პარლამენტის ქუთაისში გადასვლის საკითხი უკვე ახალი აღარაა, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე არ წყდება დისკუსიები ამ გადაწყვეტილებს ავ–კარგიანობის შესახებ. ხელისუფლებას მის სისწორეში ეჭვი არ ეპარება და მისი შეუქცევადობისათვის პარლამენტის ამჟამინდელი შენობის გაყიდვისთვისაც კი მზადაა, ოპოზიციას კი ქუთაისური პარლამენტის შენობისთვის საკანონმდებლოს მაგივრად საკონცერტო, ხანაც საუნივერსიტეტო ფუნქციის მინიჭება სურს. მიუხედავად ამ ყველაფრისა ვფიქრობ დღემდე არ გამოქვეყნებულა ობიექტური, კვალიფიციური ანალიზი ამ გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებისა და მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესახებ. სწორედ ამის გაკეთებას შევეცდები ამ სტატიის ფარგლებში.
იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი ნათელი და ადვილად აღსაქმელი იყოს შევიმუშავე შეფასების სისტემა, კერძოდ თითოეული არგუმენტს შევაფასებ პლიუს ან მინუს ნიშნით (იმის მიხედვით ეს არგუმენტი მხარს უჭერს თუ ეწინააღმდეგება პარლამენტის გადატანის იდეას), მაქსიმალური მხარდამჭრი არგუმენტის შეფასება იქნება +10 და შესაბამისად საწინააღმდეგოს -10. საწყის ათვლის წერტილად კი ავიღოთ 0. შესაბამისად ამ იდეის ავ–კარგიანობა დამოკიდებული იქნება საბოლოო რიცხვზე, იქნება ის დადებითი თუ უარყოფითი. მაშ ასე დავიწყოთ.
პირველი რასაც პარალმენტის ქუთაისში გადატანის მოწინააღმდეგეებისაგან მოვისმენთ არის ის, რომ პარლამენტი უნდა იყოს ქვეყნის დედაქალაქში. რაც ვფიქრობთ სავსებით ლეგიტიმური არგუმენტია, დედაქალაქი ხომ როგორც წესი გულისხმობს იმას, რომ ეს არის ქალაქი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს. თუმცა თუ ობიექტურები ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ არ არსებობს საყოველთაოდ აღიარებული, დადგენილი წესი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს დედაქალაქი და როგორი უნდა იყოს ის. ნებისმიერ ენციკლოპედიაში თუ განმარტებით ლექსიკონში სიტყვა დედაქალაქის განმარტებაში ხშირად შეხვდებით სიტყვებს „როგორც წესი“. მაგალითად როგორც წესი ქვეყნის დედაქალაქის მდებარეობა განისაზღვრება კონსტიტუციით ან კანონით, თუმცა პარიზს რეალურად მხოლოდ იმიტომ მოიხსენიებენ საფრანგეთის დედაქალაქად, რომ იქ მდებარეობს პრეზიდენტისა და მთავრობის ოფისები, ასევე პარიზია ნაციონალური ასამბლეისა და სენატის მუდმივი ადგილსამყოფელი (თუმცა მათი ერთობლივი სხდომები, ვერსალში იმართება). არ არსებობს არცერთი სამართლებრივი აქტი სადაც წერია, რომ პარიზი საფრანგეთის დედაქალაქია. ასევე როგორც წესი დედაქალაქი წარმოადგენს ქვეყნის ძირითადი სახელისუფლო ორგანოების მუდმივ ადგილსამყოფელს, თუმცა ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში არც პარლამენტია არც მთავრობა და არც მონარქის სასახლე, ეს ყველაფერი ჰააგაშია. ამასთან ამერიკის, გერმანიის თუ თურქეთის მაგალითზე ვფიქრობთ ყოველგვარი მსჯელობის გარეშეც ნათელია, რომ დედაქალაქი იმთავითვე არც ქვეყნის ეკონომიკის მთავარ „ცენტრობას“ გულისხმობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობ არგუმენტი პარლამენტის აუცილებად დედაქალქში ყოფნის შესახებ მცირეოდენი გაანალიზების შემდეგ თავის ეფექტს კარგავს რის გამოც მას მაქსიმალური -10 კოეფიციენტიდან მე -2-ს მივანიჭებდი.
შემდეგი მინუსი არის ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ჯერ შენობის მშენებლობასთან, და შემდგომ მთავრობის წარმომადგენლების თუ თავად პარლამენტარების მგზავრობასთან ქუთაისიდან თბილისში და პირიქით. ეს ვფიქრობ ბევრად მნიშვნელოვანი არგუმენტია ვიდრე ის, რომ პარლამენტი დედაქალაში უნდა იყოს. პარლამენტის მშენებლობის ხარჯებმა უკვე 134 მილიონს მიაღწია, ეს მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ შენობის გარე ფასადი და სხდომების დარბაზია დასრულებული, და ასევე საწყის ეტაპზეა შენობის იმ ნაწილის მშენებლობა რომელშიც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები უნდა განთავსდნენ, შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოდ რომ პარლამენტის გადატანის პირველადი ღირებულება 200 მილიონს გადაცდება, რაც ქვეყნის ერთიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0,5%–ია, ეს კი რეალურად ვფიქრობ საკმაოდ მაღალი ციფრია. შესაბამისად მოცემულ არგუმენტს -7–ს მივანიჭებ.
კიდევ ერთი უარყოფითი არგუმენტი არის ის, რომ პარლამენტის ამჟამინდელი თანამშრომლების დიდი ნაწილი სავარაუდოდ ვერ შეძლებს გადავიდეს საცხოვრებლად ქუთაისში, შესაბამისად დაკარგავს თავის სამსახურს, ასეთი კი რამდენიმე ასეულია. რაც ერთის მხრივ არ არის სუსტი არგუმენტი, მაგრამ მეორეს მხრივ როცა ეროვნულ ინტერესებსა და მასშტაბებზე ვსაუბრობთ ძნელია ამ არგუმენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა მივცეთ შესაბამისად მას მე მხოლოდ –2 მივანიჭებდი.
შედეგად უარყოფით არგუმენტების საბოლოო კოეფიციენტი გამოვიდა -11.
ახლა რაც შეეხება უპირატესობებს, აქაც პირველს რასაც ამ იდეის მომხრეებისაგან მოვისმენთ არის ის, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. იქ სადაც ქვეყნის პარლამენტია ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებშიც კი აუცილებლად არის, რამდენიმე მაღალი დონის სასტუმრო და აეროპორტი, ორივე მათგანი კი ნებისმიერ თანამედროვე ქალაქს სჭირდება განვითარებისათვის, ამას გარდა პალამენტის ბიუჯეტმა 2012 წელს 40 მილიონი ლარი შეადგინა, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა მთლიანად ქუთაისში დარჩება, მაგრამ მისი ნახევარიც კი ქუთაისისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი თანხაა, შესაბამისად ამ არგუმენტს მე მაქსიმალური +10 დან +7–ს მივანიჭებ.
მომდევნო არგუმენტად სახელდება ქვეყნის მართვაში და ზოგადად ეროვნული მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა/განხილვის პროცესში რეგიონის მოსახლეობის ჩართვის ხელშწყობა. ეს არგუმენტი ერთის მხრივ კარგად ჟღერს და რეალურადაც დასავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუადვილდება პარალმენტისა და მისი კომიტეტების სხდომებზე დასწრება და საკუთარი აზრის დაფიქსირება, ასევე მაჟორიტარი დეპუტატებისათვის „ხმის მიწვდენა“, თუმცა მეორეს მხრივ ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაურთულებს აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს. გარდა ამისა პარლამენტის მუშაობაში რეგიონების ჩართულობა პირველ რიგში ამ რეგიონის დეპუტატების აქტიურობამ და არა პარლამენტთან ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამ უნდა უზრუნველყოს, შესამაბისად მაქსიმალური 10–დან ამ არგუმენტს მხოლოდ +1–ს მივანიჭებდი.
პარლამენტის ქუთაისში გადატანის კიდევ ერთ არგუმენტს ვფიქრობ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება წარმოადგენს. როდესაც ქვეყნის დედაქალაქიდან 40 კმ–ის დაშორებით დგას მტრის ჯარი (სხვანაირად უბრალოდ არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდო სამხედროებს, რომლებიც შენი ქვეყნის ტერიტორიაზე შენი სურვილის და საწინააღმდეგოდ დგანან) ხვდები, რომ ფართო და ღია აგრესიის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს აქვს ძალიან დიდი უპირატესობა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრის დაკავების მცდელობის შემთხვევაში, შესაბამისად თუკი შესაძლო სცენარებიდან ყველაზე უარესს განვიხილავთ მივიღებთ იმას, რომ მოწინააღმდეგეს შემოჭრის შემთხვევაში ქვეყანაზე სრული კონტროლის დასამყარებლად მოუწევს არა მხოლოდ თბილისის არამედ ქუთაისის დაკავებაც, რაც დამატებით უპირატესობას აძლევს ჩვენს სახელმწიფოს. ეს არგუმენტი ერთის მხრივ ზედმეტად აბსტრაქტულად ჟღერს მაგრამ დამეთანხმეთ 2008 წლის დასაწყისში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე თვეში თბილისლებს რუსული რაკეტების აფეთქების ხმა გააღვიძებდა. ასე რომ იმისათვის, რომ იყო მშვიდად ყოველთვის სჯობს იყო მზად უარესისათვის.
საბოლოოდ ამ არგუმენტს მე +4 მივანიჭებდი.
შედეგად პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეის დადებითმა კოეფიციენტმა +12 შეადგნია საბოლოო ნაშთად კი +1 მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე მაგრამ მაინც გარკვეული უპირატესობა გააჩნია ზემოაღნიშნულ ინიციატივას.
მიუხედავად, იმისა, რომ ვეცადე ვყოფილიყავი მაქსიმალურად ობიექტური შესაძლებელია რაიმე არგუმენტი გამომრჩა, ან რომელიმე მათგანს ზედმეტად დიდი/მცირე მნიშვნელობა მივანიჭე, თუმცა ამ ყველაფრის დაფიქსირება და მსჯელობის გაგრძელება კომენტარების მეშვეობით შეგვიძლია.
ლევან ნიშნიანიძის ანალიზი