– მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
– რა ასაკი.
– აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
– თქვენ გინდათ თქვათ რომ…
– დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
– სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
– მერე?
– მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
– რატომ, არ გიყვარდათ?
– ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
– მაინც?
– გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
– მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
– მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
– გააჩნია, რა შემთხვევაში.
– ხომ გითხარი?
– რა მითხარით?
– ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
– შერიგებას არ აპირებთ?
– ვისთან, იმასთან?!
– უკაცრავად.
– არაფერზე.
– და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
– ვისზე ამბობთ?
– თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ჩამოვიდოდა ჯარიდან.
– ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
– მერე რა უთხარით?
– ვიფიქრებ მეთქი.
იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
– მერე რა გაარკვიეთ?
– თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
– და ვეღარ შეხვდით?
– მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
– არ მოვიდა?
– ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო.
მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
– და აღარ გჯერათ?
– არავითარ შემთხვევაში.
– და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
– რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ