ჩარლი ჩაპლინი:
ვწუხვარ, მაგრამ არ მსურს ვიყო იმპერატორი. ეს არ არის ჩემი საქმე. არ მინდა ვმართო ან დავიპყრო ვინმე. მსურს დავეხმარო ყველას, რამდენადაც შესაძლებელი იქნება: ებრაელებს, წარმართებს, შავკანიანებს, თუ თეთრკანიანებს. ჩვენ, ყველას გვსურს დავეხმაროთ ერთმანეთს, ეს ადამიანების ბუნებაშია. გვსურს ვიცხოვროთ ერთმანეთის ბედნიერებით და არა ერთიმეორის სიღარიბით. ჩვენ არ გვსურს გვძულდეს ერთმანეთი…
საოცარი დედამიწა მდიდარია და მას შეუძლია ეს სიმდიდრე ყველას გაუზიაროს. ცხოვრება შეიძლებოდა მეტად თავისუფალი და მშვენიერი ყოფილიყო , მაგრამ ჩვენ გზა დავკარგეთ… სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიოს აქვს სიძულვილის ბარიკადები აღმართული და ჩვენც უაზროდ მივაბიჯებთ ამ სისხლისღვრაში.
თითქოსდა წინ მივიწევთ, მაგრამ გაუთვიცნობიერებლად ვაფერხებთ საკუთარ თავს. ტექნოლოგიებმა მუდმივი სურვილის მდგომარეობაში ჩაგვაგდო. საკუთარმა ცოდნამ ცინიკოსები გაგვხადა და ნიჭიერებამ გაგვაბოროტა.ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას.
არადა ტექნოლოგიებზე მეტად ადამიანობა გვჭირდება და სიჭკვიანეზე მეტად კი კეთილშობილება და შემწყნარებლობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.
თვითმფრინავებმა და რადიომ დაგვაახლოვა ერთმანეთს. ეს გამოგონებები ადამიანთა სიკეთის, უნივერსალური ძმობისა და გაერთიანებისათვის შეიქმნა. თუნდაც ახლა, ჩემი ხმა მილიონობით ადამიანამდე აღწევს. ძალადობამ ცხოვრება სატანჯველად აქცია და უამრავი უდანაშაულო ადამიანები ცოდვაში ჩადგა ფეხი. მათ, ვინც ახლა მისმენს შემიძლია ვუთხრა: ნუ დაეცემით. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეში ვცხოვრობთ, დაივიწყეთ სიხარბე და სიმწარე. ადამიანების ურთიერთსიძულვილი დამთავრდება, დიქტატორი მოკვდება და ის ძალაუფლება, რომელიც მან ხალხს წაართვა, ხალხსვე დაუბრუნდება.
ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, მაგრამ თავისუფლება არ იღუპება. ჯარისკაცებო, ნუ მისცემთ საკუთარ თავს მათ, ვისაც ეზიზღებით და გიმონებენ, რომლებიც ადგენენ თქვენი ცხოვრების წესს, გეუბნებიან რა იფიქროთ და იგრძნოთ, რომლებიც გაწვალებენ, გეპყრობიან როგორც პირუტყვს და გიყენებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს. არ ჩააგდოთ თავები ასეთი ადამიანების ხელში, ისინი ადამიანები კი არა მანქანები არიან, მანქანების გონებითა და გულით. თქვენ არ ხართ მანქანები! თქვენ არ ხართ პირუტყვები! თქვენ ადამიანები ხართ!!! თქვენ გულებში კაცობრიობის სიყვარული სუფევს. არ შეიძულოთ, რადგან ეს არაბუნებრივია თქვენთვის. ჯარისკაცებო, ნუ იბრძოლებთ დამონებისათვის, იბრძოლეთ თავისუფლებისათვის.
წმინდა ლუკამ თქვა: “უფლის სამეფო ადამიანშია.” არა ერთ რომელიმე ადამიანში, ან ადამიანთა ჯგუფში, არამედ ყოველ ადამიანში და მათ შორის თქვენშიც. თქვენ გაქვთ ძალა, რომ შექმნათ მანქანები და ძალა რომ შექმნათ ბედნიერება. თქვენ შეგწევთ ძალა, რომ შექმნათ თავისუფალი და მშვენიერი ცხოვრება და აქციოთ ეს სამყარო ლამაზ თავგადასავლად.
დემოკრატიის სახელით გამოვიყენოთ ეს ძალა, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ახალი სამყაროსათვის. მსოფლიოსათვის, რომელიც ადამიანს შრომის საშუალებას მისცემს – ახალგაზრდებს მომავალს და მოხუცებს კი უსაფრთხოებას. ულმობელი და ცხოველი ადამიანებიც დაგპირდებიან ამ ყველაფერს, მაგრამ ისინი მატყუარები არიან და პირობებს არ ასრულებენ. დიქტატორები საკუთარ თავს ათავისუფლებენ, მაგრამ ადამიანებს იმონებენ. ახლა კი დროა ვიბრძოლოთ ამ პირობების შესრულებისათვის, ვიბრძოლოთ მსოფლიოს განთავისუფლებისათვის, მოვშალოთ ეროვნული ბარიერები, გავაქროთ სიხარბე, სიძულვილი და არატოლერანტობა. მოდით ვიბრძოლოთ მშვიდობიანი მსოფლიოსათვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი წარგვიძღვება თითუეული ჩვენთაგანს ბედნიერებისაკენ. ჯარისკაცებო, დემოკრატიის სახელით გავერთიანდეთ! (ხანგძლივი ტაშის კვრა და ოვაციები)
აიხედე მაღლა, მაღლა აიხედე. ღრუბლები ირწევიან, მზე აცხუნებს და ჩვენც სიბნელიდან სინათლისაკენ მივექანებით! მივდივართ ახალ სამყაროში – კეთილ სამყაროში, სადაც ადამიანობა სიხარბეზე, სისასტიკესა და სიძულვილზე მაღლა დგას! სადაც ადამიანის სულისათვის ფრთები შეუსხიათ და საბოლოოდ მიუციათ შესაძლებლობა იმისა, რომ იფრინოს. და ისიც დაფრინავს, დაფრინავს ცისარტყელისკენ… იმედის ფერებში, ჩვენს მომავალში – დიდებულ მომავალში, რომელიც შენ გეკუთვნის და მე.. და ყველა ჩვენთაგანს… აიხედე მაღლა, მაღლა აიხედე…
სიტყვა რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ მოყვანილია ჩარლი ჩაპლინის ფილმიდან “დიდი დიქტატორი”. როგორც ამბობენ, ჰიტლერმა ამ ფილმს ორჯერ უყურა თავისი სიცოცხლის განმავლობაში.
თარგმანი: motivi.com