Skip to content

ღია წერილი პრეზიდენტობის კანდიდატებს

გუშინ, 29 სექტემბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ღია ფორუმი “ერთი პროცენტის კანონის პერსპექტივები საქართველოში”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-მდე  სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა წარმომადგენლმა. ფორუმის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომლის საშუალებითაც მიმართავენ პრეზიდენტობის კანდიდატებს და მოუწოდებენ მათ 1%-ის კანონის აქტიური მხარდაჭერისაკენ. 4მოტივი უცვლელად გთავაზობთ ღია წერილის სრულ ტექსტს:
“პატივცემულო პრეზიდენტობის კანდიდატებო,
 დღეისათვის სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეზე და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე  საუბრობენ,  როგორც სახელისუფლებო ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური და ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, რისთვისაც ყველაზესამართლიან და ეფექტიან მექანიზმს  „ერთი პროცენტის კანონი“ წარმოადგეს. 

ერთი პროცენტის კანონი გულისხმობს საშემოსავლო და მოგების გადასახადების გადამხდელებისათვის შესაძლებლობის მიცემას, რომ გადახდილი გადასახადიდან 1%-ი მიმართონ მათთვის სასურველი არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. კამპანიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში 13 000-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციისათვის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) ხელმისაწვდომი გახდება 27 260 000 ლარიანი ფინანსური რესურსი 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის გათვალისწინებით. 

ერთი პროცენტის კანონის მექანიზმის საქართველოში წარმატებულად განხორციელების გარანტიას იძლევა პოსტ-კომუნისტური ქვეყნების მდიდარი საერთაშრისო პრაქტიკა. 1996 წლიდან დღემდე 1 პროცენტის კანონი წარმატებით განხორციელდა უნგრეთში, სლოვაკეთში, ლიტვაში, პოლონეთსა და რუმინეთში. 1 პროცენტის კანონმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დაკავებაში. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ სამოქალაქო საზოგადოების მიერ დამოუკიდებლობის სულისკვეთებით ორგანიზებული კამპანიის „ერთი პროცენტის კანონი – საქართველოს დროა“ მიმდინარეობაში და მხარი დაუჭიროთ მას, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და სოციალური განვითარების უალტერნატივო გზა.” 

“დღეს დავიწყეთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კამპანია სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებისა და გაძლიერებისათვის. არასამთავრობო ორგანიზაციები გავერთიანდით სამართლიანობის, თავისუფლებისა და ეფექტიანობის იდეის სულისკვეთებით. ამ ეტაპისათვის, ჩვენს მიზანს წარმოადგენს საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება “ერთი პროცენტის კანონის” კამპანიის შესახებ და პრეზიდენტობის კანდიდატებისადმი გაგზავნილი ღია წერილიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება” – განაცხადა “ერთი პროცენტის კანონის” კამპანიის მენეჯერმა გივი კუპატაძემ 4მოტივთან საუბარში.