დედა ყოველდღე ხატავდა ჩემთვის ყვავილებს, მთებს,მინდვრებს და მდინარეებს,რადგან უნდოდა კარგი ადამიანი გამოსულიყო ჩემგან. ახლა ვხვდები, დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის – რომ იყო შვილის საყვარელი მხატვარი.
ბავშვობაში ავად რომ გავხდებოდი, დამადებდა დედა შუბლზე ხელს და შეუღონდებოდა გული. გაიქცეოდა ექიმთან და შვებით ამოისუნთქებდა, როდესაც დარწმუნდებოდა რომ უბრალოდ გაციებული ვიყავი და არაფერი მჭირდა საგანგაშო. შეუკეთებდა მაშინათვე ღუმელს, გააგზავნიდა პაპას სათევზაოდ და საღამოს, როგორც პრინცესას მომართმევდა საწოლში ვახშამს. ლანგარზე ეწყო : ცოტა სევდა და ბევრი იმედი. გარეთ, ბარდნიდა თეთრად და მაინც, თოვლზე მეტად იყო ფერმკრთალი დედა. ჩემი ოთახიდან მოსჩანდა ნისლიანი მთები, მაგრამ მე ვერასოდეს ვამჩნევდი მათ სილამაზეს. მე მხოლოდ დედას ვხედავდი, რომელიც ჩემს სასთუმალთან იჯდა და მოთხრობებს მიკითხავდა სხვადასხვა წიგნებიდან.
გავიზარდე. გავთხოვდი. როცა ავად ვხდები აღარ არის ჩემს გარშემო ზღაპრული გარემო, მაგრამ ამის გამო არ ვწუწუნებ, რადგან როგორც დედა, მეც მინდა ვიყო ძლიერი ქალი. დედას მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ობლობაში გაიზარდა, მაგრამ არასდროს უთქვამს – „ცუდ ვარსკვლავზე დავბადებულვარო“. როგორც ყველა მშობელი ალიონზე იღვიძებდა. უამრავი საქმე ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს სიყვარულით აკეთებდა. როცა პრომლემები ჰქონდა უყვარდა ჩვენი სახლის პატარა ბიბლიოთეკაში, წიგნების კითხვა. ძალიან უნდოდა მწერალი გავმხდარვიყავი. ამბობდა: – „ სიტყვას დიდი ძალა აქვს და შეგიძლია შენი წიგნებით , გახდე მთელი ქვეყნის გულშემატკივარიო.“
ჩემი სახლიდან მოსჩანს ტყე ,რომელიც მეჩხერი ხეებით არის დაფარული. ამ ხეებმა იციან როგორია ნამდვილი, ოქროსფერი შემოდგომა. ყოველდღე იმდენი ფოთოლი ეცემა მიწას, ფიქრებს არ უჩანთ ბოლო. დიდი ხანია ასეთ ფოთოლცვენაში ცხოვრობენ ისინი, ამიტომ იმშვიდებენ თავს, რომ ყველაფერი უბრალოდ წელიწადის დროების მონაცვლეობაა და გაზაფხულზე ისევ შეიფოთლებიან მწვანედ. მანამდე კი დაუბერავს ცივი ქარი, წამოვა წვიმა და გაეხვევა დედამიწა ადამიანებთან ერთად ზამთრის საბურველში. დავხუჭავ თვალებს, წარმოვიდგენ ამ მაღალ, ყვითლად შეფერილ ფერდობზე, მიერეკება დედაჩემი საქონელს. ავეფარები გაცრეცილ კალთაზე და მავიწყდება წუთისოფლის ყველა დარდი. დედას ჰგონია-პეპლები დაფრინავენ მის შორიახლოს და აკვირვებს შემოდგომის მიწურულს მათი სიმრავლე. თუმცა ის ყოველთვის ამჩნევდა სამყაროს მშვენიერებას. ესმოდა მდინარეების ხმაური, ხეების შრიალი და ახარებდა ზამთარ-ზაფხულს ფერდობზე შეფენილი ყვავილების სილამაზე.
შვილი, რომ შემეძინა, ჩამოვიდა სოფლიდან დედა. ჩამისვა კალთაში, მკოცნა და მეფერა. შვილიშვილმა რომ გაიღვიძა, ჩაიხუტა პატარა. “ჩემო მზის სხივო , ჩემო ატმის ყვავილოო”- ეჩურჩულებოდა ტკბილად. მთელი დღე მეხმარებოდა. ცდილობდა ნიავი არ მიეკარებინა მისთვის. ამიტომ მარიგებდა: “- ასე არ აჭამო, ასე არ ჩააცვა, ასე არ დაბანოო- ჩვენი პატარა. ”რა თქმა უნდა არ უნდა გვეწყინოს დედის რჩევა-დარიგება, რადგან არასდროს უნდა მშობელს შვილისთვის ცუდი, მაგრამ მე არ ვიყავი ასეთ „შენიშვნებს“ მიჩვეული , ამიტომ ვუთხარი, რომ არ მინდოდა მომესმინა მისგან ასეთი რჩევები და უნებურად ვაწყენინე კიდეც. მან წიგნი აიღო და საღამომდე კითხულობდა. დილას ადრე ადგა, ფული დამიტოვა მაგიდაზე და წავიდა. თვალწინ მიდგას როგორ გაიხურა კარი – ოქროსფერი თმები, როგორც ჩემს ბავშობაში, ისე ჰქონდა მხრებზე ჩამოშლილი.
იმ დღის შემდეგ ყოველთვის მოწყენილი ვარ,რადგან ვფიქრობ, უსამართლობაა როდესაც მთელ ცხოვრებას შვილის აღზრდას უძღვნი, შვილმა კი შეიძლება დაუფიქრებლად ერთ წუთში გატკინოს გული. გადავწყვიტე, ვიყიდო ყვავილები და სოფელში ჩავაკითხო დედას. მაგრამ ვფიქრობ, ნუთუ შეიძლება ყვავილებით გამოისყიდო დანაშაული? ასეთი წყენის გაქარწყლება ისევ შვილის მოსიყვარულე თვალებს შეუძლია. ამიტომ როდესაც მე და დედა ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ის ჩემს თვალებში აუცილებლად დაინახავს სინანულის გვერდით გულწრფელ გრძნობებს , ამიტომ მჯერა, მაპატიებს ყველაფერს.
ახლა კი ლოცვა – ტკბილო სიწმინდევ, ჩემო ანგელოზო, ყოველთვის ჩემთან იყავი დედა. არ მინდა გამოვცადო, როგორია შენს გარეშე ყოფნა. გთხოვ, ნუ დამტოვებ მარტო. გამინაწილე შენი ხელების სითბო.
ღმერთო, როდესაც დედა ჩვენგან მიდის, მის გარეშე ყველაფერი მოწყენილი და ცარიელია ირგვლივ. ჰქმენ ისე, რომ არასდროს დარჩნენ ადამიანები ობლად. ჰქმენ ისე – ყველა დედა იყოს ბედნიერი და არასოდეს ამოვიდეს მათი ცრემლების ნაწვეთალზე ია. რადგან დედის მშვენიერი თვალები არასდროს არ უნდა იყოს სავსე დარდით. ბევრი სიმწარეა ქალის ცხოვრებაში, ამიტომ აუცილებლად ხელის გულზე უნდა ვატაროთ შვილებმა-დედა.
სამყაროს ხმებო, მშვენიერო ტყეებო, მთებო – გთხოვ დაიფარე ჩვენი მშობელი, რომელსაც აქვს სიფრიფანა მხრები, მაგრამ არის ძლიერი, როგორც კლდე და ნაზია, როგორც ამ კლდეებზე შეფენილი ლურჯი ყვავილი. არის კეთილი, როგორც ანგელოზი და მსუბუქი, როგორც ღრუბელი. მაღალო მთებო, ის დედაა ჩვენი. ოქროსფერ ფოთლებში დააბიჯებს გულჩათხრობილი. შეიფარე და ანუგეშე, შეუკერე ისევ ჩითის ლამაზი კაბა. მაღალო ღმერთო დაიფარე მთელი სამყაროს დედები – ამას გევედრები.