Skip to content

რატომ არის სიცოცხლის თითოეული წუთი მნიშვნელოვანი? !

თუ მოულოდნელად გავიგებდი,რომ სიცოცხლის რამდენიმე დღე დამრჩა მხოლოდ, მაშინათვე დავურეკავდი ბავშვობის მეგობრებს: ნანას და მირას, მივირთმევდი მათთან ერთად ცხელ,ქაფქაფა ხინკალს. რამდენჯერმე დავლევდი სიყვარულის სადღეგრძელოს და ვიტყოდი, რომ სამყაროში არაფერია ამ გრძნობაზე უფრო ლამაზი. შემდეგ კი ვიპოვიდი ყველაზე მაღალ მთას და მათთან ერთად განვმარტოვდებოდი,რადგან საკუთარ თავთან დარჩენას მომავალში ყოველთვის შევძლებ. დავწვებოდი ცის ქვეშ და ვთხოვდი გაეხსენებინათ ბავშვობის მოგონებები და როდესაც მოვისმენდი მათ გიჟურ ისტორიებს, მათ ამბებში აღმოვაჩენდი საკუთარ თავს – სასაცილო, მაგრამ უშიშარ გოგოს. და როდესაც გაზაფხულის სურნელი დაუბერავდა ჰაერში,მე ეჭვს შევიტანდი, რომ ჩემნაირი სიცოცხლის მოტრფიალე ადამიანი საერთოდ შეიძლება ოდესმე მოვკვდეს.

მაგრამ თუ ექიმი კვლავ გამიმეორებდა,რომ ჩემი ავადმყოფობა განუკურნებელია, მივიდოდი დედასთან და ვთხოვდი დაევარცხნა ჩემთვის თმები. შემდეგ კი ჩავეკარი გულში ისე ძლიერ,რომ სიკვდილსაც ვერ დავეშორებინეთ.დავურეკავდი ჩემთვის ძვირფას ადამიანს და ვკითხავდი, იქნებოდა თუ არა განსაცდელში ყოველთვის ჩემთან და მის სიტყვებს რომ მოვისმენდი, დავიჯერებდი,რომ სიცოცხლის კიდევ უამრავი დღე მაქვს დარჩენილი,რომ ადამიანი ამქვეყნად არასდროს არის მარტო.

* მივიდოდი მზესთან და გავბედავდი მასთან საუბარს.ვეტყოდი,რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ მისი სხივები დაკარგავდნენ ძალას,მზე არ დამიჯერებდა,მაგრამ მე ეჭვი არ შემეპარებოდა ჩემი სიტყვების სისწორეში.წავიდოდი ტყეში და სულელივით დავიწყებდი ხეებთან საუბარს.ყვავილებს თავზე გადავუსვამდი ხელს და მივხვდებოდი,რომ ჩემი ადგილი ყოველთვის იქნება ამ სამყაროში. გავიღვიძებდი დილით ალიონზე. არ ვიქნებოდი მოწყენილი და უიმედო.პირიქით,თითოეულ წამს დავაფასებდი. საღამოს წავიდოდი მდინარის პირას და დავლევდი ცივ ლუდს. დავაკვირდებოდი,როგორ გადაიფრენდნენ ჩემი ფრინველები მდინარის ერთი მხარიდან მეორე მხარეს.ჩანთიდან ამოვიღებდი წიგნს და ვიკითხავდი ბევრს. შემდეგ კი მოთმინებით დაველოდებოდი ოქროს თევზს და თუ მის მშვენიერ ხმას გავიგონებდი, რამდენჯერმე აღელვებული გავუმეორებდი, მოეცა ჩემთვის სიცოცხლის კიდევ მრავალი წელი.

მე გამოვნახავდი დროს და ვიხეტიალებდი შარდენზე,რუსთაველზე.ფეხით მოვივლიდი მთელ თბილისს.შემდეგ გავიდოდი ქალაქგარეთ და მოვეფერებოდი საქართველოს მთებს.გადავუღებდი მშვენიერ ადგილებს უამრავ სურათს და ხარბად ჩავისუნთქავდი სამშობლოს თბილ ჰაერს. შემდეგ კი დავბრუნდებოდი სახლში და აღარ დამწყდებოდა გული,რომ ვერ ვნახე პრაღა და ვენა.

შევიდოდი წიგნების მაღაზია „სანტა -ესპერანსაში“ და ვიყიდიდი წიგნებს იმედით,რომ მოვასწრებდი მათ წაკითხვას.შემდეგ კი შევიდოდი რესტორანში და გავსინჯავდი,რომელიმე ეგზოტიკურ კერძს,რომელიც ყოველთვის მინდოდა დამეგემოვნებინდა,მაგრამ მიუხედავად ამისა ყოველთვის ერთსა და იმავე კერძს ვუკვეთავდი.

შინ მომავალი კი მოხუცს,რომელიც დახმარებას მთხოვდა წამოვიყვანდი სახლში, გავამზადებდი მისთვის ცხელ წვნიანს და ჩვენ ერთად დავსხდებოდით აივანზე და ვიქნებოდით თანასწორი და ახლობელი ერთმანეთისთვის.შემდეგ კი მიუხედავად იმისა,რომ მხატვარი არ ვარ, დავხატავდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას,რომელსაც ჩემი სულის ფანჯარას ვუწოდებდი.

წავიდოდი ზღვაზე და თამამად გავირუჯებოდი.აღარ შემეშინდებოდა,რომ მზე კანს წვავს და კიბოს იწვევს. გავხდებოდი შოკოლადისფერი და ვიქნებოდი უფრო ლამაზი და მომხიბვლელი.
ზღვიდან დავბრუნდებოდი თუ არა, მაშინათვე წავიდოდი ჟურნალ „4 მოტივის“ თბილ კერაში, კარს შევაღებდი მოკრძალებით და მადლობას გადავუხდიდი ჟურნალის რედაქტორს. ადამიანს, რომელმაც მომცა შანსი მეკეთებინა საქმე, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ის ხომ ყოველთვის აქვეყნებდა ჩემს მოთხრობებს და მაძლევდა შანსს გავმხდარვიყავი უკეთესი.

შემდეგ წავიდოდი სამებაში, დავდგებოდი ეკლესიის კართან და უფალს ვთხოვდი, ეჩუქებინა ჩემთვის ხანგრძლივი სიცოცხლე,რადგან სამყაროში არაფერია უფრო ლამაზი ვიდრე სიცოცხლე, რადგან ცხოვრება ეს არის შანსი,რომელიც უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს. შეგიძლია გიყვარდეს, და ამასთანავე იყო ძვირფასი სხვა ადამიანებისთვის,შეგიძლია შექმნა შენი ცხოვრების საუკეთესო მომენტები,აღმოაჩინო სამყაროში განსაკუთრებული პეიზაჟები და ძვირფასი წუთები შემოინახო შენი მოგონებების სკივრში.

წავიდოდი ბანკში,დავარღვევი ანაბრის პირობებს და შეგროვებული ფულით ვუყიდიდი თბილ ბათინქებს და ქურთუქს ობოლ ბავშვებს.ვეცდებოდი და გავაკეთებდი ძალიან ბევრ სიკეთეს. და შემდეგ,როდესაც იძულებული ვიქნებოდი მივსულიყავი ექიმთან კონსულტაციაზე,ექიმი რამდენჯერმე გადაამოწმებდა ჩემს ანალიზებს და გაოცებული გამიმეორებდა,რომ მე სრულიად ჯამრთელი ვარ.

მე კი ჩემს გულში უფალს მადლობას გადავუხდიდი და ბავშვივით გავიქცეოდი სახლში.ჩავეხვეოდი ჩემი ოჯახის წევრებს და ახალი წესებით გავაგრძელებდი სიცოცხლეს ბედნიერად.