Skip to content

„დიდი და პატარა მგელი“ – ამბავი მეგობრობაზე

„დიდი  და პატარა მგელი“ ფრანგი ავტორის მიერ დაწერილი ზღაპარია. მწერალი ოსტატობითა და მგრძნობელობით გადმოგვცემს ამბავს, რომელიც გვაჩვევს მარტოობაზე ფიქრს, სოლიდარობას, გვანახებს ეგოსა და სიყვარულის უნარის ურთიერთკავშირს… ყველაფერს, რაც მეგობრობის ჯავშანს წარმოადგენს.

დასაწყისში ჩვენ ვხედავთ ხის ქვეშ უდარდელად წამოწოლილ მგელს. ის ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში ერთი ჩვეულებრივი დღე დგას, თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა. სწორედ ამ დროს ჰორიზონტზე პატარა ლურჯი ფიგურა გამოჩნდება.

„დიდ მგელს შიშისაგან გააცივა, ფიქრობდა, ახალმოსული სინამდვილეში უფრო დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ როცა უცხო ახლოს მივიდა, ის პატარა მგელი აღმოჩნდა. დიდმა მგელმა შვებით ამოისუნთქა.“

თავდაპირველად მათ ჩუმად დაიწყეს ერთმანეთის დაკვირვება.  ეჭვნარევი ყურადღება  დამხვდურ მგელს მზრუნველობაში გადაეზარდა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ჩნდება მის გულში ახალი გრძნობა და ცდილობს თვითგამორკვევას, რა არის ეს გრძნობა.

„დადგა ღამე. პატარა მგელი დარჩა, რაც  დიდს არც თუ ისე მოეწონა.  ბოლოს და ბოლოს, ეს ხე ყოველთვის მისი ხე იყო. როცა დიდი მგელი დასაძინებლად დაწვა, პატარა მგელმაც გამონახა ადგილი მის გვერდით ხის ქვეშ. ცოტა ხანში სიცივისგან კანკალი აუტყდა, დიდმა მგელმა მას ფოთლების გადასაფარებლის კუთხე უწილადა. იფიქრა, ეს საკამრისი აღმოჩნდებოდა.

გათენდა თუ არა, დიდმა მგელმა ჩვეულ რუტინას მიმართა და ვარჯიში დაიწყო, პატარამაც მას მიბაძა, ჩუმად იმეორებდა სავარჯიშოებს.  გასაოცარი იყო მისი სიმამაცე და გულმოდგინება.

მერე სეირნობის ჟამიც დადგა. ახალმოსახლე ხის ქვეშ დატოვა  მგელმა და ტყისკენ გაუყვა გზას. თან უკან იხედებდა და ამოწმებდა, ისევ იქ იჯდა თუ არა ლურჯი წერტილი. როცა ხის ქვეშ მჯდომარე პატარა მგელს დაინახავდა, დიდს ეღიმებოდა „

საღამოს, შინ დაბრუნებისას დიდმა მგელმა ხესთან ლურჯი წერტილი ვეღარ შენიშნა. თავდაპირველად საკუთარი თავი დაარწმუნა,  შორს იმყოფებოდა და ამიტომ ვერ არჩევდა. მაგრამ, როცა ვრცელი მინდორი გადიარა, კვლავ ვერაფერი შენიშნა…

გაიქცა მგელი ხისკენ…

იქ, მართლაც აღარავინ იყო.

„დიდმა მგელმა ცხოვრებაში პირვლად იგრძნო სიცარიელე. მის ხესთან არავინ იჯდა, არც დიდი, არც პატარა… ყველაფერი უწინდელივით იყო… მხოლოდ ახლა მგელმა მოიწყინა…

იმ საღამოს არც უჭამია და არც უძინია, ის უცდიდა…

საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ მის გულში ვიღაცამ ადგილი დაიკავა, დიდი ადგილი.

მგელიც უცდიდა და უცდიდა…

უცდიდა უმიზეზოდ და უსეზონოდ.

ერთ დღესაც ჰორიზონტზე პატარა ლურჯი წერტილი კვლავ გამოჩნდა და მგლის გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა.

„სად იყავი ?“ – ვერ მოითმინა და ჰკითხა მოსულს.

„აქვე, ქვემოთ.“ -უპასუხა პატარა მგელმა.

„იცი, უშენოდ თავს მარტო ვგრძნობდი !“

„მეც, მეც მარტოსული ვიყავი უშენოდ!“ – პატარა მგელმა ახლოს მიიწია დიდისკენ, ნაზად მიეყრდნო თავით მის მხრებს და ორივემ ბედნიერება იგრძნო.

ასე გადაწყდა, რომ პატარა მგელი მასთან დარჩებოდა.

ეს არის მგრძნობიარე ზღაპარი მარტოობაზე, ურთიერშეჩვევაზე და იმაზე, როგორ გარდაგვქმნის მეგობრობა.