Skip to content

-შეგიძლია ჩემი შეყვარებული გახდე? მხოლოდ იმ დღემდე, სანამ თოვლი მოვა.

– უცნაური წინადადებაა. ერთმანეთს ნორმალურად არც ვიცნობთ. თან ხომ შეიძლება კვირის ბოლოს მოთოვოს, ან წელს საერთოდ არ ჩამოვარდეს ფანტელი.

-დროის კონკრეტულ მონაკვეთს შეუძლია ბედნიერი, ან უბედური გაგვხადოს და თუ ყოველ მომდევნო დღეს, გულუბრყვილო ადამიანივით იღვიძებ, – გმირის, შეყვარებულის, მეუღლის, პრეზიდენტის, მოღალატის, გენიოსის, ან ნამდვილი სულელის სტატუსს ისე მოგაწებებს, ყველაზე არანორმალურ სიზმარშიც ვერ ნახავ პასუხს – რა მოხდა გუშინ? მე ვცდილობ დროს დავასწრო და ავირჩიო საკუთარი თავისთვის ის სტატუსი, რომელიც უბრალოდ გამართობს, ან ბედნიერს გამხდის.

-მერე?

-მერე, ვანაწევრებ მას და კონკრეტულ პერიოდში სანამ თავად მომძებნის, საკუთარი სტატუსის განსაზღვრას ვცდილობ. მაგალითად ამ ზაფხულს გადავწყვიტე პატრიოტი ვყოფილიყავი. საერთოდ ფეხებზე მკიდია ეს თემა, რაღაც არანორმალურ სამსახურში უნდა მოვხვედრილიყავი, რომ შესაბამისი ეკიპირებით სამი თვე მევლო, მაგრამ ამ შემთხვევაში იქამდე, სანამ ტემპერატურა 9-გრადუსამდე არ დაეცა, ჩვენი ქვეყნის დროშიანი მაისური არ გამიხდია. სიტუაციას ხელიდან არ ვუშვებდი, რომ სანაპიროზე ჩამოსულ ტურისტებთან საუბარი, ჩვენს გმირ მეფეებზე და მათ მიერ მოგებულ ბრძოლებზე არ ჩამომეგდო. განსაკუთრებით მძაფრ პოლემიკაში რუსებთან შევდიოდი, არ ვეშვებოდი, სანამ იმათ პრეზიდენტზე რამე საზიზღრობას არ ვათქმევინებდი. ისე, სიმართლე გითხრა ძნელი აღმოჩნდა ამის კეთება.

-სასაცილო ხარ. აქამდეც ბევრ შეშლილს შევხვედრივარ. შეიძლება ითქვას შენი მსგავსი გოგონებისთვის ნამდვილი თავშესაფარი ვარ, მაგრამ ახლა რასაც ამბობ მასთან მიახლოებულიც არასდროს მსმენია.

-აქამდე ორჯერ ავირჩიე შეყვარებულის სტატუსი, თუ სიტყვაზე მენდობი ძალიან სახალისოა. დილით, ლექციები სანამ დაგვეწყება ყავას გამოგიყოლებ. ყოველი შეხვედრისას ორივე ხელით მაგრად ჩაგეხუტები და 9ჯერ გაკოცებ. ძილის წინ ბევრს ვიფიქრებ, როგორი იყავი ბავშობაში, რაზე ოცნებობდი და მეორე დღეს გკითხავ გამოვიცანი თუ ვერ…

-კარგი, მაგრამ მართლა რომ შეგვიყვარდეს ერთმანეთი და თოვლის მოსვლის შემდეგაც მოგვინდეს ერთად დარჩენა?

– როგორც კი თოვლი მოვა, სხვა გოგოს მოძებნა მოგიწევს. დროის ამ მონაკვეთში კი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არანორმალურად ბედნიერი იყო.

თამაში

– მთელი ღამე ვერ დავიძინე, მერე გამახსენდა, რომ ზაფხულში სანაპიროზე ქვებს ვაგროვებდი. ამ ორი ქვიდან, ერთს შენ აიღებ, ერთს მე და ყოველი შეხვედრისას გავცვლით.

– ამ ცერემონიაზეც რამე განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს?

– კი, ასე ჩვენი სიზმრების ერთმანეთში გადატანას შევძლებთ. ძილის წინ თავქვეშ დადება არ დაგავიწყდეს.

-ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რომ ვიფიქრო, -ამ ყველაფრით არ მასულელებ და შენს მეგობრებთან ერთად საღამოობით, ფინჯან ყავასთან ერთად სიცილით არ კვდები.

– მეგობრები არ მყავს.

-…
-მეგობრებს ყველაზე ადვილად შეუძლიათ დროის მარწუხებში დამაბრუნონ. სულელი უნდა ვიყო, რომ ვინმეს ხანგრძლივად დავუმეგობრდე.

ჩვეულებრივი დღე

-რატომ არ შეიძლება ამ სისულელეებს შეეშვა და ჩვეულებრივი ადამიანივით იცხოვრო? ხომ შეგვიძლია უბრალოდ შეყვარებულები ვიყოთ.

-იმიტომ, რომ ჩემთვის სისულელეს სხვა აღწერილობა აქვს. რამდენიმე წლის წინ სუიციდის მცდელობა მქონდა, დიდხანს ვიდექი სახურავზე და ბოლოს მივხვდი, რომ დრომ შესანიშნავად დამამუშავა იმისვთის, რომ ნამდვილ თვითმკვლელად მეგრძნო თავი. სინამდვილეში კი, შემომხედე ჩემნაირი მხიარული ადამიანები შენი აზრით ცხოვრებას სახურავიდან გადმოხტომით ასრულებენ?

ზარდახშა

– არ მეგონა ასე სწრაფად თუ მოვიდოდა თოვლი, ბედნიერად გრძნობდი თავს?

-იცი? ბევრ ფულს რომ ვიშოვი, დიდ ზარდახშას ვიყიდი და საქორწილო ბეჭდებით ავავსებ. შემდეგ გთხოვ, ცხოვრების ბოლომდე, რამდენჯერაც მოინდომებ მეუღლის სტატუსი აირჩიო, მომძებნო და რომელიმე მათგანი მოირგო.

ავტორი: ტატო გოგოლაძე