„მთავარია ყოველთვის შენს სიმაღლეზე იყო, რომ შენი მომხმარებელი შენი ერთგული დარჩეს“
წარმატების მიღწევის ბევრი ფორმულა არსებობს, ზოგისთვის წარმატება უბრალოდ შრომა, გამართლება და საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრაა, ასე ფიქრობს დღეს უკვე წარმატებული ‘ბიზნესვუმენი“, ქეთი გაბაძე, პროფესიით მხატვარი. თუმცა, როდესაც მან თავისი ბიზნესის აწყობა დაიწყო საზოგადოებისგან არასერიოზულ დამოკიდებულებას გრძნობდა, რადგან ქალია, მაგრამ დროთა განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიცვალა. ბიზნესთან არასდროს ჰქონია შეხება. შრომამ და გამართლებამ მოუტანა წარმატება, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, იქამდე არ იქნება კმაყოფილი სანამ ლონდონის აუქციონზე თავისი აქციები არ დაიდება. „აი მაშინ ვიტყვი, რომ წრმატებული ვარ“ -ამბობს იგი და იცინის. დღეს ის დამწყებ, მომავალ, ბიზნესმენებს ურჩევს იყვნენ უფრო მეტად რისკიანები, აქტიურები და რაც მთავარია იშრომონ და შეარჩიონ სათანადო დრო.
ქეთი: „ჩვენ 2945 დოლარით დავიწყეთ. ახლა კი ჩვენი ბიზნესი რამოდენიმე მილიონით არის შეფასებული.“
თბილისში დღეს ყველა უცხოელმა თუ ადგილობრივმა მოქალაქემ იცის „კაფე კალა“, რომელიც თბილისის ძველი უბნის სახელს ატარებს. „კალა“ უკვე თერთმეტი წელია ერეკლეს II-ს ქუჩაზეა. საღამოობით აქ ცოცხალი მუსიკაა, ხალხიც ყოველთვის ბევრია. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი გაბაძე იხსენებს – ყველაფერი დაიწყო 2002 წელს. თბილისში საინტერესო არაფერი ხდებოდა. როცა გავიგე რომ „ფართი“ ქირავდებოდა, ჩემს ახლანდელ პარტნიორს ბაჩოს (ბაჩო დიჯეია), ვუთხარი მოდი ვიქირაოთ-თქო. მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო, ფული არ გვქონდა, მაგრამ გავრისკეთ, მეგობრები დაგვეხმარნენ, ზოგმა მაგიდა, ზოგმა სკამი, ზოგმა 100 დოლარი მოგვცა და ასე გავხსენით პირველი „ეისიდ ბარი“. მახსოვს მთლიან თანხას 2945 დოლარი შეადგენდა. ყველაფერს ჩვენი ხელით ვაკეთებდით. რამდენიმე თვეში ვალები გავისტუმრეთ და კიდევ ერთი „ეისიდ ბარი“ გავხსენით ჭავჭავაძის ქუჩაზე, შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეხსნა „კალა“. ძალიან ბევრი ფული გვჭირდებოდა, არც ერთი ბანკი არ გვაძლევდა სესხს, ვუხსნიდით, რომ ეს ტურისტული ზონაა და რომ ეს საქმე აუცილებლად გამოვიდოდა. ბოლოს ერთ-ერთმა ბანკმა მოგვცა ფული. გვჯეროდა, რომ ეს საქმე გამოვიდოდა და ვა-ბანკზე წავედით, ბებიების, ჩვენი სახლები ჩავდეთ ბანკში და ასე გავხსენით 2004 წელს „კალა“. ჩემთვის ეს მარტო ბიზნესი არ არის, მიყვარს ეს საქმე – თუ გული არ მიმიწევს, საქმეს არასდროს ვიწყებ“. სწორედ საქმის სიყვარული არის ქეთი გაბაძის ბიზნესის წარმატების საიდუმლო, ალბათ ამიტომაც დღეს „კალა გრუპმა“ უკვე არაერთი რესტორანი გახსნა თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე.
„კაფე კალა“ ყოველთვის მუშაობს, მისი დარბაზი არასდროსაა ცარიელი. „კალა“ მუშაობდა აგვისტოს ომის დროსაც. ქეთი გაბაძე იხსენებს: „მაშინ ნახევარი თბილისი ქალაქიდან გავიდა, მათ შორის ჩვენი მომსახურე პერსონალიც. ძალიან ბევრი რესტორანი დაიხურა ქალაქში. სამზარეულოში ორი-სამი კაცი მუშაობდა, ერთი დამლაგებელი და ერთი ბიჭი, რომელიც მიმტანიც იყო და ბარმენიც. ომის დროს მაგიდები ივსებოდა, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. მე და ბაჩომ ვიპოვეთ წინსაფრები, შემოვიკარით და ის დღეები ჩვენ ვემსახურებოდით კლიენეტბს“.
ყოველთვის მესმის ადამიანებისგან, რომ მთავარია აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე რთული სწორედ ეს არის. არ არის ადვილი იპოვო საქმე, რომელიც გიყვარს და გქონდეს შესაძლებლობა შენი ფიქრები და ოცნებები რეალობად აქციო. დღეს ბევრ ისტორიას ვისმენთ სხვადსხვა ადამიანისგან, ადამიანებისგან, რომლებმაც თავის კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიეს. ვისმენთ მათ ისტორიებს და ვფიქრობთ – შეიძლება ჩვენც გაგვიმართლოს. გამართლება გამართლებაა, მაგრამ მთავარი მაინც თვით ადამიანია, მისი ინტერესები, პასუხისმგებლობის გრძნობა… და, რაც მთავარია, თავის თავის რწმენა, გარისკვის უნარი. მჯერა, რომ ყოველთვის ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე, თუ ხარ ძლიერი , იპოვი საქმეს, რომელიც გიყვარს, და უფრო მეტიც, მას შენი შემოსავლის წყრაოდ აქცევ.
ქეთი:„რაც არ უნდა ხდებოდეს ყოველთვის უნდა აკეთო შენი საქმე, თუ ასე იფიქრებს უმრავლესობა ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა შედგა. რაც არ უნდა მოხდეს, პანიკაში არ უნდა ჩავარდე, არ უნდა ჩაიკეტო, ეს მარტო ბიზნესი არ არის, ჩვენთან მილიონი ტურისტი ჩამოდის მათ უნდა გაუმასპინძლდე, თუ შეგეშინდა, ჩაიკეტე, მხარს არავინ დაგიჭერს, შენ ყველას უნდა აჩვენო, რომ მაგარი ხარ.“
ვისმენ ქეთი გაბაძის ისტორიას და მგონია, რომ თუ მოინდომებ ყველაფერი გამოგივა, რაც არ უნდა ფანტასტიკურად მოგეჩვენოს ის თავიდან. მთავარია დაისახო მიზანი და ყოველდღიურად ერთი ნაბიჯი გადადგა შენი მიზნის მისაღწევად.
ქეთი: „ყველაფერი გამოვა თუ გჯერა წარმატების და აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს.“
მოამზადა: მერიკო ბარაბაძემ