Skip to content

„ახალი კურსი“ – სართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემა

ეფექტიანი საგადასახადო სისტემის ფორმირება ქვეყნის სამეწარმეო და შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომ სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ჟურნალი 4motivi.comგთავაზობთ ეკონომიკის მკვლევარ გივი კუპატაძის მიერ მომზადებულ საგადასახადო სისტემის რეფორმირების  „ახალი კურსის“ ექსკლუზიურ ანალიზს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ მთელი რიგი რეფორმები გატარდა საგადასახადო სისტემაში, რომელთა უმრავლესობა  შეიძლება ჩაითვალოს წინგადადგმულ ნაბიჯად. ამის ნათელი დადასტურებაა გადასახადების რაოდენობის შემცირება(რასაც თან ერთვოდა განაკვეთების შემცირება) 26–დან 6–მდე. თუმცა, ეკონომიკის მკვლევარ გივი კუპატაძის განცხადებით,  გატარებული რეფორმები ეკონომიკის განვითარების არსებული დონისა და ტემპების პირობებში არ არის საკმარისი სამეწარმეო გარემოს გაჯანსაღებისათვის.
 
„ყოველი შენობის მდგრადობას ის ფუნდამენტი განსაზღვრავს, რაზეც ის არის აშენებული. ამიტომ, მთავრი ის პრინციპებია, რაზეც საგადასახადო სისტემაა დაფუძნებული. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2011 წელს გამოცხადებული „ახალი კურსის“ მიხედვით, სამინისტროს საქმიანობის ძირითად პრინციპებად გამოცხადდა სამართლიანობა, სიმარტივე და სანდოობა. „ახალი კურსის“ მიხედვით, სამართლიანობის პრინციპი გულისხმობს შემდეგს:
ეკონომიკის მკვლევარი გივი კუპატაძე
 
საგადასახადო ორგანო უნდა იყოს გადამხდელისათვის პარტნიორი და ბიზნესმენი საგადასახადო ადმინისტრირებაში არ უნდა ხედავდეს საკუთარი დანაზოგის დაბანდების რისკს. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ზემოაღნიშნულ პრინციპს არავითარი საერთო არ აქვს სამართლიანობის პრინციპთან და იგი სინამდვილეში უნდა წარმოადგენდეს ეფექტიანობის პრინციპს. ამასთან, საუბარი ზედმეტია სამართლიანობის პრინციპზე მაშინ, როდესაც საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შესატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. სამართლიანობის იდეა გულისხმობს ნებაყოფლობით თანამშრომლობასა და ღირებულების დათმობას (გადასახადის გადახდას) კონკრეტული ღირებულების (მთავრობის მიერ გაწეული მომსახურებების) სანაცვლოდ. იმისათვის, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებული „ახალი კურსი“ რეალურად დაეფუძნოს სამართლიანობის პრინციპს, აუცილებელია გადასახადის ცნების რედაქტირება. გადასახადი უნდა წარმოადგენდეს არა უპირობო  ფულად შესატანს, არამედ მთავრობის კონსტიტუციური უფლებემოსილების შესასრულებლად საჭირო ფულად შესატანს. „ახალი კურსის“ მიხედვით, სიმარტივის პრინციპის იდეა გულისხმობს, ბიზნესისათვის გადასახადო ვალდებულებების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობის შექმნას და ინფორმაციის საჯაროობას. სინამდვილეში დეკლარაციების  ელექტრონულად წარდგენა ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა და ამიტომ ესეც არა სიმარტივის, არამედ ეფექტიანობის პრინციპს უნდა წარმოადგენდეს. მეწარმისათვის ბიზნესის კეთების სიმარტივე ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო პროცედურების გამარტივება და მისი მართვის პროცესის ბიუროკრატიულ კორიდორებზე ნაკლებად დამოკიდებულებაა. ამისათვის კი წინგადაგმული ნაბიჯი არსებული ლიცენზიებისა და ნებართვების (ვარდების რევოლუციის შემდგომ გატარებული რეფორმების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ლიცენზია და ნებართვაა, რომელთა გაუქმება რეალურად გაამარტივებდა ბიზნესის კეთებას) რაოდენობის კიდევ უფრო შემცირება იქნება. „ახალი კურსის“ მიხედვით, სანდოობის პრინციპს წარმოადგენს ბიზნესზე ორიენტირებული სერვისების შექმნა და გადამხდელისათვის მაქსიმალური კომფორტის შეთავაზება. რა თქმა უნდა, საქართველოს საგადასახადო სისტემაში დანერგილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა იძლევა ბიზნესის შედარებით ეფექტიანად მართვის საშუალებას, მაგრამ მას არავითარი საერთო არ შეიძლება ჰქონდეს სანდოობის პრინციპთან. შეცდომები ყველას შეიძლება მოუვიდეს. არაა გამორიცხული, რომ მეწარმემ სწორად ვერ დაიანგარიშოს შემოსავლები და ხარჯები და ასევე ვერ ვიქნებით დაზღვეული შემოსავლების სამსახურის მიერ ჯარიმის შედომით დარიცხვის შემთხვევისაგან. საიმედოობის მთავრი პრინციპი შედომების გამორიცხვის შემცირებას კი არ ეფუძნება, არამედ კონკრეტული ფაქტების მიუკერძოებლად განსჯას, ანუ საიმედოობის პრინციპის მთავარი გარანტი თავისუფალი სასამართლოა და არა შემოსავლების სამსახური.“
სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ჟურნალ 4motivi.com-ის მისიას ქართული საზოგადოების კეთილდღეობა წარმოადგენს და შესაბამისად, ჩვენს მკითხველს მუდმივად მივაწვდით საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ექსკლუზიურ  ანალიზს.