Skip to content

გოდერძი ჩოხელი: დაკარგული სიყვარულის დასაბრუნებლად

ყოველთვის, როცა სიტყვა შეყვარებულებზე ჩამოვარდება, მაშინვე ბექა გამახსენდება ხოლმე და მეშინია… არ ვიცი კი რისა.მეშინია სიკვდილისა თუ სიყვარულის… არა! არა! სიკვდილისა ნამდვილად არ მეშინია. ალბათ სიყვარულისა მეშინია;თუმცა რას გაიგებ,იქნებ სიყვარულისა იმიტომ მეშინია, რომ შეიძლება სიკვდილს დაატარებდეს თან…
ოთახში ორნი იყვნენ. ფანჯრიდან მთვარის შუქი შემოდიოდა და მკრთალად ანათებდა კედლებს. ოთახი იყო ძველებური, შემურული ჭერით და კედელზე გაკრული ფარდაგებით. ერთ კუთხეში ფარი, ხმალი, ხანჯალი, სამკლავე და ჯაჭვის პერანგი ეკიდა ერთიმეორის მიყოლებით. კიდევ ეკიდა სხვადასხვა იარაღი.
მთვარე ხან ძლიერად გამოაშუქებდა, ხან ფერმკრთალდებოდა.
ოთახში ორნი იყვნენ და ლაპარაკობდნენ, უფრო სწორად, ერთი ლაპარაკობდა, მეორე კი ყურს უგდებდა.
– ის ქერათმიანი ჩემი მეუღლე იყო, მერე იმასთან დაიწყო სიარული.
– ვისთან, მაღალი, გამხდარი რომ არის?
 – ჰო, სათვალეებიანი რომ არის, იმასთან. იმ ბიჭს ვაჟა ჰქვია. ერთი თვის უკან ირინამ გამომიცხადა, რომ ვაჟას მიჰყვება ცოლად.
– მერე?!
– არაფერი. ჯერ ხელი არ მოუწერიათ.
– შენ არაფერი უთხარი?!
– მე, მე არაფერი. არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა. ისე კი, მართლა მიმძიმს. აი ახლა, ამ წუთშიც მიყვარს.
ორივე ჩუმად არიან.
ბექა ადგა და სპილენძის კოდიდან თასით სვიანი ლუდი ამოიღო. ჯერ სტუმარს დაალევინა, მერე თვითონ დალია. ესიამოვნა ცივი ლუდი. ფანჯრიდან გარეთ გადაიხედა. სოფლის განაპირას სათიბებში დადგმული კარვები გამოჩნდა.
– სულ რამდენი ხართ? – შემობრუნდა ბექა.
– თვრამეტნი ვართ.
– არხოტში ჯუთიდან გირჩევნიათ გადასვლა, – თქვა ბექამ და ისევ დაწვა.
კარგა ხანს ჩუმად იყვნენ. მერე ბექამ იკითხა:
– გიყვარს?
– ახლა უფრო მეტად, – თქვა სტუმარმა.
– ბავშვი არა გყავთ?
– ორი წლის გოგო გვყავს, იამზეს ვეძახით. ძალიან ჰგავს დედას. შეიძლება არც გავშორდეთ.
– რა?!
– შეიძლება არ გავშორდეთ-მეთქი.
ორივე გაჩუმდა. მთვარემ უფრო ძლიერად გამოანათა.
ბექა იწვა და თავის არსებაში რაღაცას ებრძოდა. არასოდეს უყვარდა თავის თავზე ლაპარაკი. ახლა კი თავისთავად გადმოხეთქა დაგროვილმა სიყვარულმა ბექას შეუვალი სამყაროდან და ერთხელ კიდევ დალია ცივი ლუდი.
– აუჰ, კარგია! – თქვა სტუმარმა.
ბექამ ფანჯრიდან კარვებს გადახედა და რატომღაც გაიფიქრა: „ახლა ამის ცოლი იმასთან ათენებს კარავში. ამას კი უფრო მეტად უყვარს“. ბექას სტუმარი შეებრალა და სხვა დროს, რომ სიტყვას ვერ ამოაღებინებდი სიყვარულზე, ახლა მოუნდა ეთქვა ვიღაცისთვის და – შუაღამისას, გუდამაყარში განთქმული დეკანოზის შვილიშვილი, ბექა ჩოხელი, თავის სტუმარს დაკარგულ სიყვარულზე უყვება:
– ნინო ერქვა… ჰო, კი არ ერქვა, ახლაც ჰქვია. ერთ მერხზე ვისხედით. ჩვენს კლასში მარტო ის ერთი გოგო იყო. კლასში სულ რვანი ვიყავით და როცა ფეხბურთს ვთამაშობდით, ხან ჩემს მხარეზე იყო ნინო და ხან – იმის მხარეზე. ნინოს ყოველთვის კარში ვაყენებდით. იმას გურამი ჰქვია. მეხუთე კლასში ორივეს შეგვიყვარდა. ნინომაც გაიგო და ამის მერე ყოველთვის ჩემს მხარეზე დგებოდა კარში. მეექვსე კლასში უარი გამოგვიცხადა ფეხბურთის თამაშზე და დავრჩით შვიდნი.
ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა დღე, რო ნინო არ იდგეს იმ დღის დილაში ან საღამოში. დგას და მიყურებს. აი ახლაც მიყურებს. ვიცი, რომ მიყურებს, თუმცა არა, ნინოს მე ვუყვარდი, ერთად დავდიოდით ტყის ნიორაზე, ქორწილებში, ხატში. ხან სიზმრებს მიყვებოდა. სიზმრები იცოდა ლამაზი, მეუბნებოდა, ცა ეკრანია და ზედ სიზმრები ერთმანეთს არ აცდიან ჩემს გართობასო. შუაღამისას გვიმგზავრია ერთად. ცაზე სავსე მთვარე იყო. მიხაროდა, რომ შეიძლებოდა რამე საფრთხეს გადავყროდით და შემეძლებოდა ნინოს დაცვა, იმასაც უხაროდა და არ იცი რა, უცებ გაჰყვა იმას ცოლად… ისეთი გულცივი გახდა, ხმაც აღარ გამცა. გესმის, თითქოს არც კი მცნობდა. მე კი, როგორც შენ ამბობ, ახლა უფრო მიყვარს. ვწევარ ხოლმე, აი, ამ ტახტზე და ვოცნებობ. ისეთივე ნინო მყავს ოცნებაში, ქერათმიანი, ოდნავ სუსტი. ცაზე დიდი მთვარეა. ჩვენ მთიდან მოვდივართ, მე მიხარია, რომ ნინოს დაცვა შემიძლია. იმასაც უხარია და სიზმარს მიყვება. სადღაც მგლები ყმუიან. მე პაპაჩემის ნაქონი ხანჯალი მაქვს თან. აი, ის, კედელზე რომ ჰკიდია. რატომ მიღალატა, არ ვიცი. იმას კი ვერავინ დამაჯერებს, რომ არ ვუყვარდი, თუმცა შენ გარდა ასე გულახდილად არავისთან მილაპარაკია ამის შესახებ და იცი…
ბექა უცებ შეკრთა:
მისი სტუმარი ხვრინავდა…
….
სასამართლოს უამრავი ხალხი ესწრებოდა. გამოძიება დიდხანს არ გაგრძელებულა.
ბექა იჯდა და არავის უყურებდა. როცა მოსამართლემ ჰკითხა, რა მიზეზით მოკლა სტუმარი, მან ასე განაცხადა:
– არ ვიცი..
როცა მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, ბექას ძარღვიც კი არ შესტოკებია სახეზე. ის იმ დროს ქმრის გვერდით მჯდარ ნინოს თვალებს წააწყდა და იმ წუთში ვერც კი მიხვდა, რას ნიშნავდა სიტყვა – დახვრეტა. როცა სადმე სიყვარულზე საუბარს მოვკრავ ყურს, მაშინვე ბექა მახსენდება და რატომღაც მგონია, რომ როცა დასახვრეტად მიჰყავდათ, მაშინაც კი დაკარგული სიყვარულის დაბრუნებაზე ფიქრობდა…
გოდერძი ჩოხელი