Skip to content

შექმნილია სიყვარულით – რესტორნის “ბარბარესთან” წარმატების ისტორია

ყველა ერს რაღაც გამორჩეული ნიშანი ახასიათებს – თვისება, რომლიც მისი სავიზიტო ბარათია. ასე, მაგალითად: გერმანელები შრომისმოყვარეობით, იტალიელები დახვეწილობით, ინგლისელები კი არისტოკრატიული ჩვევებით გამოირჩევიან. ჩვენ, ქართველებს კი სტუმართმოყვარეობა გამოგვდის ყველაზე უკეთ. ეს თვისება საუკუნეების განმავლობაში არსებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ჩამოგვიყალიბა. მუდამ სხვადასხვა კულტურის გასაყარზე გვიწევდა არსებობა და ჩვენ ეკონომიკურ აღმავლობას კეთილმეზობლური ურთიერთობებით ვახერხებდით.

ამის საუკეთესო ისტორიული მაგალითი დავით აღმაშენებელი და მისი ეკონომიკური რეფორმა იყო, რომელმაც „სტუმარს“ მეტი საგადასახადო შეღავათი მისცა, ვიდრე ადგილობრივს. ეს პრაგმატული მიდგომა თაობიდან თაობას გადაეცა და ჩვეულებად გაგვიჯდა სისხლში. იმდენად „ჩვენი“ გახდა, რომ ვაჟას „სტუმრ-მასპინძელისა“ არ იყოს (“აი, სტუმარი მოგგვარე, – ღვთის წყალობაა ჩვენზედა“) ერთგვარ კულტად იქცა სტუმრის პატივისცემა.

კითხვაზე – რა საქმე ვაკეთოთ, რა სფეროში დავიწყოთ ბიზნესი, ტრენერები და კონსულტანტები გვირჩევენ არჩევანი შევაჩეროთ იმაზე, რაც ჩვენშია, რაც ძალიან გვიყვარს: „იპოვეთ ჭეშმარიტი გატაცება და მიდრეკილება. ერთადერთი საშუალება, რაღაც მართლა დიდებული გააკეთოთ, არის ის, რომ გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ.” – სტივ ჯობსი.

რესტორანი „ბარბარესთან“ ადამიანებზე უსაზღვროდ შეყვარებული ათშვილიანი ოჯახისა და პროფესიონალი რესტორატორის პროდუქტია. ქურასბედიანები სრული შემადგენლობით ჩართულები არიან საქმეში და ამას დიდი სიყვარულით აკეთებენ. სიყვარულით იმიტომ, რომ ეს მათი ჭეშმარიტი მოწოდებაა. მათ უყვართ ადამიანები, მათი ბედნიერი და კმაყოფილი სახეები ახარებთ.
14962753_291490484584221_6098124236839836710_n ყველაფერი დაიწყო ზვიად ქურასბედიანისა და მაკა ჯიბუტის სურვილით სტანდარტული რესტორნის ნიადაგზე რაღაც ახალი შეექმნათ.
ზვიადი: „იმისთვის რომ ახალი შექმნა საჭიროა შენ თითონ განვითარდე, რაღაც ახალი ისწავლო. სიახლის წყურვილმა მიგვიყვანა სანდრო ჯეჯელავას სამოტივაციო ტრენინგზე. სანდრომ დაგვაკავშირა „გასტრონავტთან“, სააგენტოსთან, რომელიც ქმნის რესტორნების კონცეფციას.”

ქურასბედიანების ემოციურ მუხტსა და სისხლში გამჯდარ ადამიანების სიყვარულს პროფესიული მხარდაჭერა სჭირდებოდა. ის, რაც სურვილს პროდუქტად აქცევდა და პესპექტივაში ხარისხიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა.
ლევან ქოქიაშვილი (გასტრონავტის დაფუძნებელი): „გადავწყვიტეთ ქართული რესტორანი გაგვეკეთებინა. ერთხელაც, როდესაც მშრალ ხიდზე ძველ ქართულ აქსესუარებს ვეძებდით, წავაწყდით ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების წიგნს. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო არასტანდარტული მენიუს შედგენა და ამ გადასახედიდან ეს წიგნი „ღმერთი საჩუქარად“ მივიჩნიეთ“.
barbarestan-9-kompozicia-web როდესაც წარმატებულ ბიზნეს ვხედავთ, უკვე შემდგარსა და აწყობილს, ვერც კი წარმოგვიდგენია რა სირთულეების გადალახვა იყო საჭირო ამ კონდიციამდე მისასვლელად. გარედან ყველაფერი მარტივად ჩანს, არადა უმეტესწილად მაჰათმა განდისეული ფორმულა მოქმედებს: „თავიდან ძაღლადაც არ გაგდებენ, შემდეგ – დაგცინიან, ბოლოს კი გებრძვიან – ასეთია გზა გამარჯვებისკენ.’’
ზვიადი: „არა ერთ პროფესიონალ მზარეულს შევთავაზეთ ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების მიხედვით გაეკეთებინა მენიუ, არავინ ხელი არ მოკიდა. ბევრს სასაცილოდაც არ ეყო, ვერავის წარმოედგინა, რომ ამ სარისკო ნაბიჯით შედეგის მიღება შეიძლებოდა. ბევრი ძებნისა და მცდელობის შემდეგ საქართველოს კულინარიის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ირწმუნა ჩვენი ამბიციური გეგმების და შექმნა ის საოცარი კერძები, რაც დღეს „ბარბარესთან“ შეგიძლიათ მიირთვათ.“
barbarestan-8-kompozicia-webლევან კობიაშვილი (“ბარბარესთან” შეფმზარეული): “ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ძველი რეცეპტების გაცოცხლებაზე მუშაობა, მაგრამ სტიმული ორმაგი გახდა როდესაც ათშვილიანი ოჯახის მოტივაცია და ჩართულობა დავინახე, ამან განსაკუთრებული ბიძგი მომცა. ბარბარე ჯორჯაძის მრავალფეროვანი რეცეპტების გაცოცხლებაში დიდ როლს თამაშობს ის ფაქტი, რომ ზვიადი და მისი ოჯახი ინტენსიურად გვამარაგებს ცოცხალი პროდუქტებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.”
barbarestan-7-kompozicia-web  „ბარბერასთან“ ვერ იგრძნობ, რომ რესტორანში ხარ. ასე გგონია, ქურასბედიანებს ესტუმრე ოჯახში. აი, ძვირფასი სტუმარი რომ მოვა და მასპინძელი ზედ გადაყვება: გამოუტანს საუკეთესო ჭურჭელს, დიდი ბებიის დანატოვარ ვერცხლის ჩანგლებს, გახსნის საუკეთესო ღვინოს, შეუქმნის იდეალურ გარემოს დახვეწილი ინტერიერისა და მასთან ჰარმონიაში მყოფი მუსიკალური ჰანგების სახით.
ზვიადი: „მთელი ოჯახია ჩართული ამ საქმეში. ჩემი მეუღლე, მაკა ჯიბუტი დიასახლისის ფუქციებს ითავსებს, სტუმრებს ეგებება და მათ მყუდროდ მოთავსებაზე ზრუნავს. ჩემი უფროსი ბიჭები სხვაგან მუშაობდნენ და ორივე წამოვიდა ძველი სამსახურიდან. ახლა თორნიკე ჩვენთან სომელიეს მოვალეობას ასრულებს, ანდრია კი ხარისხის უზრუნველყოფაზე ზრუნავს“.
barbarestan-2-interieri-web რესტორანი „ბარბარესთან“ საქართველოს მე-19 საუკუნის საქრთველოში გამოგზაურებს, ამიტომაც მას ჭარბად ეტანებიან ტურისტები, რომლებმაც უკვე ნახეს ან ახლა აპირებენ მოინახულონ 21-ე საუკუნის საქართველო.
„ბარბარესთან“ საქართველოს წარსულს აცნობ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს, მაგრამ აცნობს არა მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოღვაწე ბარბარე ჯორნაჯის კულინარიული შედევრებითა და კლასიკური ქართული ინტერიერით, არამედ უფრო მეტად უმთავრესი ეროვნული მახასიათებლის – სტუმართ-მასპინძლობის ჩვენებით.
რესტორანი „ბარბარესთან“ „თიბისი ბანკის” ბიზნესდაჯილდოვების ფინალისტია ნომინაციაში წლის ტურისტული ბიზნესი.

მოამზადა ილია ნიკაჭაძემ