Skip to content

ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია – გოდერძი ჩოხელი

– შენ რომ სთხოვე ღმერთს, იმიტომ შეწყვიტა სეტყვის ჩამოყრა ციდან, ხო, დედიკო? – დარწმუნებულმა მაინც ვკითხე დედას.

– ხო, შვილო, დაილოცოს ღმერთის განგება.
– მუხის დედამ არ სთხოვა? – ვკითხე ისევ და დანანებით გავხედე მუხას, გულიდან რომ ცეცხლი ამოსდიოდა, – რატომ არ სთხოვა, დედი, მუხის დედამ, ჩემს შვილს ცეცხლი არ მოუკიდოო, ჰა?!
– დედა აღარა ჰყავს მაგ მუხას და იმიტომ, შვილო.
– ვინ მოუკლა?
– კაცმა.
– რომელმა კაცმა?
– ცულიანმა?
– მერე შენ რატომ არ სთხოვე, დედი, რომ მუხასაც არაფერი დაუშაოო, შენ ხომ ყველაფერს გიჯერებს ღმერთი, არც მუხას ესროდა მეხს.
– რა ვიცი, ვეღარ მოვიფიქრე, შვილო, – დანანებით თქვა დედაჩემმა და მე უფრო მაგრად დამწყდა გული, რომ ეს ვერ მოიფიქრა დედაჩემმა.

„მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში. ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად.“

ამონარიდი მოთხრობიდან: “ანგელოზთღამეობა”