Skip to content

იგავი მარმარილოს ბურთებზე

ერთ ქალაქში ცხოვრობდა ერთი სულელი ბიჭი, რომელსაც მარმარილოს ბურთებით სავსე ჩანთა ჰქონდა. ბიჭი ამაყობდა თავისი საკუთრებით, თუმცა იმდენად ბევრს ფიქრობდა მათზე, არასოდეს თამაშობდა ამ ბურთებით და არც სხვას რთავდა ამის ნებას.
ბიჭი ჩანთიდან ბურთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდა, თუ დათვლას მოისურვებდა. მოკლედ ბურთებს არასოდეს ჰქონდათ შესრულებული თავიანთი ფუნქცია. ბიჭი მუდამ თან დაატარებდა მარმარილოს ბურთებით სავსე ჩანთას.
ამავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ჭკვიანი ბიჭი, რომელიც ნატრობდა რომ მეორე ბიჭივით ლამაზი მარმარილოს ბურთები ჰქონოდა. იგი ქალაქის ერთ-ერთ სასადილოში მრეცხავს ეხმარებოდა იმისათვის, რომ ბურთების საყიდლად საჭირო ფული გამოემუშავებინა. და მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ვერ მოეგროვებინა ეს ფული, მაინც არ კარგავდა რწმენას და იმედოვნებდა, ოდესმე ისიც შეძლებდა მარმარილოს ბურთებით თამაშს.
ბიჭს ერთი ცარიელი ჩანთა ჰქონდა, რომელსაც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. სჯეროდა რომ ერთ დღესაც ჩანთა მარმარილოს ბურთებით გაივსებოდა. მას სურდა საყვარელ მეგობრებთან ერთად ეთამაშა თავისი საოცნებო ბურთებით.
გავიდა დრო, სულელი ბიჭს სიახლის ხიბლი დაეკარგა და დიდ ყურადღებას აღარც აქცევდა თავის ჩანთას, რომელიც ერთ დღეს გაირღვა და პატარა ხვრელიც გაუჩნდა. ბიჭმა ეს იცოდა, თუმცა დიდად არ ადარდებდა. ბურთები კი გაჩენილი ხვრელიდან ვარდებოდნენ და ჩანთაც თანდათან ცარიელდებოდა.
მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა, როდესაც ჭკვიანმა ბიჭმა დაკარგული ბურთების პოვნა დაიწყო და სათითაოდ ათავსებდა მათ თავის ჩანთაში. საბოლოოდ ჭკვიანმა ბიჭმა აიხდინა საკუთარი ოცნება და ჩანთა მარმარილოს ბურთებით გაავსო. იგი მეგობრებთან ერთად ყოველდღე ტკბებოდა ბურთებით თამაშით. ბიჭი ყოველთვის  აფასებდა მარმარილოს ბურთებს და უფრთხილდებოდა.
მარმარილოს ბურთები შესაძლებლობებს გამოხატავენ, რომლებიც ადრე თუ გვიან ყველა ჩვენთაგანს გვეძლევა. სულელი ბიჭი იმ ადამიანების მაგალითს მოგვაგონებს, რომლებიც არ უფრთხილდებიან შესაძლებლობებს, ხშირად ნაბიჯის გადადგმის, მათი გამოყენებისა და რეალიზაციის ეშინიათ, საბოლოოდ დრო გადის, მოტივაციაც უნელდებათ და შესაძლებლობებსაც უაზროდ კარგავენ.
ჭკვიანი ბიჭი კი იმ ადამიანთა გამოხატულებაა, რომელთაც დრო არ აშინებთ და არც იმედს კარგავენ. ისინი მოთმინებით და რწმენით ელოდებიან სასურველ წამს და საბოლოოდ ისრულებენ კიდეც საკუთარ სურვილებს.
4motivi.com