Skip to content

“ან რა ღირსი არის სიყვარულისა მამაკაცი, ვისაც ეძახიან და ის დაბრკოლებებზე და მიზეზებზე ფიქრობს”

ნაწყვეტი ნანო თავყელიშვილისა და დათა თუთაშხიას სასიყვარულო მიმოწერიდან.

“მეტისმეტად გაგვირთულდა ყველაფერი, ქალბატონო ნანო, მაგრამ უამისობაც რომ არ შეიძლება, ის არის საქმე. დაბრკოლებები დაუხვედრა სიყვარულს ფიქრმა. ჭაბუკობაში არ იქნებოდა ასე და კიდევ კარგი: ამდენი განსჯა, სიმართლის ძებნა და ყოყმანი კაცთა მოდგმას  დამ და ევას სიცოცხლეშივე მოაშთობდა და მოუღებდა ბოლოს.

მამაკაცმა ქალს თავი რომ შესთავაზოს – ან მართლა უნდა იყოს იმ ქალის ღირსი თვითონ და ან უნდა ეგონოს, უკეთესი ვარო, მგონია მე. ყველა წესიერი ქალიც ასეა, ალბათ, თავისზე უარეს მამაკაცს ნებით არ დაჰყვება სიყვარულზე. ბევრს ვფიქრობ ამის გარშემო და ვხედავ, ქვენოდენა რომ არ ვარ და თქვენც ხედავთ ამას. მაშინ ისე გამოდის, რომ თქვენი თანაგრძნობა და მზადყოფნა – საჩუქარი ან სამაგიეროა. უწინ ცოტა სხვაფრად მეგონა, მაგრამ თქვენი გაცნობის და დაახლოების მერე ისე ვხედავ, რომ წარსულში სიკეთის თესვად რაც მიმაჩნდა, ვალის მოხდა ყოფილა ის, თურმე. ვალის დაბრუნებაში მხოლოდ მადლობა ეკუთვნოდეს, იქნება, დამბრუნებელს. ერთხელ მოგწერეთ მე, – ჩემს ლოცვას ვერ დავამადლი ვერავის და გადახდილი ვალის საზღაურსაც ვერ მივითვისება მეთქი. ერთი ეს არის, ხელს რომ მიშლის, მოვიდე.
კიდევ მოგახსენებთ ახლა, აქაოდა, ის კაცი ვარ მე, ვინც ბატონ შირერს ცხოვრების მეგობარი ნაძირალა სარჩიმელიას შეურაცხყოფას გადაურჩინა შემთხვევით – ის კაცი ხომ არ უნდა ვიყო, ნეტავი, ბატონ შირერს ცოლს რომ შეუცდენს და ღალატს აიძულებს?!

მესმის, რომ ასე ფიქრი მეტისმეტია, მაგრამ ჩემი ხასიათი ვიცი მე, სინდისი დამქენჯნის ურცხვი გასამრჯელოსთვის და ესეც თავისებური დაბრკოლებაა ჩემთვის.

ქალბატონო ნანო, იმდენად მიყვარხართ, ისე არის ჩემი სული და გონება სავსე თქვენი არსებით, რომ მეშინია ამ სიყვარულის უკვე. ასეთმა გრძნობამ პირველ ხორციელ სიახლოვეში ხან თოფისწამალივით თვალის დახამხამებაში აფეთქება და მცირედი კვამლი იცის და ხან ნედლი თხმელასავით უცეცხლო ბჟუტვა და გულის გამაწყალებელი ბოლვა.

მოსვლა რა არის – მოვალ, მაგრამ ჩემი ბედუკუღმართობით ის მოსვლა ერთადერთი თუ აღმოჩნდა და ისიც უვარგისი, მაშინ რას გიტოვებთ მოსაგონრად ან რა მიმაქვს საოცნებოდ?!

ან რა ღირსი არის თქვენი სიყვარულისა მამაკაცი, ვისაც ეძახიან და ის კი დაბრკოლებებზე და მიზეზებზე ფიქრობს, მაგრამ რა ვქნა, რომ არ ვარ ცხრამეტი წლის, უძვირფასესო ადამიანო, და რომ ფიქრი უღელივით მარგუნა განგებამ.

მაგრამ არის ერთი ბიძგი, ქალბატონო ნანო, რომელმაც არ იცის დაბრკოლება და მიზეზი. ვგრძნობ, რომ მიახლოვდება ის და მაშინ მართალი ვიქნები ღმერთისა და კაცების წინაშე, თუნდაც არ გსურდეთ ჩემი მოსვლა და მიუხედავად ყველაფრისა ცისა ქვეშ!..

გეამბორებით – დ.თ.”