Skip to content

მედალს ორი მხარე აქვს – ანუ „გათხოვება“ ქართულად

ვიდრე ამ მეტად აქტუალურ და მტკივნეულ თემას შევეხებოდე, მინდა ერთად გავიაროთ, რატომ გამოიყენება ლექსიკაში აქტიურად ტერმინი „გათხოვება“ და საერთოდ, საიდან მოდის?

ერთნი ფიქრობენ, რომ ამას საფუძვლად უდევს ხელის თხოვნის ტრადიცია, რომელიც გავრცელებული იყო ძველად და აქა–იქ დღემდე შემორჩენილია. ამაში არაფერია ცუდი, გემოვნებაა და ხასიათი.

სხვათა აზრით, სიტყვას საფუძვლად უდევს ზმნა „თხოვება“. ანუ გასხვისება, განივთება სხვა პიროვნებაზე გარკვეული დროით, ან სამუდამოდ.

ვიღაცას შეიძლება ეს თითიდან გამოწოვილ პრობლემად მოეჩვენოს, თუმცა, ამას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და სწორედაც, რომ ყოველდღიურ სასაუბრო ენაში უნდა ვეძებოთ ის დაფარული ნაკლოვანებები, რომლებიც უმეტესობა ჩვენგანის ლექსიკაში შეინიშნება, თუმცა, ეს უკვა სხვა სტატიის თემაა.

რატომ „თხოვდებიან“ ქალები ადრე?! ეს კითხვა ადრე არაერთხელ დამისვამს სხვებისთვის და შემდგომ, უკვე, საკუთარი თავისთვისაც. თუმცა, ახლა მინდა იმ შედეგებსა და პრობლემებზე ვისაუბრო, რაც ნაადრევ ქორწინებას ახლავს თან. ის სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რომელშიც გვიხდება არსებობა, დიდ გავლენას ახდენს განათლების სისტემის ხარისხზე, ეს უკანასკნელი კი პირდაპირ აისახება კონკრეტული ინდივიდების მომავალზე. ძნელია იცხოვრო ქვეყანაში და არ მოექცე გავლენის ქვეშ, სადაც საზოგადოება გაჩვევს ფსიქოლოგიურ მონობას და თავად ეს საზოგადოებაა მონის მდგომარეობაში. სადაც ბავშვობიდან გაწვეთებენ, გაჩვევენ, რომ სარფიანად უნდა “გათხოვდე”, რომ შენი ცხოვრებისეული მაქსიმუმი შვილების გაჩენაა და სხვა რაიმე ღირებულის შექმნა არ შეგიძლია, რადგან ქალი ხარ – სუსტი, ფაიფურის ჭურჭელივით მოსაფრთხილებელი… მეტიც, გეუბნებიან, რომ შენ არ შეგწევს ძალა და ჭკუა, განათლება მიიღო, რაიმე საქმეს მოჰკიდო ხელი, ცხოვრების ფერხულში ჩაება, რადგან შენი „(ქალის) ჭკუა თხამ ეკალს მიაყოლა”. რომ პატრონს უნდა ჩაბარდე. თავიდან ეს ფუნქცია როგორც წესი მამას აკისრია, შემდეგ უკვე იგივეს საკუთარ თავზე ქმარი იღებს და საკმაოდ წარმატებულადაც.

მაინც, რატომ თხოვდებიან ქალები ადრე?

რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ, ბანალურად გეტყოდით, რომ ნაადრევი ყველაფერი კარგია სიკვდილის გარდა, მათ შორის დაოჯახებაც თქო, მაგრამ..

ახლა, როცა ცოლ-ქმრული ურთიერთობის ოთხწლიანი გამოცდილება მაქვს, მყავს ორი შვილი და ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე გამოვცადე ის, რის გამოც ადრე სხვებს განვიკითხავდი, თავს უფლებას ვაძლევ, ამ თემაზე ვისაუბრო.

როცა ხარ 15, 16 ან თუნდაც 18 წლის, არ იცნობ საკუთარ თავს, არ იცი რა გინდა, ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ გაქვს რა გზას გინდა დაადგე, (გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით) ხშირ შემთხვევაში, იღებ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, ცხოვრებას უკავშირებ სხვა ადამიანს. თავიდან, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა აჟიტირების მომენტი ჩაივლის, უბრუნდები შენს საწყის მდგომარეობას, საკუთარ თავს, რომელიც ისევ სავსეა პასუხგაუცემელი კითხვებით, სურვილებით, შიშებით, აზრებით, დაულაგებელი ემოციებით და ფორიაქით. დაბნეული ხარ და ცდილობ ყველაფერი დაალაგო, მაგრამ არ გამოგდის, რადგან გამოცდილება არ გაქვს – ყველაფერი პირველად ხდება და შეცდომების დაშვების ალბათობაც გაცილებით მაღალია. შედეგად, ფუჭდება ურთიერთობები და ყველაფერი თავდაყირა დგება.

შენც ნელ-ნელა ეჩვევი ამ ყველაფერს, დინებას მიჰყვები, მაგრამ შიგნიდან მაინც გჭამს საკუთარი მე, რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც სადმე გაექცევი. ის შენშია და გამუდმებით ერთსა და იმავე კითხვას სვამს – რატომ? თანდათან ბევრ რამეს ხვდები და ხვდები ყველაზე მთავარს – მოატყუებ დას, მშობლებს, ნათესავებს… ყველას ირგვლივ, მაგრამ საკუთარ თავს – ვერასოდეს.

დგება გაცნობიერების მომენტი და შემდეგ არჩევანი – შეეგუო არსებულ რეალობას და დარჩენილი წლები სინანულში გალიო, თუ წახვიდე იმ გაუკვალავი გზით, რომელსაც ცოტა თუ ირჩევს და რომელიც არ იცი, საით მიდის..

ბავშვობაში, უფროსი თაობის ქალებს ვაკვირდებოდი და ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეეძლოთ ყავის ჭიქის დაღარული, წვრილი ბილიკების ამარა დაეტოვებინათ საკუთარი ცხოვრება, მომავალი და პარალელურად, მეზობლის თეთრეულის გამომზეურებით ყოფილიყვნენ დაკავებულები. უამრავ ასეთ ქალს ვიცნობ, რომლებმაც გაუცნობიერებლად უარი თქვეს ხელში აეღოთ საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეები, შემდეგ კი – მთელი დარჩენილი სიცოცხლე სინანულსა და მწუხარებაში გაატარეს.

მათ ეს არასდროს არავისთვის უთქვამთ. ამას მათივე თვალები ამბობენ.

მინდა ვუთხრა ქალებს, რომლებმაც ახლა საკუთარი თავი ამოიცნეს და ეშინიათ. ეშინიათ ნაბიჯის გადადგმის, მშობლების, მეზობლების, ნათესავების..

გინახავთ ბავშვი სიარულს როგორ სწავლობს? მან არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ ყოველი დაცემის შემდეგ უნდა ადგეს.

ნუ იფიქრებთ იმაზე, რას იტყვიან თქვენი შვილები, თუკი შინაგანი ხმა გკარნახობთ, რომ ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ, „თქვენი“ არაა. ვერაფერს ასწავლით

შვილებს იმაზე უკეთესს, ვიდრე იმას, თუ როგორ იყოთ ბედნიერები. მიეცით მათ ამის მაგალითი. თავად დატკბით ცხოვრებით და შვილებიც თქვენ მოგბაძავენ.

…დანამდვილებით, არ ვიცი, რა მინდა ვაკეთო.

მინდა სკოლაში პატარებს ლიტერატურასთან ერთად ვასწავლიდე, რომ ყველაზე დიდი ფასეულობა თავად სიცოცხლეა. ადამიანები ერთმანეთს პატივს უნდა ვცემდეთ მიუხედავად კანის ფერის, სქესის, რასის, ეროვნების, მრწამსის თუ სხვა იდენტობისა, რადგან მახსოვს ჩემი მასწავლებლები.

მინდა ნაწამებ, დატანჯულ ქალს ჰქონდეს ჩემი იმედი, როცა პატრულის ეკიპაჟი მისი ერთადერთი ხსნაა, რადგან მახსოვს ჩემი ქვეყნის სიმშვიდის დამცველები. მახსოვს მამაჩემიც და ჩემი ყოფილი ქმარიც..

დანამდვილებით არ ვიცი, სად ვიმუშავებ, რა პროფესიას ავირჩევ.. მაგრამ ზუსტად ვიცი – მონა არასდროს ვიქნები.

არ ვიცი, როგორ და სად ვიქნები ათი, თხუთმეტი, თუნდაც ოცი წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ყველა გზას და ბილიკს თავად გავკვალავ და ეს იქნება ყველაზე სწორი გზა, მიუხედავად აღმართ–დაღმართისა.

არ ვიცი, ვინ მეყოლება გვერდით, ვინ გაიზიარებს ჩემს ჭირსა და ლხინს, (საერთოდ ვინმე მეყოლება თუ არა) მაგრამ ყოფილ ქმართან ყოფნისას მივხვდი, როგორ კაცთან არ ვიცხოვრებ არასოდეს. მადლობა მას ამისთვის და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ოდესმე ვიცნობდი და შეხება მქონდა, მადლობა ყველას!

რომ არა თქვენ, მე ის არ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ.

და, ბოლოს, ქალებს, რომლებსაც ეს პოსტი არ ეხებათ, თავს ბედნიერად გრძნობენ და ტკბებიან ოჯახური იდილიით, მინდა ვუთხრა მათ, რომ ძალიან, ძალიან გაუმართლათ.

მამაკაცებზე სხვა დროს.

ავტორი: მარიამ კოიძე