Skip to content

მხატვრობა რომ არ ყოფილიყო – ნოდარ დუმბაძე

მხატვრობა ხილვა არ არის, მხატვრობა უფრო შეგრძნებაა…

თითქმის ყველა ბავშვი  თავის ფიქრს, ოცნებას და ლაპარაკსაც კი ფერადი ფანქრებით იწყებს. მე არ  მეგულება ოჯახი, რომელიც სავსე არ იყო წვერწატეხილი და ბოლო დღრღნილი ფანქრებითა და ფანტასტიკური ფიგურებით აჭრელებული ქაღალდებით. ეს, ალბათ, ის პირველყოფილი ინსტიქტია, ადამიანი იეროგლიფს რომ იგონებდა. და საოცარია, ამ მილიონ და მილიარდ მხატვართაგან მხოლოდ ერთეულებს ენიჭებათ უმაღლესი ღვთიური ჯილდო, – უჩვეულოდ ააჩქეფონ  სისიხლი ძარღვებში, ჩაასახლონ მზე თვალებში, გაათბონ სხეული და შესძრან ადამიანთა გულები.

ზედმეტია მხატვრობის ძალაზე ლაპარაკი. მე ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ტაძრების კედლებიდან ღვთის საგალობელი, ქრისტეს ტირილი და ბაბილონის გოდოლის ნგრევა, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ქვადქცეული სარდალთა ყიჟინა და ცხენთა ფლოქვების თქარუნი. ხოლო როდესაც პარიზში– ლუვრში  იმპრესიონისტთა საგამოფენო დარბაზის კარი შევაღე, გაზაფხულში შევედი მეგონა. მერე მთელი საათი ვიდექი ვენერა მილოსელთან , ბოლოს მივედი და ხელი შევახე. არ შეიძლებაო ხელის ხლება, გამიჯავრდა ზედამხედველი. რომ ვუთხარი  თბილია–მეთქი, გაეიღიმა და კიდევ ერთხელ ხელის შეხების უფლება მომცა.

ალბათ მხატვარია და მოქანდაკე, ის ვისიც ყველაზე უფრო შურს მწერალს. ასეთი დიდი შურით მშურს, როდესაც ვუცქერ მერაბ ბერძენიშვილის გიორგი სააკაძესა და დავით გურამიშვილს. დიმიტრი ერისთავის ცარცით დახაზულ ასფალტზე ასაკინკილათი მოხტუნავე გოგონებსა და იების გამყიდველს, ელგუჯა ამაშუკელის ვახტანგ გორგასალსა და ქართლის დედას, ზურაბ ნიჟარაძის საოცარ პორტრეტებსა და ბერების შავ გუნდში ყაყაჩოსავით ანთებულ გოგონას, ვახტანგ ონიანის ლილეოსა და თენგიზ მირზაშვილის ფშავურ მოტივებს.  ხოლო როდესაც ჯემალ ლოლუას  მიერ გაფორმებულ  და დასურათებულ საკუთარ წიგნს ვფურცლავ , მშურს მისი , რადგან მარტო მხატვარი კი არა , ვგრძნობ, რომ თანაავტორია ჩემი.

მე ხშირად მივსულვარ  საგამოფენო დარბაზში მაგიდაზე გადაშლილ შთაბეჭდილებები წიგნთან ჩემი ფიქრებისა და შთაბეჭდილებების ჩასაწერად და  რამდენჯერაც მივსულვარ, იმდენჯერ უკან გავბრუნებულვარ. რადგან მხატვრობა ხილვა არ არის, მხატვრობა უფრო შეგრძნებაა, რაღაც დიდი შინაგანი ფიზიკური შეგრძნება და ამის შთაბეჭდილების წიგნში შეტანა  შეუძლებელია. ამიტომ ამ პატარა წერილში  მე თითქმის ვერაფერს ვიტყვი. ერთი კი ცხადია, რომ კაცობრიობა, ალბათ, დედით  ან მამით  ობოლ ბავშვს დაემსგავსებოდა, ქვეყნად მხატვრობა რომ არ ყოფილიყო.

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა