Skip to content

ტურისტული ბიზნესის „დიმიტრი გელოვანი“ – “ბანაკი ზეთას” წარმატების ისტორია

როგორია წამატებული ბიზნესი?! ბიზნესი, რომელიც განსაკუთრებული ინვესტიციის გარეშე “იქოქება” და დიდ სიმაღლეებს იპყრობს?!… თუ მსოფლიოში არსებულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, აღმოვაჩენთ, რომ წარმატებული ხდება ბიზნესი, რომელიც ცვლის არსებულ პარადიგმებს. წარმატებული ხდება ის საქმე, რომელიც ბევრს განუხორციელებელი ჰგონია; საქმე, რომლის რეალიზებაც სხვებისთვის „სიგიჟეა“.

ვინ იფიქრებდა, თუ ოდესმე ერთი სისტემის დახმარებით შევძლებდით მეგობრებთან ურთიერთობას, სამსახურის შოვნას, ცხოვრების თანამგზავრის გაცნობასა და საერთოდ ყველანაირი სახის ინფორმაციის მიღებას?! მე ნამდვილად არა… მაგრამ ცუკერბერგმა იფიქრა და შექმნა კიდეც Facebook.com-ი.
ასეთივე წარმოუდგენელ იდეად მიიჩნეოდა ერთი ვირტუალური მაღაზიის მეშვეობით ნებისმიერი ნივთის შეძენა, თუმცა ჯეფრი ბეზოსმა amazon.com-ი მაინც ჩაუშვა.

როგორ მოახერხეს ასეთმა ადამიანებმა გამხდარიყვნენ წამყვანი ბიზნესების მფლობელები?! პასუხი მარტივია – ბავშური შეუპოვრობით!

„თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში”. (მათე 18:3). ერთი შეხედვით, რა კავშირი უნდა ჰქონდეს სახარებიდან ამონარიდს ჩვენს თემასთან, თუმცა ჯერ კიდევ ოცი საუკუნით ადრე იესოს მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს თუ განვაზოგადებთ, მივხვდებით, რომ რომელ აღმსარებლობასაც არ უნდა მივსდევდეთ, მათში ჭეშმარიტებაა და რომ მხოლოდ “იმ ქვეყანად“ ცხონებას არ ეხება.

ბავშვობა აქ, ამ ცხოვრებაში, დედამიწაზეც გვჭირდება და გამოგვადგება. და, აი რატომ: ის რაც „დიდისთვის“ პრობლემაა, „ბავშვისთვის“ შესაძლებლობების კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან იგი არ აღიარებს „ობიექტურ რეალობას“, სტატუს კვოს, „გადაულახავ“ ბარიერებს. ამიტომაც, მხოლოდ ბავშვური ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს შეუძლიათ რაღაც განსაკუთრებულის შექმნა, ისეთის, რაც სხვისთვის წამოუდგენელი და მიუღწეველია.

მეგობრების წრეში ხშირად მსმენია, რომ მთაში დასვენება უყვართ, მაგრამ არ შეუძლიათ არაკომფორტულ გარემოში ცხოვრება. ცხელი აბაზანა, თბილი საწოლი, სისუფთავე, გემრიელი საჭმელი, სასმელი წყალი, ამის პარალელურად ლამაზი ხედი, სუფთა ჰაერი და ექსტრემალური თავგადასავალი – ეს ყველაფერი ერთად სრულიად არადამაჯერებლად რომ ჟღერს, გასაკვირი არაა. ამიტომაც, როდესაც აქტიურ დასვენებაზე მიდგება საქმე, ვირჩევთ ან ბოგანოსავით მთაში მოგზაურობას ან კომფორტს.
ყველაფერი ერთად ანუ „დიმიტრი გელოვანობა“ წამოუდგენელი გვგონია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არსებობს კომპიანია, რომელიც გამოვიდა „შეუძლებლობის“ ჩარჩოებიდან და შექმნა სამთო ბანაკი ჯუთაში (სოფელი ყაზბეგთან ახლოს), რომელიც მთის გარემოსა და ქალაქის კომფორტს აერთიანებს.
img_6207
„ბანაკი ზეთა“ თიბისი ბანკის „ბიზნეს დაჯილდოვების“ ნომინანტია წლის ტურისტული ბიზნესის კატეგორიაში.

იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას: თუ როგორ უნდა გავიგოთ რომელი საქმის კეთება მოგვწონს, ფსიქოლოგები გვირჩევენ ბავშურ ოცნებებს დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ რა მოგვწონდა მაშინ, როდესაც თავისუფალი ვიყავით გარემო ფაქტორებისაგან, რა გვიხაროდა მანამ, სანამ გარემოცვა საკუთარ აზრებსა და სურვილებს მოგვახვევდა თავს.
_dsc5596

ანანო არაბული („ბანაკი ზეთას“ დამფუძნებელი): “მამა წარმოშობით ჯუთადანაა, ეს ერთადერთი ხევსურული სოფელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ზაფხულობით აქ ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე და ჩემს მეხსიერებას ლამაზ მოგონებებად შემორჩა ეს ადგილები. აქედან დაიწყო ყველაფერი, მინდოდა ეს სოფელი რაღაცნაირად გამოცოცხლებულიყო“.

ბიზნესის დაწყებას როდესაც გეგმავ, ხშირად ბევრი ფიქრით იტკივებ თავს, მაგრამ აზრად არ მოგდის როგორ და რანაირად შეიძლება სასარგებლო, საჭირო და შემოსავლის მომტანი საქმიანობის დაწყება, თან ისეთის, რომ პერსპექტივაშიც კონკურენტუნარიანი იყოს. ამ დროს შეიძლება მეგობრის ნათქვამმა ერთმა სიტყვამ „გაგინათოს გონება“.
ანანო: “ჩემი მეგობარი ყოფილი ალპინისტი და მთაზე არანორმალურად შეყვარებული ადამიანია. ერთხელაც მითხრა: მთიდან რომ ჩამოვდიოდი, სულ ვოცნებოდი, შხაპზე და ცხელი ყავაზე… ერთი სულ მქონდა, სახლამდე როგორმე მალე მივსულიყავი“.

როდესაც რაღაცა განსხვავებულის გაკეთება გინდა, მზად უნდა იყო მძაფრი წინააღმდეგობისთვის. ადამიანები რთულად ეგუებიან „სხვაგვარ აზროვნებას“ და მთელი არსებით ცდილობენ გადაგაფიქრებინონ, უარი გათქმევინონ ოცნებაზე, როგორც ასტრიდ ლინდგრენის პეპის:
“ახლა ხომ წვიმს, პეპი, – გაუკვირდა ტომის, – წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს? – მე ვრწყავ – უპასუხა პეპიმ – მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?”
ანანო: „თავიდან აქ მხოლოდ მინდორი იყო. პირველ დღეს რომ ავედით და ეს ადგილი ვნახეთ, მეგობრები გვახლდნენ თან. ვიღაცები მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, აქ რას აკეთებთო, ჩემმა მეგობარმა უპასუხა: კი არ ვსეირნობთ, მომავალ წელს აქ კაფეში დაგპატიჟებთო. მახსოვს, დაცინვით გადმოგვხედეს, არასერიოზულად მიიღეს და ირონიით გვითხრეს – კი, როგორ არა. მომდევნო წელს ჩვენ იქ მართლაც გქვონდა კაფე“.
img_6399
როდესაც ყველაფერს ნელ-ნელა, საკუთარი ხელით აწყობ, თითოეულ დეტალში გულსა და სულ დებ, ხვდები, რომ წინააღმდეგობების გადალახვა უფრო და უფრო ადვილი ხდება. „მთაზე ასვლის“ პროცესით ტკბობას იწყებ და რაღაცა ვერ გაკეთებულის, არ გამოსულის ხელახლა ცდაც მარტივი ხდება.
ანანო: „ყველაზე მთავარი არის ის, რომ თუ არ გამოვა, კიდევ უნდა სცადო. თუ ისევ არ გამოვა, კვლავაც არ უნდა დაიზარო მცდელობები, არ უნდა დანებდე. თუ გჯერა – არ უნდა შეეშვა, სხვა გზა, სხვა ხერხი უნდა მოძებნო… თუ რაღაც არ გამოდის, ისე უნდა გააკეთო, რომ გამოიყვანო“.
_dsc5496
ბავშვური შეეუპოვრობის წინაშე წარუმატებლობა უძლური ხდება… ნებისმიერი უტოპიური იდეაც კი ხელშესახებ ფორმას იღებს, „წვიმაში ყვავილების მორწყვასაც“ კი აზრი ეძლევა და შედეგად ვიღებთ „წარმოუდგენელ“ ტურისტულ ბიზნეს, რომელიც საქართველოს ფაგლებს სცდება და ერთგვარი სავიზიტო ბარათიც კი ხდება ქვეყნის თავისებურების წარმოსაჩენად.

მოამზადა ილია ნიკაჭაძემ