Skip to content

არის კი ჩეკების გათამაშება რევოლუციური?

ჩეკების გათამაშების – ეკონომიკური ანალიზი
რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც მთავრობა თავისი მეთაურით კერძო სექტორის საჯარო სექტორთან თანამშრომლობისათვის სტიმულების შექმნითაა დაკავებული. ახალი ინიციატივაც, რომელიც ჩეკების გათამაშებას ეხება და მომხმარებლებს გარკვეული რაოდენობის თანხის მოგების შესაძლებლობას აძლევს, სწორედ კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის წახალისების მექანიზმია. 

ეკონომიკის მკვლევარი: გივი კუპატაძე
 
თუმცა, ვიდრე დავასკვნიდეთ, ნებისმიერი რეფორმა თუ ინოვაცია მომგებიანი არის თუ არა, უნდა მოვახდინოთ ამ რეფორმისა თუ ინოვაციის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი.
მოდით დავიწყოთ სარგებლის ანალიზით. ამ შემთხვევაში კონკრეტული სარგებლის დადგენა თითქმის შეუძლებელია. რატომ? ვინაიდან არ ვიცით, თუ რა თანხის ოდენობის ჩეკებს არ „არტყამდნენ“ ბიზნესის მფლობელები. ამიტომ, სარგებლის დათვლა მხოლოდ ლოგიკას უნდა მივანდოთ და ჩავთვალოთ, რომ თუ აქამდე რომელიმე ბიზნესი ჩეკებს არასისტემატურად არტყამდა და შესაბამისად, შემოსავალსაც არასრულად ასახავდა, ახლა ჩეკებს ყოველთვის ამოარტყამს, რადგან ამას უკვე მომხმარებელი მოითხოვს მისგან და შესაბამისად, შემოსავლებს სრულად ასახავს და ვერ შეამცირებს გადასახადს სახელმწიფოს ბიუჯეტის წინაშე. ეს სტიმული მისასალმებელია იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ხარჯი, რომელიც ლატარიის გათამაშებასთანაა დაკავშირებული ნაკლები იქნება, ვიდრე ჩვენი ლოგიკური ანალიზით დანახული ქვითრების გათამაშებით მიღებული სარგებელი.
ახლა კი ვნახოთ რა ხარჯებთანაა დაკავშრებული ქვითრების გათამაშება. როგორც აღნიშნული  ინოვაციის პრეზენტაციისას განაცხადეს 2012 წლის ბოლომდე 9 მლნ. ლარის გათამაშება იგეგმება. თუ ჩავთვლით, რომ აღნიშნული ლატარიის გათამაშება არ მოითხოვს დამატებით მმართველობით ხარჯებს, მაშინ შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ მისი ხარჯი შეადგენს 9 მლნ. ლარს.
მოგების გადასახადი საქართველოში შეადგენს 15%–ს. ეს ნიშნავს, რომ მონეტარული თვალსაზრისით, ქვითრების გათამაშების იდეის ავტორები ფიქრობდნენ, რომ ბიზნესი საკუთარ შემოსავლებში არ ასახავდა, როგორც მინიმუმ 60 მლნ. ლარს. რატომ? იმიტომ, რომ 60 მლნ–ის 15%–ი არის 9 მლნ. ლარი რის გაცემასაც  სახელმწიფო აპირებს პრიზების სახით. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბიზნესი არ ასახავდა შემოსავლებში 60 მლნ–ზე ნაკლებს, მაშინ ქვითრების გათამაშების ინიციატივა ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიანია და შესაბამისად, პროექტსაც ნაკლებად შეგვიძლია ვუწოდოთ რევოლუციური ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით.
ამ ყველაფერში არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც სიღრმეშია და არ ჩანს ზედაპირზე. კერძოდ, კი ის 9 მლნ. ლარი, რომელიც სახელმწიფომ პრიზების სახით უნდა დაარიგოს მოდის გადასახადების გადამხდელებიდან, ანუ ბიზნესისა და მომხმარებლებიდან. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ერთი გადასახადის გადამხდელი დაასაჩუქრო ბიუჯეტის ხარჯზე იმისათვის, რომ მეორე  გადასახადის გადამხდელს შეატანინო ბიუჯეტში, რაც შეიძლება მეტი თანხა.
ეს იყო ის მოკრძალებული ანალიზი, რაც ჩემი, როგორც ეკონომისტის პროფესიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ უნდა გამეზიარებინა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ახლა კი ჯერი მკითხველზეა, თუ როგორ დასკვნებს გამოიტანს ამ ანალიზიდან.