Skip to content

დღეს ისეთი ამინდია ჩვენ რომ გვიყვარს. ღრუბლებს სიყვარულით კოცნა და ერთმანეთის მხრებზე გადაჭდობა მოუნდათ, ჩვენ კიდევ სიყვარულით გამთბარ სახლის მთლიანი ფანჯრიდან ვუყურებდით მათ ტკბილ-მწარე ნაყოფს მიწაზე, წვეთების ხმაზე ვცნობდით ღრუბელთა ხასიათს, დავდგებოდით ფანჯარასთან და ერთმანეთს ბუნებრივი მუსიკის აღქმაში ვეჯიბრებოდით, შედეგი სახეზე აღიბეჭდებოდა. როდესაც წვიმის მელოდია სასიამოვნო იყო სახე ალმაცერ ტკბილი ღიმილით გინათდებოდა, თუმცა ბოლო დროს იმდენად სევდიანი და არააქმვეყნიური იყავი, რომ მე შენი შემოხედვისაც კი მეშინოდა, უბრალოდ, ჩუმად, სუნთქვაშეკრული ვიდექი შენს გვერდით მუდამ, საკუთარ გულისცემის ხმისაც მეშინოდა, მეშინოდა, იმიტომ რომ, გარდაუვალ  ძლიერ ცეცხლის სახმილს  ვგრძნობდი, რომელსაც, ალბათ, მთელი ძალით მოწვიმარი ცაც ვერ ჩამორეცხავდა. მაშინვე შენს მხრებზე დავიდე ბინა და  სუნთქვაში გეწილებოდი, ხომ შეიძლებოდა რომ მალე , სულ მთლად უჟანგბადოდ დავრჩენილიყავ, შენ კი, როგორც ყოველთვის, გსიამოვნებდა ჩვენი ერთად ყოფნა, საუბარს -სიტყვების გარეშეც ვახერხებდით, შენ ისიც იცოდი, რომ ჩემს სხეულში შიში შემოიჭრა და სულს თავად უტკბესი ფსალმუნთა გალობაც კი ვერ მიმშვიდებდა, თვალს ხშირად ვარიდებდით ერთმანეთს და ამით საკუთარი შეგრძნებების დამალვას ვცდილობდით,  მე ხომ (შენს მსგავსად)შენს უხმო მზერაშიც კი შემეძლო – ღრმა ფიქრებისა და გრძნობების გაშიშვლება!

ბოლო დროს ცასავით მრავალფერ და ცვალებად თვალის კუთხეებს წყლის ხშირი წვეთები გინამავდა, ჩემს ყოველ შემოხედვაზე კი მთელი ძალით შეისუნთქავდი ჩვენი ერთად ყოფნის ბედნიერ წუთებს და ავადმყოფ სხეულს ბრძოლის ჟინს უღვიძებდი, იცოდი,რომ წინ სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა გელოდა, სიცოცხლესა და მუხანათ სიკვდილს შორის!

და მაინც, მე შენს თვალებში სიკვდილის შიშს კი არა,  ჩვენ, შენს საყვარელ ადამიანებს ვხედავდი, რომელთაც ყოველი ახალი დღით,  ბავშვური სიხარულით, ეგებებოდი და ემშვიდობებოდი. თუკი მაშნ დილაუთენია ჩემს სასთუმალთან მჯდარს სამდურავით გავსებდი, ძილს რატომ არ მაცლი-მეთქი, დღეს ყოველ ალიონს სამდურავით ვხვდები და ჩემს ყველა ცოცხალ სიზმარში პატიებასა გთხოვ მამ, იმისთვის რომ, სასწაულების მჯერა, კიდევ იმისთვის  რომ, გულის სიღრმეში ყოველთვის მყავს პატარა იმედი ჩამწყვდეული და როგორც ეხლა, მაშინაც მჯეროდა, მჯეროდა რომ წინ დიდი დრო იყო, დიდი დრო…. შენ კი იმდენად მებრძოლი სულისკვეთების, სხვა თუ არაფერი, ჩემს გამო მაინც არ აცლიდი მხარგრძელს უდროო სტუმრობას! მე ხომ შენი  წმინდა სიყვარულის ბაღში ამოზრდილი, პირველი ყვავილი ვარ, რომელსაც მუდმივი მორწყვა და პატრონობა სჭირდება, ჩემო მებაღევ!

მას შემდეგ რაც ჩვენი სახლი ჰოსპიტალის მუქი და ცივი კედლები გახდა, ჩვენ აღარც წვიმის ხმა გვესმოდა და ვერც მზეს ვხედავდით გათენებულზე. მე შენი გულის სადარაჯოზე ერთგული ძაღლივით ვიდექი მთელი კვირა, ღმერთისაგნ დაშვებული სასწაულის იმედად, რომელიც რატომღაც ძალიან იგვიანებდა, რომელიც რატომღაც ჩენ ვერ მოვიმუშაკეთ?!

ბოლოჯერ ამოსულ ჰაერის სითბომ ჩემამდეც მოაღწია, სამუდამოდ დახურულ ცის ღრუბელთა ნაწვიმარ კანზე მზის სითბო სიცოცხლეს ემშვიდობებოდა…. გაოფლილ თმებში ჩემი უმწეო თითები უკანასკნელად გელამუნებოდა და გკოცნიდა. სიცივე ფეხის ცერა თითებიდან დაგეწყო და ატომივით იფეთქა მთელს სხეულში, ძალიან მალე შენ ჩემზე უფრო ცივი და უფერული გახდი… ჩვენ სამუდამოდ შევწყვიტეთ თვალებით მასლაათი და დღეს ჩვენს საყვარელ წვიმიან ღამეში, ცაზე უჩინარ, უშორეს ვარსკვლავად მაჩნიხარ, რომელიც სულ ახლოს, ჩვეულ სითბოთი და სიყვარულით მიკრავს, თავის ძლიერ მკერდში, პატარა ბავშვივით მეთამაშება, მეგობარივით მარიგებს და ანგელოზივით მიცავს!

ძალიან შორს, ჩემს ფიქრებთან ძალიან ახლოს, სულ  ოდნავ მაგრამ მაინც ჩამესმის შენი სიკეთით და სიყვარულით სავსე გულის უმწეო ფეთქვა, მთელი კვირა რომ, მხოლოდ თავის მხრებით ატარა შენი სიცოცხლე, ბოლოს კი ერთიანად გაგაჩუმა…

მე დღეს უფრთოდ დარჩენილს ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე, შენთვის ვერ ნათქვამ ყოველ სიტყვის მონად  ქცეულს, სიშორე ვერ და ვერ გადამიტანია, ჩემგან(ჩვენგან) ვერ და ვერ გამიშვიხარ, ვერ და ვერ ვეჩვევი იმ მარტოობას, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერაფრით ვერ შემივსებს და დამიფარავს.

ვიცი შენ გესმის, მხედავ , გრძნობ !

იცი?  მე მხოლოდ ვგრძნობ!

თამარ ნარმანია