Skip to content

რატომ შემცირდა უმუშევრობა

ახლახანს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდა 2011 წლის შრომის ბაზრის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაცია. აშკარად თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ 2011 წლისათვის უმუშევრობის დონემ 15,1% –ი შეადგინა, ანუ 2010 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 1.2% –ით შემცირდა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობის დაახლოებით 25% –ი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, უმუშევრობის დონის შემცირების შესახებ ინფორმაციამ ერთდროულად გაგვახარა და გაგვაკვირვა. ამიტომ 4მოტივმა, ამ საკითში უკეთესად გარკვევის მიზნით, შეკითხვებით ეკონომიკის მკვლევარ–ანალიტიკოს გივი კუპატაძეს მიმართა: 
4მოტივი: ბატონო გივი, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია უმუშევრობის დონის შემცირება?  
გივი კუპატაძე: ქვეყანაში საგზაო და ზოგადად ინფრასტრუქტურული მშენებლობის მაღალი ტემპებია, რაც დროის მცირე მონაკვეთში იძლევა დასაქმებულთა რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდის შესაძლებლობას. შესაბამისად, 2011 წლისათვის უმუშევრობის დონის შემცირების ერთ–ერთ მთავარ განმაპირობებლ მიზეზად ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება შეგვიძლია მივიჩნიოთ. სწორედ ინფრასტრუქტურული მშნებლობის აქტიურობით შეიძლება აიხსნას 2011 წლისათვის 2010 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა დაახლოებით 14 ათასი კაცით ზრდა. 
4მოტივი: ანუ 2011 წელს უმუშევრობის დონის შემცირება განპირობებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებით? 
 გივი კუპატაძე: როგორც აღვნიშნე, ინფრასტრუქტურული პროექტები იყო ერთ–ერთი მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზე 2011 წელს უმუშევრობის დონის შემცირებისა. დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ქვეყნის ტურისტული განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადებამაც. სწორედ ამის გამო, ადამიანებმა დაიწყეს მცირე ზომის სასტუმროების მოწყობა და სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანა, რაც აისახა კიდეც თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში. კერძოდ, 2011 წელს 2010 წელთან შედარებით თვითდასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 18 ათასი კაცით გაიზარდა და ჩემი ვარაუდით, ამ ადამიანების უმრავლესობის გააქტიურება, სწორედ ტურისტული განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტად გამოცხადების შედეგი უნდა იყოს.  
4მოტივი: შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით სვლას უმუშევრობის დონე სტაბილურად შემცირდება?
გივი კუპატაძე: ძნელია ასეთი დასკვნის გაკეთება, თუმცა შესაძლებელი ყველაფერია. უფრო მეტიც, ინტრასტრუქტურული პროექტები ვერ იქცევა სამუშაო ადგილების შექმნის სტაბილურ წყაროდ, რადგან ეს პროექტები ძირითადად სახელმწიფო ხარჯებით ხორციელდება და არა კერძო ინიციატივებით. ეს ნიშნავს, რომ როგორც დასრულდება ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მაშინვე უმუშევრობის საფრთხის წინაშე დადგება ყველა ის ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებულები. თუმცა, ქალაქ ლაზიკას პროექტის რეალიზების შემთხვევაში, მომდევნო 3–5 წლის განმავლობაში უნდა ვივარაუდოთ, რომ უმუშევრობის დონე უმნიშვნელოდ, მაგრამ სტაბილურად შემცირდება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების შედეგად თვითდასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის გაზრდის ხარჯზე. 
4მოტივი: როგორია ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის თქვენეული გზა? გივი კუპატაძე: დამუშავებული მაქვს უმუშევრობის პრობლემის სისტემური და უნიკალური კონცეფცია. მას ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსები, ეკონომისტები და მეცნიერებიც იცნობენ და იზიარებენ. ამიტომ მჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც დღისწესრიგში დადგება მისი იმპლემენტაციის საკითხი. თუმცა ამ მოკლე ინტერვიუში გამიჭირდება მისი ახსნა და ამიტომ ჩემს ზოგად შეხედულებას გაგიზიარებთ უმუშევრობის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. მთავარი ამ საკითხში იმის გაცნობიერებაა, რომ კერძო მეწარმეობის განვითარების გარდა არ არსებობს სხვა გზა სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდისათვის. შესაბამისად, აუცილებელია კერძო ინიციატივების წახალისებისათვის ხელშემწყობი სოციალურ–ეკონომიკური გარემოს შექმნა. უმუშევრობა არ არის პრობლემა, რომელიც ხელის ერთი მოძრაობით შეიძლება მოგვარდეს. სტრატეგიული და თანმიმდევრული პოლიტიკის შექმნა სჭირდება მის გადაჭრას, ხოლო ჩემი ღრმა რწმენით, ამ სტრატეგიის შექმნისა და რეალიზებისათვის პირველი ნაბიჯი, სკოლებში მეწარმეობის სასწავლო საგნად ჩასმაა. ახალგაზრდებს ბავშვობიდანვე უნდა მიეცეთ მეწარმედ ყოფნის მოტივაცია და შთაგონება. სწორედ ეს არის ის გრძელვადიანი გზა, რომელსაც სტაბილური სამუშაო ადგილების შემნა და უმუშევრობის პრობლემის დაძლევა ეფუძნება.  
4მოტივი: დიდი მადლობა ბატონო გივი, რომ გამონახეთ დრო და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.  
გივი კუპატაძე: ყოველთვის დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ საკუთარ შეხედულებებს თქვენი მკითხველის უკეთესად ინფორმირებისათვის.