ჩემთვის პირიქით იყო და არის, და ისინი, ვინც დინების წინააღმდეგ მიდიან, ყველაზე საინტერესო ადამიანები არიან კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტები მხოლოდ იმ არაამერიკელ ლიდერებს უჭერენ მხარს, ვინც მათთვის სასურველ ისტორიას ქმნიან.
ზვიად გამსახურდიას კი ყველაზე მეტად აინტერესებდა, რომელსაც ქმნიდა კიდეც, მაგრამ ამერიკელები და რუსები რას გვაპატიებდნენ, როცა ქართველებმაც კი არ აპატიეს პირველ პრეზიდენტს ძალიან უბრალო შეცდომები, როცა მთავარი და მეათეხარისხოვანი ერთმანეთისაგან, უბრალოდ, ვერ გავარჩიეთ.
იქნებ იმ შეცდომებზე ლაპარაკობდნენ კიდე ზვიად გამსახურდია და მისი ვაჟი ვენაში, სადაც პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნებამდე გროზნოდან ჩავიდა. ისინი მალე მთელი დღე ისხდნენ ვენის ტრამვაის ვაგონში, სულ ბოლო სკამზე და საუბრობდნენ საქართველოზე, ალბათ, ისე სევდიანად, რომ ტრამვაის ვიტმანი მხოლოდ გახედავდა ხოლმე მათ და არ ეუბნებოდა, რომ ეს უკვე ბოლოგაჩერებაა. ვინ იცის, რამდენჯერ შემოუარა იმ ტრამვაიმ ავსტრიის წვიმიან დედაქალაქს და იქნებ ზვიად გამსახურდიამაც დანამდვილებით იცოდა, რომ იგი საქართველოში სიკვდილთან შესახვედრად ბრუნდებოდა.
ის კი ფაქტია, რომ საქართველოში დაბრუნებული პირველი პრეზიდენტის გზა ერთნაირად ჰგავდა წიგნებში მთვარის შუქზე გადალახულ ადიდებულ ენგურს და ძველი კოლხური მითოსის რომელიღაც მისტერიას.
შეიძლება, ერთი შეხედვით ცოტა ველურ შთაბეჭდილებასაც ტოვებდეს მისი ცხოვრების ერთი სიკვდილის წინა ეპიზოდი მეოცე საუკუნის ბოლოს, მაგრამ სწორედ ეს ეპიზოდი, მგონი, ყველაზე ბევრის მთქმელია პირადად ჩემთვის.
როდესაც რუსეთის არმიის ნაწილებმა დასავლეთ საქართველოში შემოსვლა დაიწყეს, ზვიად გამსახურდია მისმა თანმხლებმა პირებმა მთიან სამეგრელოში აიყვანეს. ერთი ღამე მათ ტყეშიც კი გაატარეს, მაგრამ კარავში დაძინება შეუძლებელი იყო, რადგან ტყეში მოშიებული ნადირიც ბევრი იყო და პრეზიდენტი და მისი დაცვის წევრები მთელი ღამე ალმოდებული ჩირაღდნებით ცდილობდნენ მათ მოგერიებას.
სამეგრელოში დასრულდა კიდეც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლე, მასთან ერთად კი ის ეპოქაც გასრულდა, რომელმაც მეორედ მეოცე საუკუნეში დამოუკიდებლობა მოუტანა საქართველოს, სამწუხაროდ – მხოლოდ ძალიან მცირე ხნით.
რუსებმა, რასაკვირველია, მათთვის ძალიან წარმატებით გამოიყენეს ქართული ხასიათის რამდენიმე თავისებურება და საერთოდ ქართული სისუსტეები: ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეცდომები, ქართული ამბიციები და ამპარტავნობა, სულსწრაფობა და მოკლემხედველობა, შური და გაუტანლობა, სიზარმაცე და გაუნათლებლობა…
დანარჩენი მსოფლიოც მაშინ ისევე შეხვდა რუსულ აგრესიას, როგორც მანამდე ან მერე, რადგან უკვე მშვენიერ სავარძელში მოკალათებული, ევროპისა თუ ამერიკის ვერცერთი პრეზიდენტი ვერ წარმოიდგენდა მთიანი სამეგრელოს იმ ტყეს, სადაც მეოცე საუკუნის ბოლოს მათი ქართველი კოლეგა ჩირაღდნით ხელში ებრძოდა ველურ სიბნელეს.
ისიც მიფიქრია, რომ შეიძლება, სხვებისთვის თავისუფლების მიღწევას სულაც არ დასჭირვებია ამდენი თავგანწირვა და სისხლი თუ ცრემლი, რაც ქართველებმა დამოუკიდებქლობის მოსაპოვებლად საუკუნეების მანძილზე გაიღეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სულ ვიბრძვით და მოვიპოვებთ, მაგრამ ყოველთვის ვკარგავთ და მერე თავიდან ვიწყებთ.
უკვე მერამდენედ ვიწყებთ და არც გვბეზრდება და, მგონი, იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ეს ხალხი მაინც ხვდება (შინაგანი ინტუიციით მაინც), რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ამ სამყაროში მაინც არაფერი არსებობს…
გაზეთი „ასავალ-დასავალი”
24. 02. 2014 წ.