Skip to content

“ქართული ოჯახის” ფენომენზე აღმატებულ ხარისხში საუბრობს საზოგადოება, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფენ რეალურად მასში არსებულ პრობლემებს. ამიტომაც, მინდა, ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემას შევეხო – “ოჯახური ძალადობა”

ოჯახური ძალადობა აქტუალური თემაა ჩვენს დროში. ყველაზე მტკივნეული და პრობლემატური საკითხია, რომლის გადაჭრა, როგორც ჩანს, სულაც არ არის მარტივი, რადგან დიდ გამბედაობას მოითხოვს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დიდი ხნის განმავლობაში ოჯახური კონფლიქტი აღიქმებოდა, როგორც “პირადი” საქმე და სახელმწიფოც არ იღებდა ვალდებულებას, რომ დაეცვა მსხვერპლი მოძალადისგან. სამწუხაროდ, პრობლემა დღემდე ჩრდილშია მოქცეული, საკვირველი ის არის, რომ ამ რთული პრობლემის მიჩქმალვას თავად მსხვერპლნი ცდილობენ, არ სურთ ღიად საუბარი ამ თემაზე, მიზეზი მრავალგვარია – რცხვენიათ საკუთარი თავისა და არჩევანის, ეშინიათ, რომ თავიანთი თამამი აღიარება მოძალადეში შურისძიებისა და გაბოროტების საფუძველი გახდება. თუ ძალადობა ხდება ქუჩაში ღიად და საჯაროდ, ეს საზოგადოების აღშფოთებასა და აგრესიას იწვევს, მაგრამ, თუ ძალადობა ხდება ოჯახში, დახურულ სივრცეში, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოებას აქვს აზრი, რომ ოჯახური კონფლიქტები არ არის მათი “გასარჩევი” თემა, ამიტომაც ამ დროს ჩარევა უტაქტო და არამკითხე ქცევაა, მათ შესაძლოა, წლობით ესმოდეთ მეზობლის სახლიდან გამოსული აჟიოტაჟის, არეულობის, ნასვამი მამაკაცის ლანძღვისა და შეურაცხყოფების ხმები, მომტირალი ქალის ქვითინი, მაგრამ იყვნენ ინერტულნი, როგორც ემოციურად, ისე მოქმედების თვალსაზრისით ან მეორე უკიდურესობა – მოძალადის ქცევას ,როგორღაც, მოუძებნონ გამართლება, ამგვარი ფრაზები ხშირად მსმენია – ნასვამია კაცი და რა ქნას, მთელი დღე შრომობს და გაღიზიანებულია, ყველას ოჯახში ხდება კონფლიქტი და სხვა მრავალი მარაზმატიკული არგუმენტით ცდილობენ ხელი დააფარონ მოძალადეს. მსხვერპლი კი რჩება თავის პრობლემასთან მარტო, უმწეოდ და ვინაიდან, მხარდაჭერას ვერ/არ გრძნობს გარშემომყოფების მხრიდან, თავს სწირავს უსასრულოდ თმენისთვის. ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი, შესაძლოა, იყვნენ ქალები, ბავშვები, უნარშეზღუდული პირები, ხანდაზმულები და მამაკაცებიც კი, თუმცა, ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქმრის ძალადობა ცოლზე და მშობლების ძალადობა შვილებზე. საქმე ისაა, რომ ოჯახში დაძაბულობების დროს მხოლოდ ერთი მსხვერპლი არ არის, მხოლოდ ის სუბიექტი არ ზიანდება, რომელზედაც უშუალოდ მიმართულია აგრესია, არამედ, ზიანდებიან გარშემომყოფებიც. აქედან გამომდინარე, არსებობს პირდაპირი და ირიბი ზეწოლა, რომელიც ერთნაირად ამახინჯებს ჯანსაღ ფსიქიკას. კონფლიქტურ სიტუაციებს განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამენ და განიცდიან ბავშვები. ძალადობის გავლენა კი ბავშვში დიდ კვალს ტოვებს და მომავალში სხვადასხვა პრობლემის სახით იჩენს თავს. მაგალითად; ბავშვი ხდება ზედმეტად გულჩვილი, ფერხდება მისი ინტელექტუალური განვითარება, ასეთი ბავშვი ვერ პოულობს საერთო ენას თანატოლებთან, შესაბამისად, ხდება სოციუმისთვის მიუღებელი და ხშირად ხვდება კომფლიქტურ სიტუაციებში, აქვს დაბალი თვითშეფასება.

ოჯახური კონფლიქტის ძირითადი მიზეზები

კონფლიქტების ზრდის ყველაზე ხშირი და მთავარი მიზეზი არის ოჯახის ნაადრევად და გაუაზრებლად შექმნა. როდესაც ზრდასრულობას ვერ მიღწეული ახალგაზრდები ქმნიან ოჯახებს, ეს არის რისკი იმისა, რომ მათი ოჯახი ვერ იყოს მყარი, შესაბამისად, შენარჩუნების ალბათობა საგრძნობლად მცირეა, რადგან ასაკის მატებასთან ერთად იცვლება შეხედულებები, ღირებულებები, ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა, ვეღარ უგებენ და არ იცნობენ ერთმანეთს იმდენად, რამდენადაც საჭიროა ეს წარმატებული თანაცხოვრებისთვის. საბოლოოდ, ხდება ისე რომ ოჯახი ინგრევა. ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომიდან “კულტურით უკმაყოფილება” მოვიშველიებ ციტატებს, რათა უფრო ცხადი გახდეს ზემოთ აღნიშნული

“მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობას, რომლებიც სქესობრივი მოთხოვნილების საფუძველზე აარსებენ ოჯახს, სიყვარულს უწოდებენ.” (კულტურით უკმაყოფილება, გვ.231)

“ოჯახის ჩამოყალიბება დაკავშირებულია გენიტალური დაკმაყოფილების მოთხოვნილებასთან, მამრს გაუჩნდა მდედრის, ან უფრო ზოგადად, სექსუალური ობიექტის თავისთან ყოლის მოტივაცია.” (კულტურით უკმაყოფილება, გვ.229)

ციტატები განამტკიცებს იმ აზრს, რომ ხშირად ოჯახები არამყარ და არასერიოზულ საფუძველზე დგას, რასაც, რა თქმა უნდა, ლოგიკური შედეგები მოჰყვება-ხოლმე.

ჩემი აზრით, ძალით შენარჩუნებულ ოჯახს, სჯობს დროულად დასრულებული ურთიერთობა, რადგან არაჯანსაღ გარემოში ბავშვის აღზრდამ, შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიღოს.
ოჯახური ძალადობის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ აუცილებლად უნდა ჩაითვალოს დამახინჯებული ტრადიციები, სულში გამჯდარი სტერეოტიპები და ადათ-წესები, რომლებიც ქალსა და მამაკაცს ერთმანეთისგან მკვეთრად განასხვავებს და რომლის თანახმადაც, მამაკაცი მიჩნეულია, როგორც აგრესიული და აქტიური, ხოლო ქალი – როგორც მორჩილი და დამთმობი არსება. ამგვარი დამოკიდებულება, შესაძლოა, გამოწვეული იყოს დაბალი სოციალურ-კულტურული განვითარების დონითაც. ასეთი მიდგომა მამაკაცის აგრესიულობას განიხილავს და განმარტავს, როგორც პრობლემის გადაჭრის მისაღებ ფორმას, ბიჭებს ბავშვობიდანვე უნერგავენ რომ იყვნენ სწორუპოვარნი, თავიანთი სიტყვის გამტანნი, გოგონებს კი საკუთარი სურვილებისა და ინტერესების შეზღუდვას ასწავლიან. ეს ყველაფერი კი მოზრდილ ასაკში ვლინდება დამახინჯებული ფორმით, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოებაში არაჯანსაღი ვითარების ჩამოყალიბების საწინდარია.

ძალადობის წარმომშობი მიზეზები

ოჯახში ძალადობის პრობლემის წარმომშობი მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა:
* უმუშევრობა, ფინანსური კრიზისი, სიდუხჭირე – ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ აისახება ოჯახურ ურთიერთობებზე. ისეთ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა, დანაშაულისა და ძალადობის რაოდენობაც პირდაპირპროპორციულად იმატებს.

* როლების არასწორი გადანაწილება ოჯახში – როდესაც მამაკაცი აღქმულია, როგორც ოჯახის წამყვანი, შემომტანი, პირველი პირი, ქალის აზრი კი დაკნინებულია, გაუთვალისწინებელია მისი ყველა სიტყვა, მას მხოლოდ მორჩილება და ოჯახური საქმე ევალება. ამ მდგომარეობის შესატყვისად, ფროიდი თავის ნაშრომში ხაზს უსვამს კულტურის განვითარებაში მამაკაცის როლს, ხოლო მისი აზრით, ქალები წარმოადგენენ ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, შემდეგ კი მიკრო სოციუმის შემქმნელებს.

* მახინჯი სტერეოტიპი, რომელიც ყველა უბედურების სათავეა – ოჯახის შესანარჩუნებლად ყველა ძალ-ღონისა და ხერხის გამოყენება, ყველანაირ შეურაცხყოფაზე თვალის დახუჭვა, რათა თავიდან აირიდონ საქვეყნოდ თავის მოჭრა, მეზობლების უტაქტო მითქმა-მოთქმა და დარჩნენ ბოლომდე ოჯახის ერთგულნი და “სამაგალითო მეუღლეები”- ამ მიდგომით მსხვერპლი იღებს ნორმად თავის უბედურ ყოფას და სხვის დასანახად ბედნიერ ცხოვრებას განაგრძობს.

* მხოლოდ რთული და არახელსაყრელი გარემო-პირობები არ არის ძალადობის წინაპირობა, მამაკაცები, რომლებიც ძალადობით ქმედებებს განახორციელებენ მდედრობითი სქესის მიმართ, სავარაუდოა, რომ მათში თავი იჩინა ბავშვობის ტრამვამ. მათ ჰყავდათ მკაცრი დედა, ხშირად სჯიდნენ და უსწორდებოდნენ ფიზიკურად, იყვნენ სტრესში და დაძაბულ გარემოში მუდმივად. ეს მამაკაცები არიან ყოფილი ბავშვები, ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა იმ გარემოს, სადაც ბავშვი იზრდება, რადგან ჩვენი ბავშვებიც იქნებიან მომავალი მამაკაცები.

ყველა მოძალადე, ამავდროულად, მსხვერპლიცაა, ხოლო, ყველა მსხვერპლში იმალება მომავალი მოძალადე, ამიტომაც ოჯახში არსებულ მდგომარეობას აქვს გადამწყვეტი როლი.
თუმცა, მხოლოდ მამაკაცი არ არის დამნაშავე ოჯახურ კონფლიქტსა და ძალადობაში. ქალებსაც მიუძღვით საკმაო წვლილი ამაში. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი არ არიან ჩვეულებრივი, სტანდარტული ქალები. მათ უყვართ მსხვერპლის როლის მორგება, კარგად გრძნობენ ამ ნაჭუჭში თავს, ესეც, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან მომდინარეობს. მოძალადეა ქალი, როდესაც იგი მამაკაცს გამუდმებით ახსენებს და აყვედრის, რომ არ მუშაობს, არაფრის მაქნისია და ა.შ. ჯანსაღი ფსიქიკის ქალები კი შეურაცხყოფებს ასე მარტივად ვერ ივიწყებენ, მეტიც, მათზე აწეული ხელი მამაკაცის მხრიდან, შესაძლოა, საბოლოო აღმოჩნდეს.

ზ. ფროიდი აღნიშნავს, რომ ჩვენი პრობლემების უმეტესი ნაწილი ბავშვობიდან იღებს სათავეს, ასევე, აღზრდიდან და მშობლებს შორის ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. თუკი მსხვერპლის მშობლების ოჯახში ჩვეულებრივი ამბავი იყო ის, რომ ქმარი სცემდა ცოლს, ბებიას და ა.შ. ის შეგუებულია ამ ფაქტს ღრმა ბავშვობიდანვე და ამიტომაც ნორმად მიაჩნია ეს გადახრა. ქვეცნობიერ პროგრამად არის ჩაწერილი ადამიანის მეხსიერებაში, შესაბამისად, ჰგონია, რომ უნდა მოითმინოს და გადაარჩინოს ოჯახური სიწმინდე ყველაფრის ფასად. დაჩაგრული და დათრგუნული დედა ისეთივე საშიშია შვილისთვის, როგორც მოძალადე მამა. როდესაც დაჩაგრული დედა სათანადო პასუხს ვერ სცემს მამას, მთელი მისი დაგროვილი ნეგატიური ენერგია და აგრესია მთლიანად შვილზე გადმოაქვს – ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. აგრესიულ გარემოში მყოფი ბავშვი კი ძალადობს მის და-ძმაზე, ცხოველებზე და თანატოლებზე. ასე რომ, ეს ყველაფერი ქმნის ჯაჭვურ სისტემას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რა სიფრთხილეა საჭირო ოჯახური ურთიერთობების დროს.

სხვა მრავალი ფაქტორიც არსებობს ოჯახური ძალადობის ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი და აქტუალური საკითხები გამოვყავი.

რა სახის ძალადობა შეიძლება, განხორციელდეს ოჯახში?
ფსიქოლოგიური (ემოციური) ძალადობა – დამცირება, მუქარა, დაშინება, ეჭვიანობა, შანტაჟი, ბავშვებით მანიპულირება, მუდმივი კრიტიკა, ისეთი ქმედება, რომელიც მორალურ ზიანს აყენებს ადამიანს და იწვევს მისი ღირსების შელახვას.

ფიზიკური ძალადობა – ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, საზოგადოების და სხვა.

სექსუალური ძალადობა – მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით მასთან იძულებითი კავშირის დამყარება, გარყვნილი ქმედება.

ეკონომიკური ძალადობა – საკვების შეზღუდვა, ქონების, საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვა, შრომის უფლების დაკარგვა.

იძულება – ადამიანზე ფსიქიკური ან ფიზიკური ძალადობა, შეასრულოს მისთვის მიუღებელი ქმედება.

მიმაჩნია, რომ საზოგადოება არ უნდა დარჩეს გულგრილი ასეთი ფაქტების მიმართ, ძალა ერთობაშია, საზოგადოებას შეუძლია ერთიანი ძალისხმევით გადაარჩინოს ბევრი ოჯახი დაღუპვას და ახალი თაობის მომავალიც იხსნას სავალალო განვითარებისგან.

საბედისწერო გადაწყვეტილება

ახლა ვისაუბრებ იმ სწორ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში ვერ იღებს, იგულისხმება დამოუკიდებლად ცხოვრება და ოჯახისგან გამოყოფა. როგორც მაღლა აღვნიშნე, ყველაზე მეტად ოჯახში დაძაბულ სიტუაციებს ბავშვები განიცდიან, მიუხედავად ამისა, მსხვერპლი მაინც აგრძელებს მოძალადესთან ერთად ცხოვრებას, რადგან მათ საერთო შვილი ჰყავთ. მსხვერპლს ჰგონია, რომ იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის სასარგებლოდ, ამიტომაც ბევრ დათმობაზე მიდის. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ ახალი ცხოვრების დაწყება გაცილებით ადვილია, როცა მარტო ხარ და არა ბავშვის ამარა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც მსხვერპლს უჭირს გადაწყვეტილების მიღება რომ გამოეყოს მოძალადეს არის ფინანსური დამოკიდებულება. როდესაც ქალი დამოკიდებულია ფინანსურად მამაკაცზე, მას უჭირს საკუთარი თავისა და ფინანსების რეალიზება, შესაბამისად, დამოუკიდებლად თავის რჩენა ეძნელება. ასეთი ქალები ხასიათდებიან საკუთარი თავის რწმენის დაბალი ხარისხით. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად მოვიყვან ისევ ფროიდის ნაშრომიდან “კულტურით უკმაყოფილება” ციტატას, მართალია, მას საუბარი პრიმიტიულ ოჯახზე ჰქონდა, თუმცა, ჩვენში, დღევანდელ რეალობაში ისევ ცოცხლობს მათი გადმონაშთი:

“მდედრს, რომელსაც არ სურდა თავის უსუსურ ჩვილებთან განშორება, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული იყო მასზე ძლიერ მამრთან დარჩენილიყო.” (კულტურით უკმაყოფილება, გვ.229)

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მდედრი, ბევრი ფაქტორის გამო, დამოკიდებულია მამრზე.

შემდეგ ფაქტორად აუცილებლად უნდა განვიხილოთ საზოგადოების შიში, რომელიც ძალიან დამთრგუნველია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათ ეშინიათ ხალხის აზრის – “რას იტყვის ხალხი?”, მათ ეშინიათ ე.წ. “იარლიყების”, რომლებსაც საზოგადოება აუცილებლად მიაკერებთ, (დაშორებული, ქმარგაცილებული, ოჯახდანგრეული და ა.შ), როგორ ჩახედავენ თვალებში ახლობლებს, მეგობრებსა და ნათესავებს, ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამდენი იწვალეს მათ აღსაზრდელად და როგორც იქნა “პატრონსაც ჩააბარეს”. ისინი მომავალს შიშის თვალით უყურებენ და მეტიც, ვერაფერს ხედავენ მასში. აცხადებენ,რომ სიყვარულით გათხოვდნენ და მომავალში რა გარანტია ექნებათ რომ იგივე არ დაემართებათ.

მორალური ძალადობა ძირითადად ხორციელდება კონტროლის სახით: ჩაცმაზე, დროის ხარჯვაზე, გარეგნობაზე. ქალის დრო უფრო მეტად კონტროლირდება, ვიდრე – მამაკაცის. ოჯახში ძალადობას არავინ აღიქვამს, როგორც დანაშაულს, ის ხშირ შემთხვევაში აღქმულია, როგორც მსხვერპლის მიერ საკითხის არაადეკვატური გაგება/მიდგომა. ამის მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ სიტუაცია, როდესაც ქმარი აიძულებს ცოლს მასთან დაამყაროს სექსუალური კავშირი, მამაკაცთა უმეტესობის პასუხია, რომ ცოლს იმიტომ ჰქვია ცოლი, რომ ვალდებულია ქმართან ჰქონდეს სექსუალური ურთიერთობა. – ეს ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც საერთოდაც არ მიაჩნიათ ძალადობის გამოხატულებად.

საქართველოში ოჯახური ცხოვრების პრინციპი დამყარებულია პატრიარქალურ წარმოდგენებზე: ქალი არის დიასახლისი, ქალი არის დედა, რომელსაც ოჯახური ვალდებულებები აკისრია, მამაკაცი კი ამ ვალდებულებებისგან თავისუფალია. ამის გამო, ქალის როლი სოციალურ ცხოვრებაში საგრძნობლად დაბალია.

ჩემი სანაცნობო/სამეგობრო წრიდან თუ ვიმსჯელებთ, ისინი ხშირად შესწრებულან ოჯახში ძალადობის ფაქტს და გადმოცემის თანახმად, მათი რეაქცია იყო სიტუაციისგან თავის გარიდება, რადგან აღნიშნავენ, რომ როდესაც გამოვესარჩლე განრისხებულ ქმარს, თავად ცოლმა შემაჩერა და მისაყვედურა კიდეც მათ ურთიერთობაში ჩარევისთვის.

ყოველთვის ზედმეტი ხარ იქ, სადაც დახმარებას და შველას არ ითხოვენ და სწორედ, ეგ არის დიდი უბედურება, რადგან დუმილით და თავდახრით ეგუებიან ძალადობის ფაქტს და კარგად ირგებენ მსხვერპლის როლს.

საქართველო არის პატრიარქალური მასკულინური ქვეყანა. ქალის დისკრიმინირებული მდგომარეობა უკვე ნორმად იქცა და ამ თვალთახედვის მატარებელნი არიან ქალებიც. გაბატონებული ტრადიციების ტყვეობაში მყოფი საზოგადოება კი, როგორც აღვნიშნეთ, ამ პრობლემას არააქტუალურად მიიჩნევს. უმრავლესობის აზრით, ქალს დიასახლისობა უფრო შვენის, ვიდრე მამაკაცთან თანასწორობისკენ ბრძოლა სამსახურში, ამიტომაც მისი ადგილი სახლშია. ქალთა დისკრიმინაცია, პირველ რიგში, იწყება ოჯახში და შემდეგ ვრცელდება მისი საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა როლებზე.

ძალადობა რომ სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრამვებს იწვევს ყველა ადამიანში, განურჩევლად სქესისა, რასისა, მრწამსისა თუ ასაკისა, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ მას შეუძლია გამოიწვიოს სომატური დაავადებებიც. მაგალითად, მსხვერპლს შესაძლოა, დაემართოს კუჭის დაავადება, ნერვული აშლილობა, ძილის დარღვევა, კანის დაავადება, რაც ყველაზე მთავარია, შესაძლოა მოხდეს თვითშეფასების დაქვეითება და მე-კონცეფცია გახდეს უარყოფითი, რასაც ფატალურ შედეგამდე მივყავართ.

ჩვენს ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს დასჯით აღზრდის მეთოდი. ოჯახში, სადაც გამუდმებით აჟიოტაჟია, სწორედ, ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვები ხდებიან მსხვერპლნი, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სულაც არ არის სახარბიელო. ისინი ხდებიან იერარქიული ძალადობის მომსწრენიც, ძლიერის ძალადობა სუსტზე, ქმრის ძალადობა ცოლზე. ასეთი ბავშვი ყალიბდება აგრესორად, ავლენს უარყოფით თვისებებს და კონფლიქტურია, ასეთი ადამიანი ძნელად ან საერთოდ ვერ ეგუება გარემოს. ბავშვი ოჯახის სახეა და ყველა ღირებულს თუ საზიანო თვისებას მისგან იღებს. ხშირ შემთხვევაში, მშობელი არასწორ სტრატეგიებს იყენებს ბავშვთან საურთიერთოდ, მას ჰგონია, რომ ბავშვის ქცევის გამოსასწორებლად, საკმარისია თამაშის აკრძალვა, თანატოლებთან ურთიერთობის შეზღუდვა და ფიზიკური დასჯა (ცემა, საათობით კუთხეში დგომა, ოთახში ჩაკეტვა). ფიზიკური დასჯა არ არის გამოსავალი, ფიზიკური დასჯა იწვევს ფიზიკურ ტკივილს და არა შეცდომის კოგნიტურ გააზრებას. ტკივილი ხსნის დანაშაულის შეგრძნებას, აქედან გამომდინარე, ბავშვი ფიქრობს ტკივილზე და ვერ ხვდება რაზე აგებს პასუხს. ასეთი ბავშვები კი ხდებიან მოძალადეები და ეს ბუნებრივია.

ბენიამინიც ეხება ძალადობის პრობლემას და იგი მის ნაშრომში “ძალადობის კრიტიკისთვის” ძალადობად განიხილავს, ისეთ ქცევასაც, რომელიც მართლუფლების აღსრულებისას ვლინდება.
ძირითად შემთხვევაში, ქმრისგან მოდის აკრძალვები და შეზღუდვები ცოლის მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, მინიჭებული უფლების დარღვევაა და ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს საკუთარ თავში.

ოჯახში ძალადობა სამართლიანი არასოდესაა, ვფიქრობ, მას გამართლება არ ექნება არც ერთ შემთხვევაში. ოჯახური ძალადობის პრობლემა გლობალური პრობლემაა. ის, უდავოდ, ეწინააღმდეგება ადამიანის მიმართ კანონით მინიჭებულ უფლებებს. მოძალადე და მსხვერპლიც ორივე ერთნაირად საშიშია საზოგადოებისთვის. ოჯახში დაძაბულ და სტრესულ მდგომარეობას, შესაძლოა, ბავშვების მომავალი შეეწიროს, ამიტომაც აუცილებელია, რომ ბავშვების ჯანსაღ გარემოში აღზრდასა და განვითარებას სერიოზული ყურადღება დაუთმონ მშობლებმა, რადგან არაჯანსაღ გარემოში ბავშვის ყოფნა სავალალო და ფატალური შედეგების მომტანია.

ავტორი: სალომე ხორავა