მიუხედავად ახალგაზრდობისა ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე მუდმივად დამკვირვებლის როლში ყოფნა საშუალებას მაძლევს, რომ საინტერესო ცხოვრების გაკვეთილები აღმოვაჩინო, როგორც ჩემი დაკვირვების უშუალო სფეროში(ეკონომიკაში), ასევე ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ადამიანურ ურთიერთობებში.
როგორც მოგეხსენებათ, ადამიანური ურთიერთობების ღერძს დედა-შვილური ურთიერთობები წარმოადგენს. ამიტომ თავი ვალდებულად ჩავთვალე ქართველი დედებისათვის და ფართო საზოგადოებისათვის გამეზიარებინა ის, ჩემის აზრით, მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც სულც ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე.
გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ როგორც უმეტესი ქართველისათვის, ჩემს ცხოვრებაშიც განსაკუთრებული ადგილი აქვს ბავშვების სიყვარულსა და მათზე ზრუნვას. შესაბამისად, ყოველთვის ყურადღებით ვარ, რომ სათანადო მზრუნველობა და სითბო გამოვიჩინო იმ ბავშვების მიმართ, რომელთაც ჩემს გარშემო უხდებათ ცხოვრება (ანდა პირიქით).
ჩემს სიახლოვეს ცხოვრობს ერთი ფინანსური პრობლემების მქონე ახალგაზრდა ოჯახი (მათ სახელებსაც დავასახელებდი წერილის შინაარსზე რაიმე დადებითი გავლენის მოხდენა რომ შეეძლოს), რომლესაც ბრწყინვალე ბავშვი ჰყავთ. ეს ბავშვი თავისი განსაკუთრებული ენერგიულობისა და ოჯახის ეკონომიკური პირობების გამო, მუდმივად არის ჩემს გონებაში და როდესაც შანსი მაქვს ყოველთვის მინდა გამოვიყენო, რომ გავახარო. სწორედ ასეთი შანსი მომეცა რამოდენიმე დღის წინ, როდესაც მაღაზიაში შევხვდი ამ დედა-შვილს. გავუღიმე ბავშვს, ხელი ჩავკიდე და ვკითხე: რომელო შოკოლადი გინდა? ბავშვის ნაცვლად დედის პასუხი გავიგონე: არ უყვარს შოკოლადი. დედის დამორცხვებულმა სიტყვებმა და ბავშვის ნაღვლიანმა თვალებმა ძალიან დამაღონა, თუმცა მაშინვე მოვიკრიბე ძალა, გავიღიმე და ბავშვს ჩემი გემოვნებით შევურჩიე შოკოლადი, რადგან მივხვდი, რომ დედა-შვილს ძალიან უჭირდათ ამ უმნიშვნელო საჩუქარის მიღებაზე დათანმება.
როდესაც მაღაზიიდან სახლში ვბუნდებოდი, გონებაში კვლავ მქონდა დედის პასუხი: არ უყვარს შოკოლადი. ამ პასუხმა ემოციური თვალსაზრისით ძალიან იმოქმედა ჩემზე. სწორედ ამ შემთხვევაზე ვფიქრობდი, როდესაც მსგავსი შინაარსის კიდევ სამი შემთხვევა გამახსენდა ამ დედა-შვილთან დაკავშირებით. როდესაც ბავშვს დაბადების დღეზე სათამაშო ვაჩუქე, დედამისმა მითხრა, რომ არ უყვარს ბავშვს სათამაშოებით გართობა. როდესაც პოლონეთიდან ბავშვს საჩუქრად წიგნი ჩამოვუტანე დედამისმა მითხრა, რომ ბავშვს არ უყვარს კითხვა და არ უნდა შევწუხებულიყავი. როდესაც ზაფხულში ამ ბავშვს მზის ქუდი ვუყიდე დედამისმა მითხრა, რომ არ უყვარდა ბავშვს ქუდის ტარება.
ეტყობა ადრე სათანადო ყურადრებას არ ვაქცევდი ამ ფაქტებს, მაგრამ უკანასკნელმა შემთხვევამ, რომელიც შოკოლადს შეეხებოდა, დამაფიქრა და დედებისათვის აუცილებელი ცხოვრების გაკვეთილიც აღმოვაჩინე.
ძვირფასო დედებო, თქვენს შვილებს უყვართ:
• შოკოლადი;
• სათამაშოები;
• წიგნები;
• ტანსაცმელი.
რა თქმა უნდა, ეს თქვენც კარგად იცით, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, როდესაც შვილებისათვის ამ ყველაფრის შეძენის საშუალება არ გაქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვების ემოციურ ინტელექტზე დამატებითი სტრესის მიყენება საუკეთესო გამოსავალია. არც ისაა სწორი გამოსავალი, რომ ადამიანური პატივმოყვარეობის გამო შვილებს სიტკბოს, გართობის, განათლებისა და სილამაზის განცდა-დაუფლების პროცესში შეუშალოთ ხელი.
გულწრფელი დახმარების მიღებაზე დათანხმება ნამდვილად არაა მორალურად გაუმართლებული ან დამამცირებელი ქმედება. პირიქით, ეს თქვენი, როგორც მზრუნველი დედის, უშუალო ვალდებულებაა. ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ. ამიტომ, ყველანი თანასწორნი ვართ უფლის წინაშე. უფალი კი გვასწავლის, რომ ისევე უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. ამიტომ დახმარების გაწევა და დასახმარებლის მიერ ამ დახმარების მიღება ქრისტიანული მორალის ქვაკუთხედი და იმპერატივია.
ამ წერილის მიზანს არ წარმოადგენდა საკუთარი ცხოვრების გარკვეული დეტალების საჯაროდ გამოტანა. პირიქით, ამ ნაბიჯის გადაგმა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იმ გაკვეთილის დიდი მნიშვნელობიდან, რომელიც გაგიზიარეთ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ეს გამეკეთებინა. ჩემს მიზანს, ქართველი დედებისა და ფართო საზოგადოების ზემოაღნიშნუულ საკითხზე დაფიქრება წარმოადგენდა. მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ დედებისათვის მეთქვა: ჭეშმარიტად ქართველისათვის, დედობა უკვე გმირობაა და ის „ემოციური ტყუილები“, რომელსაც შეიძლება ამბობთ ხოლმე, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს და უფრო მეტიც, მხოლოდ თქვენივე შვილების საზიანოდ დაილექება ქვეცნობიერში.
პ.ს. საკუთარი ბავშვობის შესახებ მწირი მეხსიერების გამო ვერ გეტყვით იყო თუ არა დედაჩემისთვისაც ნაცნობი ზემოაღნიშნული მდგომარეობა.
გივი კუპატაძე (ეკონომიკის მკვლევარი)