Skip to content

წარმატების საიდუმლო ინტერესთა კონცენტრაციაა ცხოვრებაში – წერილი ჯექსონ პოლოკს

1928 წელს, ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა, ჯექსონ პოლოკმა, მამისგან წერილი მიიღო.
ძვირფასო შვილო,
არც თუ დიდი ხანია მას შემდეგ, რაც შენი მშვენიერი წერილი მივიღე. მეამაყება როცა ჩემი ხუთი შვილისგან წერილებს ვიღებ. თქვენი წერილები სიცოცხლით, ინტერესით, ამბიციითა და კარგი ყმაწვილკაცობით არის გაჯერებული და ეს ჩემს მოხუც გულს სიხარულითა და მადლიერების გრძნობით ავსებს. მესიამოვნა როცა შენი საზაფხულო სამუშაოსა და მომავალი სასკოლო წლის შესახებ მომიყევი. წარმატების საიდუმლო ინტერესთა კონცენტრაციაა ცხოვრებაში: მიზანმიმართული ინტერესი სპორტისა და გართობის მიმართ, ინტერესი სწავლის მიმართ,ინტერესი ბუნების პატარა საგნების მიმართ – მწერების, ფრინველების, ყვავილების,ფოთლების და ა.შ
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს შენში არსებული სრული პოტენციალის გაღვიძებაა. რაც უფრო მეტად გაინტერესებს, მით უფრო მეტს სწავლობ და როცა სწავლობ რამეს, მეტად აფასებ კიდეც მას – მხოლოდ ასე მიიღწევა სიამოვნება და ბედნიერება ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა,არ ვფიქრობ რომ ახალგაზრდა ყმაწვილი ზედმეტად სერიოზული უნდა იყოს, ხალისიც არ უნდა აკლდეს, რათა ადვილად შეინარჩუნოს ბალანსი.
მომწონს შენი ფილოსოფია რელიგიის შესახებ. ვფიქრობ ყოველი პიროვნება საკუთარი შინაგანი ცნობიერების კარნახით უნდა ფიქრობდეს და მოქმედებდეს და არაა საჭირო ზედმეტი გარე ძალების ჩარევა. მეც ვფიქრობ რომ არსებობს ძლიერი ძალა, რომელიც სამყაროს აკონტროლებს. რა არის ეს, ან რა ფორმა აქვს ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება ჩვენი სული ან ინტელექტი სხვა ფორმითაც არსებობს სივრცეში, ჩვენი სხეულისგან დამოუკიდებლად. არაფერია შეუძლებელი და ჩვენ ვიცით, რომ ბუნებაში სრულად არაფერი ნადგურდება, საგნები მხოლოდ ქიმიურ ცვლილებებს განიცდიან. ჩვენ ვწვავთ სახლს და ავეჯს, ვცვლით ფორმას, თუმცა ელემენტები მაინც არსებობენ: გაზი,ორთქლი, ფერფლი.
დედათქვენისგანაც მივიღე წერილი, ძალიან მიხარია მისი წერილების მიღებაც.  მე და დედათქვენი სრულ ფინანსურ კრიზისში აღმოვჩნდით, თუმცა თუ ჩვენი შვილები კარგი და საამაყო მოქალაქეები იქნებიან, განა ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს და როცა ვიცით რომ ეს სიმართლეა, რატომ არ უნდა გვიხაროდეს?
აქ არც ისე კარგი ამინდებია, თუმცა ვფიქრობ რომ მუდამ ასე არ გასტანს. არ ვიცი რას გავაკეთებ, ან მექნება თუ არა სამსახური, როცა აქაურობას დავტოვებ, თუმცა ამაზე არ ვდარდობ, რადგან არ ღირს დარდი იმაზე, რასაც ვერ შეცვლი და არც იმაზე რისი შეცვლაც შეგიძლია. მორალი მაინც ერთი და იგივეა: „ნუ იდარდებ“.
მომწერე და მომიყევი შენს შესახებ. აუცილებლად დავაფასებ შენს თავდაჯერებულობას.
მჯერა მუშაობისას ბევრი რთული დღე გქონდა. შემიძლია წარმოვიდგინო კიდეც, მაგრამ სწორედ რთული საგნები გვიმყარებენ ხასიათს და ჯანმრთელობას. ალბათ როცა ამ წერილს კითხულობ დაღლილი ხარ და დასვენება გჭირდება, ასე რომ მშვიდობიან ღამეს და ტკბილ სიზმრებს გისურვებ. დაე, ღმერთმა დაგლოცოს.
შენი მოყვარული მამა
თარგმანი: 4motivi.com