Skip to content

იცი როგორ სამყაროზე ვოცნებობ?

იცი როგორ სამყაროზე ვოცნებობ? სამყაროზე, რომელიც სავსე იქნება სიყვარულით და მეგობრობით, სადაც მთავარი ფული კი არა, სიყვარული იქნება და ყველაზე მდიდარიც ის იქნება, ვისაც ბევრი ეყვარება, ვისაც დიდი გული ექნება, და მაშინ გაჭირვებული ის კი არ იქნება, ვისაც ეკონომიურად უჭირს, პირიქით ის, ვისაც პატარა გული აქვს. აქ ყველა იმას გააკეთებს, რაც უნდა და მეეზოვეობა ან მიმტანობა სირცხვილი არ იქნება, ამას ხომ ყველაზე დიდი გულის ადამიანები შეძლებენ მხოლოდ. აი მაგალითად, მე ვიქნებოდი მეეზოვე, ყოველ დილით ავდგებოდი და დავასუფთავებდი ქალაქს, იმიტომ რომ მე მიყვარს ქალაქი, მიყვარს ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქში დადიან და მიყვარს გზები, რომლებსაც ხშირად საოცარ ადგილებამდე მივყავართ…
იქნებ ასეთ სამყაროში მაინც ვყოფილიყავი მდიდარი, იქნებ აქ მაინც არ დამენახა ბავშვების საწყალი თვალები და მოხუცების გამოწვდილი ხელები…
აქ ფული კი არა, სიყვარული გაათბობს ერთმანეთს.ადამიანები იჩხუბებენ, იკამათებენ სიყვარულზე. ხშირად წაართმევენ კიდეც, მაგრამ თუკი მას საკუთართან ერთად სხვისი სიყვარულიც დაემატება, ამხელა სიყვარულის პატრონი ცუდს როგორღა გააკეთებს და ამიტომ წართმეულს ისევ უკან დაუბრნებს პატრონს.
ამ სამყაროში სახლები ვარდისფერი იქნება, ან ცისფერი, ან იქნებ არ გვინდა სახლები, იქნებ ყველამ ერთად ვიცხოვროთ. იქნებ არც ტანისამოსი ყოფილიყო ასეთი მრავალფეროვანი, ან იქნებ მმართველი არ გვყოლოდა საერთოდ.
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, შეგვიძლია ყველაფერზე ერთად შევთანხმდეთ, მთავარია სიყვარულით ვიყოთ სავსე, სხვა ყველაფერი მოგვარებადია…
გამომგზავნი/ავტორი: თამუნა დანელია