Skip to content

ინტერვიუ ზალიკო სულაკაურთან

ზალიკო სულაკაური – საუკეთესო საქმე აბსოლუტურად ყველაფერია, რასაც აკეთებ. მთავარია, როგორ აკეთებ, როგორი გულით. საუკეთესო საქმე ჩემთვის არის ხატვა.
ბევრი ქართველისთვის საყვარელი მხატვარი, ზალიკო სულაკაური დაიბადა 1970 წლის 23 ივლისს, თბილისში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფანქარი ხელში 1 წლის ასაკში აიღო და მას შემდეგ სულ ხატავს. მისთვის ბედნიერება ბავშვებია და მათი ჩახუტება ენერგიას მატებს.  ზალიკოს კარიკატურებს მთელი საქართველო იცნობს. იგი სხვა ჟანრის ნახატებსაც ხატავს, მაგალითად – პორტრეტებს.

-მომიყევით თქვენს ბავშვობაზე…
-რა საზიზღარი ბავშვი ვიყავი, შენ ხომ აზრზე არ ხარ.  არიან ბავშვები, რომლებსაც დასვამ, ხმას არ იღებენ, არ ინძრევიან, გგონია, არც სუნთქავენ; არიან უზრდელი ბავშვები; ყველანაირი ბავშვი არსებობს. მე ხომ ტყუპისცალი მყავს. მე და ჩემი ძმა ვიყავით ბავშვები, რომლებიც კიბეების გარეშე კედლებზე დადიან. ონავარი ბავშვები. არც უზრდელი და არც ისეთი, რაღაცებს რომ აფუჭებენ. რაღაც უცნაურობებს ვშვრებოდით. ბავშვობიდანვე მიჭირავს ფანქარი. 1 წლიდან მოყოლებული ფანქარი ავიღე და არ გამიგდია ხელიდან. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ.

მამაჩემი კინოსტუდიაში მუშაობდა. ჩემ გარშემო, ოჯახში, საქართველოს საუკეთესო მსახიობები, შემოქმედი ხალხი, რეჟისორები ტრიალებდნენ.  მსგავსმა გარემომ შეუძლებელია კვალი არ დატოვოს. სახელი ედიშერ ყიფიანმა დამარქვა. ჩვენ რომ დავიბადეთ, სუფრაზე თამადა ნოდარ დუმბაძე იყო. ბოლოსდაბოლოს, არჩილ სულაკაური ბიძა გვყავს და მულტიპლიკაციის მამა – მეორე ბიძა.

-რა იყო თქვენი პირველი ნახატი?
-პორტრეტი დავჯღაბნე. სულ ხატვის პროცესში ვიყავი. ის მომენტი არ მაქვს, რომ ეს პირველია და შედევრია.

-როგორ სწავლობდით?
– მთელმა სკოლამ იცოდა, რომ მე და ზურიკო სულ ვხატავდით. არც ჰქონდათ მასწავლებლებს პრეტენზია, რომ ხუთოსნები ვყოფილიყავით. ხუთოსნები დაზუთხულ ტექსტებს რომ არაკრაკებდნენ, ეგეთი მომენტი არ გვქონდა. უფროსი ძმა გვყავს, რომელიც ჩვენ მაგივრად სწავლობდა ყველაფერს. უამრავი წიგნი აქვს წაკითხული. ვეუბნებოდი, რომ არც უწიგნურობა ვარგა, ილია ჭავჭავაძის არ იყოს, არც მარტოოდენ წიგნიდან გამოხედვა. შენ წიგნები წაიკითხე, ჩვენ ვირბენთ და ვითამაშებთ-მეთქი.

-როგორია ზალიკო, როგორც მამა და მეუღლე?
-ეს მათ უნდა ჰკითხო, შვილებს და მეუღლეს. არ ვიცი, როგორი ვარ. ხომ იცი, მკაცრი მამები რომ არიან, შვილებს რომ სჯიან – ეგეთი არ ვარ. შვილების მეგობარი ვარ. უფროსი ბიჭი ჩემთან სტუდიაში ხატვისა და ანიმაციის მასწავლებლად მუშაობს. გოგო პატარაა, 10 წლის ხდება. ერთ დღეს არიან დაბადებული.

-რა იყო თქვენი ბავშვობის ოცნება? აიხდინეთ?
ბავშვობაში მინდოდა დისნეილენდის ნახვა. ჩემი კოშკები დაინგრა, როდესაც ვნახე. არ მომეწონა.  მიყვარს ბითლზი. რას წარმოვიდგენდი, ვერც ვიოცნებებდი, რომ ერთ-ერთ წევრს, რინგო სტარს სახლში ჩემი ნახატი ექნებოდა. პოლ მაკ-კარტნის ჩავეხუტე, ფოტოც გადავიღე,

-ვინ არის თქვენი საყვარელი მხატვარი და ახდენს თუ არა თქვენზე გავლენას?

-არავინ თქვას, რომ გავლენა არ აქვს. ბუმბერაზი მხატვრები ყოველთვის ახდენენ გავლენას. გააჩნია, ვის რა მოსწონს – ვის რომელი მხატვარი. მე რემბრანდტის შემოქმედებით გავიზარდე და ვთვლი, რომ ჩემი ტექნიკის თუ ხატვის დონის ამაღლებაში ლომის წილი აქვს. დიდი მუხა წარმოიდგინე და შენ ბალახი ხარ. არ შეიძლება, ჩრდილში არ მოექცე, იმ მხატვრების ჩრდილში და გავლენის ქვეშ. მაშინ ხარ ბუმბერაზი, ყლორტი რომ გაიზრდები და მუხის ტოლი გახდები.

– რა არის ის, რაც თქვენ შთაგაგონებთ?
-ადამიანები არიან ჩემი მუზები. ყველა ადამიანს აქვს თავისი მიმიკა: სიხარულის, მოსმენის. ამ ყველაფერს ვაგროვებ. მერე ეს შეიძლება ჩემს შემოქმედებაში სიყვარულის სახით გამოიხატოს. ეს გაუთვითცნობიერებლად ხდება. და კიდევ, ძალიან მიყვარს ლუდი. რომ ვსვამ, ხატვა მინდება.

-ვინ არის ის, ვისაც იდეებს უზიარებთ, ვისი აზრიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ?
რთულია ამის თქმა. გააჩნია, იმ მომენტში, გარშემო ვინ მყავს. შეიძლება იყოს ახლო წრე, მეუღლე, ძმაკაცი. საკუთარ თავს კრიტიკულად ვაფასებ. ერთხელ დამესიზმრა, რაღაც საოცრებები დავხატე. იმასთან, რაც მაქვს, არაფერია. აქედან დავასკვენი, რომ არ შეიძლება დაკმაყოფილდე.

-ამბობენ, მხატვრებს განსხვავებული, ახირებული ხასიათი აქვთო. მართალია?

-იცი, როგორი რაღაცაა? შეიძლება, დავჯდე და დავინახო, უკვე ვიხატავ გონებაში ადამიანს, როგორ დავხატავდი, რა ტონალობას დავადებდი. ჩემთვის ვფიქრობ და ამ ფიქრს მოქმედებაში გამოვხატავ. მე შეიძლება კარგი იდეა მომივიდეს და გახარებული ყირაზე გადავიდე.  საერთოდ, ხელოვანებს უჩვეულო და ახირებული ჩვევები ახასიათებთ. მაგალითად, გავიმეორებ დოჩანაშვილის მოქმედებას – გურამმა, როდესაც სამოსელი პირველი დავწერე, გახარებული ყირაზე დავდექი და ოთახში ცოლ-შვილი შემოცვივდა, მიწისძვრა ხომ არ არისო. მთავარია, შექმნა. ჯანდაბას, ვიყო ახირებული! რა მოხდა მერე? მაპატიებს ხალხი.

1

-რა უფრო სასიამოვნოა, ხატვის პროცესი თუ შედეგით ტკბობა?

ყოველთვის მიყვარს პროცესის ყურება, ყურება, ვიღაც როგორ ხატავს. ჩემს შემოქმედებაშიც პროცესი მიყვარს, რომ დავხატავ, რაღაცნაირად არ მაკმაყოფილებს-ხოლმე.

-მგონია, რომ მხატვრები ყველაფერს განსაკუთრებულ ფერებში აღიქვამთ. მართალია?

-აბსოლუტურად ჩვეულებრივ ფერებში ვხედავ. ხედვა ზუსტად ისეთია, როგორც შენ ხედავ. ხატვისას შეიძლება გადავწყვიტო, წვერი ლურჯი დავსვა, ფერადი სახე ან მწვანე სახლი. შეიძლება, ისეთ ხასიათს გადმოვცემ, რომ მწვანედ უნდა დავხატო ან რა ვიცი. მე ხომ რეალისტურად არ ვქმნი. თუ რეალისტურს ხატავ, მაგ შემთხვევაში, ფოტოგრაფიული სიზუსტით უნდა გადმოიტანო. ამიტომაც ფიქრობენ, რომ მხატვრები არიან უცნაურები – ცას წითლად დაგიხატავენ. ჯარში მე და ჩემმა ძმამ შტაბი მოვხატეთ. ქართულ-ოსმალური შეტაკება დავხატეთ, სისხლი არ იყო საერთოდ, მაგრამ ცა წითელი იყო. მხატვრობაში ფერმა განწყობა უნდა შექმნას.

-ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც თქვენს პროფესიაში წააწყდით.
არსებობს ბარიერები, რომლებიც უნდა გადალახო.  ამისთვის დაუღალავი შრომა, ფიქრი და სწავლა გჭირდება, ბავშვობაში რაღაცები რთულად მეჩვენებოდა. რთული არაფერია, ღმერთმა ყველა ადამიანს მისია დააკისრა. მე – ხატვა, მაგრამ საით წავალ, რაც ვიზამ, როდის წავალ და როგორი ვიქნები, არავინ იცის. მთავარია, არ გაჩერდე და ყოველთვის მიაღწევ დასახულ მიზანს.

-რა არის თქვენთვის ბედნიერება?

-ჩემთვის ბედნიერება, ხშირად მითქვამს, ბავშვია. იმხელა ენერგიას იძლევიან, როგორსაც ვერც ბუნება და ვერც ზრდასრული ვერ იძლევა. ჩემთვის ყველაზე მთავარი და დიდი ენერგია ბავშვია.

-ბედნიერება დახატეთ-მეთქი, რომ გთხოვოთ, ბავშვს დახატავთ?

-ყოველდღე ვხატავ ბედნიერებას, ბავშვს. დღე არ გავა. შეიძლება ნახატი დავხატო, ბავშვი კი არა, რაღაც უცნაურობა იყოს და ბედნიერება დავარქვა. კაცმა არ იცის…

– რატომ უყვარხართ ბავშვებს ასე ძალიან?

-მე-20 საუკუნეში რომ ლენინი უყვარდათ ბავშვებს, მე ვარ 21-ე საუკუნის ლენინი (იცინის). ადრე ასე მასიურად არ ვუყვარდი. მერე სტუდია გავაკეთე, ვიზუალურად რომ გამოჩნდა ზალიკო, გაბურძგნული კაცი დაინახა ბავშვმა ამ ქვეყანაზე. ბავშვების 90%-ისთვის საყვარელი საქმიანობა არის ხატვა. ყველა ბავშვს უყვარს. ამ შენ საყვარელ საქმეს (რომელიც შესაძლოა, არ გამოგდის, რადგან შრომა უნდა, მაგრამ აუცილებლად გამოგივა), ვიღაც გაბურძგნული კაცი რომ გასწავლის, არ არსებობს, რომ არ გიყვარდეს. ალბათ, მნიშვნელოვანია ჩემი დამოკიდებულებაც ბავშვების მიმართ – რომ არ მოვეფერო და ენერგია არ მივიღო, ვერ ვხატავ.

-ხატვას შეიძლება ვუწოდოთ საუკეთესო საქმე ამქვეყნად?

-საუკეთესო საქმე აბსოლუტურად ყველაფერია, რასაც აკეთებ. მთავარია, როგორ აკეთებ, როგორი გულით. ხატვა არასოდეს გამოგივა, თუ შენში არ დევს ისეთი რამ, როგორიცაა ,,მე ვარ მხატვარი’’. საუკეთესო საქმე ჩემთვის არის ხატვა.

– რა არის თქვენი ოცნება?

-არსებობს ოცნებები, რომლებიც აგიხდება. ძალიან მინდა ბრიტანეთში წასვლა. ბევრი ქვეყანა მოვიარე, ბრიტანეთში ვერ წავედი. არ ვოცნებობ, არამედ მინდა, რომ სულ ვხატო, თუმცა ბავშვების და რაღაც-რაღაცების გამო ამას ვერ ვახერხებ.

-და ბოლოს, აღწერეთ თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე.

-ეს დაბადების დღეები ყოველდღეა, ღმერთმა ამრავლოს საქართველოში ბავშვები, და ჩემი მოვალეეობაა, დავხატო. მერე ვჩუქნი პირადად, იმიტომ, რომ ზალიკოს ნახვა უნდათ. ფაქტობრივად, დილის 11-იდან რომ იწყება, ღამის 10 საათზე მთავრდება დაბადების დღეის ზეიმები, მერე მივდივარ სახლში. ინტერვიუსაც ვასწრებ, ხატვასაც, ბავშვებსაც ვეხუტები. მერე შეიძლება, მომინდეს ბარში კარგი ცოცხალი მუსიკის მოსმენა, ფუნიკულიორიდან თბილისის ყურება, ან, უცებ – ვაჟა-ფშაველას საფლავთან ჩამოჯდომა.

მოამზადა სალომე ლეკიშვილმა