სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიო!
კიდევ ერთხელ ვაბრუნოთ აბსტრაქტული არსებითად არსებითი სახელი სიყვარული, შვიდივე ბრუნვაში და ბოლოს კიდევ ერთხელ მივხვდებით, რომ საერთოდ არაფერი არ ვიცით ამ გრძნობაზე, კიდევ ერთხელ მივხვდებით, რომ ამის ცოდნა უკვე ყვეალაფერია და ყველაფრის ცოდნა– არაფერი. მოკლედ, ეს ჩემი ფილოსოფიაა!
სიყვარული შვიდივე ბრუნვაში სასურველია და ნებისმიერ სინტაგმაში მოსაწონი.
სიყვარულს არ უხდება წარსული დრო, აწმყოსა და მოვალისთვისაა შექმნილი.
სიყვარულს უხდება სამივე პირი და ყველაზე მოხდენილი სწორედ მაშინაა, როცა მოქმედებას ან მდგომარეობას განიცდის.
სიყვარულს არ უხდება მრავლობითი რიცხვი, არც მხოლობითი და რა ცუდია, რომ ქართულს ორობითი რიცხვი არ აქვს.
სიყვარული ზედ არ ერთვის არაფერს, თვითონ ზედსართავსაც იხდენს, მაგრამ ყველანაირი სართავის გარეშეც გენიალურია.
სიყვარულს უხდება კუთვნილებითი ნაცვალსახელები, მარტო სიყვარულს უხდება ეგოიზმი.
ვერცერთი შორისდებული ვერ გამოხატავს სიყვარულის არსს, მას როგორც გრძნობას, მას როგორც აღტაცებას ან აღმაფრენას.
სიყვარული მართლა შედგება ბევრი ნაწილაკისგან და თვითონვე ქმნის ბევრ ფერად, ნათელ ნაწილაკს, რომელიც ტრიალებს ჰაერში, ასტრალში.
სიყვარული არის ყველაზე დიდი კავშირი, არა მაგრამ, არა რადგან, მხოლოდ და… მე და შენ…
სიყვარულს არ უყვარს თანდებულები, სიყვარულში მესამე, რომელიც თან ებმის ყოველთვის ზედმეტია.
უკვე დამასწრეს და თქვეს: მიყვარხარში შენ ხარ, მე ვარ, ის არ არის.
სიყვარული თვითონაა ენა, რომელიც უგრამატიკოდაც გამართული და მეტყველია და რომელიც გრამატიკასაც კი ვერ მოყავს სისტემაში.
ავტორი: ნელი კილასონია