკვეთა, მას შემდეგ რაც გადაცემას აკეთებ?

აღმოჩნდა, რომ ბევრი საკითხია ადამიანებისთვის საინტერესო და პრობლემური. გადაცემის მიზანიც ხომ ამ პრობლემების შემსუბუქება და გადაჭრის გზებზე საუბარია. რთულია გამოვყო კონკრეტული თემა, ყველას პრობლემა ინდივიდუალურ ჭრილში განიხილება. მაგალითად, მსმენელებს ხშირად აინტერესებთ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით აღზრდის თემაა აქტუალური. ასევე, არანაკლებ საყურადღებოა პირადი ურთიერთობების საკითხი.

ვინ არიან გადაცემის მსმენელები?

ძალიან ვაფასებ ჩემ მსმენელს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც მაძლევენ სტიმულს, ხშირად მწერენ პირად შეტყობინებებში. უთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც მოუსმინეს ფსიქოლოგს გადაცემაში, მიაკითხეს და ის დაეხმარა ბავშვთან არსებული საკითხის გადაჭრაში, რომ რჩევები და რეკომენდაციები კონკრეტულ სიტუაციაში გამოადგათ. ბუნებრივია, როცა ასეთ უკუკავშირს ხედავ, მოტივაცია გეზრდება. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის განცდა, რომ ადამიანები მადლიერებას გამოხატავენ და ელიან ამ გადაცემას.

როგორ იცვლებოდა გადაცემა, რით განსხვავდება დღევანდელი გადაცემა წინა წლებისგან?

როცა ამ გადაცემას ვიწყებდი, საზოგადოებაში იყო ნაწილობრივ სკეპტიკური დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ. ბევრისგან მსმენია „რაში უნდა დამეხმაროს ფსიქოლოგი“, ან „მე რა, უკეთ არ ვიცი როგორ გავზარდო ჩემი შვილი“. ეს მიდგომა უკვე არასწორია. თუ ადრე ადამიანებს უჭირდათ ფსიქოლოგთან მისვლა, ვფიქრობ, ამაზე სწორედ საზოგადოების მიუღებლობა მოქმედებდა, ან თუ დადიოდნენ, ამაზე არ საუბრობდნენ. იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, საჭიროა საუბარი. დღეს ამასთან დაკავშირებით ბევრ ადამიანს შეეცვალა დამოკიდებულება, ბევრი მიხვდა, რომ ფსიქოლოგის პროფესია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა პროფესიები. ეს მხოლოდ მისასალმებელია. ცვლილებები ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ, საკუთარი აზრები, საკუთარი დამოკიდებულებები უნდა შევცვალოთ. სკეპტიკური დამოკიდებულება ბოლომდე უნდა იყოს დაძლეული, არა მარტო ფსიქოლოგიის, არამედ ფსიქიატრიის საკითხზე. სწორედ ამიტომ ბევრი უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე.

გადაცემას პირველივე გასვლიდან ძალიან კარგი ნახვა ჰქონდა, სწორედ მაშინ მივხდი, რომ ეს საკითხი ხალხს აწუხებს. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი მსმენელი და მაყურებელი გვყავს, რომლებიც რადიოში მოსმენის გარდა, გვიყურებენ რადიო „ფორტუნას“ ოფიციალურ Facebook-გვერდზეც.