ეკონომიკის მკვლევარი: გივი კუპატაძე
ნება მომეცით მოგიყვეთ სიმდიდრის შექმნის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გზა ეკონომიკური მეცნიერების თვალსაზრით. პირველი გზა დაკავშირებულია ფართოდ გავრცელებულ ეკონომიკურ მოძღვრებასთან და არის მცდარი. ის არის სიმდიდრის შექმნის არასწორი ხედვა, რადგან ეს მოძღვრება საზოგადოების მთლიან სიმდიდრეს, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ „ეკონომიკურ ნამცხვარს“ აღიქვამს, როგორც სტატიკურ ერთეულს, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის „ეკონომიკური ნამცხვრიდან“ საკუთარი ნაჭრის მოცულობის გასაზრდელად მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს გზა საზოგადოების სხვა წევრის კუთვნილი „ეკონომიკური ნამცხვრის“ ნაჭრის შემცირებაა. სიმდიდრის შექმნის მეორე გზა დაკავშირებულია კლასიკური ლიბერალიზმის იდეებთან და წარმოადგენს სწორ გზას. მეორე მიდგომის მიხედვით „ეკონომიკური ნამცხვარი“ არ არის სტატიკური ერთეული და შესაბამისად, სიმდიდრის დაგროვების პროცესი არ ხდება სხვა ადამიანების ხარჯზე. სიმდიდრის შექმნის წამყვანი ძალა მეწარმეობაა და მისი მთავარი იდეა მთლიანი „ეკონომიკური ნამცხვრის“ მოცულობის გაზრდაა. შესაბამისად, მეწარმეობა, ნებაყოფლობითი თანამშრომლობის და არა ძალადობის ან თაღლითობის ხარჯზე, შესაძლებელს ხდის, რომ საზოგადოების თითოეულ წევრს გაზრდილი „ეკონომიკური ნამცხვრიდან“შეხვდეს უფრო დიდი მოცულობის ნაჭერი.