Skip to content
” წუხელ გვიანობამდე არ დამეძინა…წვიმის წვეთებს კონცერტი ჰქონდათ მოწყობილი,მე კი თვალებდახუჭული ვუსმენდი მათ და შენზე ვფიქრობდი…ალბათ შენზე ფიქრში ჩამეძინა…
მთა მაღალი იყო,ქვევიდან თვალს ვერ ააწვდენდი.მთა იყო თუ უბრალო კლდე,ზუსტად ვერ ვიტყვი.შეიძლება არწივთა სადგომი იყო,ნადირობიდან მობრუნებულნი იქნებ აქ ისვენებდნენ,ფრთებს გაშლიდნენ და გაისწორებდნენ,მიდამოს მზერას მოავლებდნენ,მტერი ხომ არსაიდან გვიახლოვდებაო.ამ მთის წვერზე იდექი,ქვევიდან ამოგცქეროდი და მიკვირდა,როგორ მოახერხე იქამდე მიგეღწია.უკან მზე ამოდიოდა,სხივებში გახვევდა და შარავანდედით გმოსავდა,ლურჯი ცა გქონდა ფონად და თვალუწვდენელი სივრცე,ნაცრისფერში გარდამავალი.ალბათ ადრეც იყავი აქ ნამყოფი,ამიტომაც იცოდი რა შეგეხამებინა პეიზაჟისათვის,უხდებოდა ლურჯისა და ნაცრისფერის ბექგრაუნდს შენი ღია ლილისფერი მაისური და ყავისფერი შარვალი.ქერა თმებში კი ოქროსფერი მზის სხივები გქონდა მოხვეჭილი და ახლაც ისეთივე მოუსვენარი იყავი,როგორც იმ დღეს,პირველად რომ გაბედე ჩემთან შეხვედრა და ცოტათი დაბნეული ცდილობდი, არ შეგტყობოდა უხერხულობა.ახლაც თმებს აწვალებდი,მაღლა ასწევდი და დაუშვებდი,მერე ისევ ასწევდი,ხანაც ხელებს გაშლიდი და ნიავს სახით ეგებებოდი,თვალდახუჭული.შეშინებული ვუყურებდი შენს გვერდით მონავარდე ორ ძერას,ქვიშისფერებსა და ბოროტი თვალებით მაცქერალთ,შენ კი ყურადღებასაც არ აქცევდი,ალბათ თვლიდი,რომ სწორედ მათ უნდა დაემშვენებინათ შენი დილის პაემანი მზესთან.დაბლა ჩვენი ქალაქი მოჩანდა,ალაგ-ალაგ ძველი ისტორიული ნანგრევებით,უფრო კი თანამედროვე დიზაინის სახლებითა და ხიდებით.
-“ნახე ლევანი,ჩემი მეზობელია-იცინი,ხელს იშვერ დაბლა და ძერებს მაღალი ბიჭისკენ მიუთითებ-სამსახურში მიდის,ისე მიიჩქარის,აშკარად აგვიანდება”.
-“მეტროში ჩავიდა,მე კი ვერ ვიტან მეტროებს”.
ბოროტსახიანი ძერა მოწყვეტით დაეშვა დაბლა,ირაო გააკეთა მეტროს სადგურის თავზე და მერე ფრთების ნება-ნება ქნევით დაბრუნდა მთის წვერზე.ნისკარტზე დავაკვირდი,არაბუნებრივი ფერის იყო იგი,სად გაგონილა ან ვის უნახავს ძერას სისხლისფერი ნისკარტი ჰქონოდეს?რატომღაც შიშმა ამიტანა,არ ვიცი ბოროტი ფრინველის ჩასისხლიანებულმა თვალებმა იმოქმედა,სისხლისფერმა ნისკარტმა,თუ თმის ბღუჯამ,ამაყად რომ გაეჩარა ნისკარტში ძერას.მერე ნელი-ნელ გადიდდა ქვიშისფერი მისი სხეული,ჯერ მეორე ძერა შეიერთა,მერე ჩემსა და შენს შორის ჩადგა და თვალსაწიერიდან გაგაქრო,შემდეგ მთის ხელა გახდა და მზეს გადაეფარა…გეძებდი,მაგრამ აღარსად აღარ ჩანდი…მხოლოდ ქვიშისფერი უსასრულობა იყო ირგვლივ გამეფებული…
დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა.ხელისგულები სველი მქონდა,არ ვიცი სიცხისგან,არ ვიცი სიზმარმა იმოქმედა.კაკუნი განმეორდა.ალბათ სახლში არავინაა,ამდენ ხანს გახედავდნენ სტუმარს.შორტი ამოვიცვი და წელს ზევით შიშველმა კარი გავაღე.კურიერი იყო,წინა დღით შეკვეთილი ბილეთები მოიტანა ავიაკომპანიიდან.მადლობა გადავუხადე და კარი მივხურე.
-“თბილისი-სტამბული”-წავიკითხე ბილეთზე და ნებიერად გავიღიმე.მერე ბილეთზე ამოტვიფრულ ვერტმფრენზე გადავიტანე მზერა და ღიმილი პირზე შემახმა.ქვიშისფერი ვერტმფრენი საოცრად გავდა სიზმრად ნანახ ძერას…რა თქმა უნდა აეროპორტში აღარ წავსულვარ,ტელევიზორით შევიტყვე რომ ომი დაიწყო.
8 აგვისტო.2008 წელი.”
“დილით ისევ კარზე კაკუნმა გამაღვიძა.ამჯერად სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი იყო,დაბნეულად მიღიმოდა და უხერხულად მაწვდიდა ომში გაწვევის ფურცელს,მე ხომ რეზერვისტი ვარ და სამშობლოს უნდა ვემსახურო.ფურცელზე საქართველოს დროშა იყო გამოსახული და ინსტინქტურად გამეღიმა,მე ხომ ამ დროშას უნდა ვემსახურო…უცებ ღიმილი ისევ შემახმა სახეზე…დროშის ფერი საოცრად ჰგავდა გუშინწინ,სიზმარში ნანახი ძერას ნისკარტს…”
ძველ დღიურებს ვათვალიერებდი და ამ ჩანაწერებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.რადგან წუხელ ისევ გნახე სიზმარში.ამჯერად ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი იყო იგი,რადგან არავითარი მთა აღარ მინახავს,აღარც ოქროსფერი მზე,არც ძერებისთვის მომიკრავს თვალი და არც ლევანი მიიჩქაროდა სამსახურში.საწყალი,ან კი როგორ იჩქარებს,მახსოვს ამბობდი,ომის პირველივე დღეს დაიღუპაო.წუხანდელ სიზმარში მგონი ფერებიც არ იყო,მდელოს სიმწვანე არ დაჰკრავდა,რომელზეც შენ გვირილებს კრეფდი,არც გვირილას ქონდა ყვითელი შუაგული,საოცრად თეთრი გვირილა იყო,შავი ღეროთი.მგონი მხოლოდ შავ-თეთრი კადრები იყო წუხანდელ სიზმარში,როგორსაც საერთოდ ვნახულობ ხოლმე,არავითარი ფერი,არავითარი სუნი,უცნაური მოძრაობები.მაგრამ არა,აშკარად მახსოვს,შენ ნარინჯისფერი კაბა გეცვა,საოცრად გშვენოდა,სახეზე ღიმილი გეფინა და გაცისკროვნებული თვალებით დაჰყურებდი შავ ღეროიან თეთრ გვირილას,თან ფურცლებს აცლიდი და ჩუმად ბუტბუტებდი…
-“ვუყვარვარ?”
-“არ ვუყვარვარ!”
-“ვუყვარვარ??”
-“არ ვუყვარვარ!!”
-“ვუყვარვარ???”
-“არ ვუყვარვარ!!!”
მთელი დღეა ვფიქრობ,ნეტავ რას ნიშნავს წუხანდელი სიზმარი?…
გამომგზავნი: ლაშა ჩხაიძე