Skip to content

როგორ გავუღვივოთ ბავშვს სწავლის სურვილი – ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

სწავლის სურვილის გაღვივება არ არის მარტივი ამოცანა მშობლისათვის, მაგრამ სურვილის შემთხვევაში სრულიად დაძლევადია. სიტყვები „საჭიროა“, „აუცილებელია“, „გევალება“, კიდევ უფრო ძაბავს მოსწავლეს. მეორე მხრივ, სრული თავისუფლების მინიჭების შემთხვევაში ბავშვი ვერ მოახერხებს საკუთარი სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და რეგულაციას; ამიტომ მშობელმა მოხერხებულად, გონივრული ხერხებით უნდა აუქციოს გვერდი ბავშვის მხრიდან გამოვლენილ წინააღმდეგობას და ეცადოს ბავშვის გატაცებას სასწავლო პროცესით.
პირველ რიგში უნდა მოახერხოს, დააღწიოს თავი მაღალ ნიშნებზე ორიენტაციას და სასწავლი მასალის მნიშვნელობასა და შემეცნების პროცესისგან მიღებულ სიამოვნებაზე „გადართოს“ შვილი. იზრუნოს მისი თანდაყოლილი ტალანტების განვითარებაზე, შეეხმიანოს მის მიერ გამოვლენილ ინტერესს. გარწმუნებთ, შედეგად ესოდენ სანუკვარი ნიშანი – შეფასების ქულაც მაღალი და მართლაც რეალობის ამსახველი იქნება. ნიშნისთვის ნასწავლი მასალა თქვენს შვილს მალე დაავიწყდება, ინტერესით და გატაცებით აღქმული მასალა კი შესაძლებელია მთელი ცხოვრების განმალობაში გაჰყვეს.
ნუ მიეჯაჭვებით სახელმძღვანელოს, ეს ეხება როგორც მშობლებს, ასევე მასწავლებლებს. ბავშვს თვალსაწიერი უნდა გაუფართოვოთ.
მშობელი თავად უნდა იყოს მუდმივად განვითარებადი, მსწავლელი ინდივიდი, მხოლოდ ასე გახდება ის მოდელი -მაგალითი შვილისათვის. მშობელი, რომელიც არ ავლენს შემეცნებით ინტერესს და მხოლოდ შვილის სწავლის იძულებით და კონტროლით არის დაკავებული, შედეგს ძნელად თუ მიაღწევს.
ითამაშეთ თქვენს შვილებთან ერთად ინტელექტუალური თამაშები, საბუნებისმეტყველო საგნები კი,ოთახზე უკეთესად, თავად ბუნებაში ისწავლება.
დაეხმარეთ შვილს გამძლეობის გამომუშავებაში, დღის რეჟიმის სწორად ჩამოყალიბებაში, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება სირთულეებთან გამკლავების თვალსაზრისით, გაუგეთ და თანაუგრძნეთ მას, განაწყვეთ მეცადინეობისათვის მეცადინეობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. თუ შეამჩნიეთ, რომ აკადემიური მოსწრება იკლებს, დაინტერესდით, ხომ არ არის ბავშვი ემოციურად დათრგუნული, ხომ არ აქვს ურთიერთობის პრობლემები თანატოლებთან ან მასწავლებლებთან, ხომ არ ეშინია, ხომ არ აქვს კრიზისული მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
დაეხმარეთ ბავშვს საშინაო დავალების შესრულებაში, მაგრამ არ შეასრულოთ ის მის ნაცვლად, არამედ შემოიფარგლეთ მისი შემოწმებით და ჩაერთეთ მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვი თვითონ გთხოვთ დახმარებას, ასეთ შემთხევაში კი ის უარით არასდროს გაისტუმროთ. არ დაივიწყოთ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი – შეუქმენით მოსწავლეს სამეცადინო პირობები, თუნდაც მინიმალური კომფორტით, შეძლებისდაგვარად ორგანიზებული, სადაც ნორმალური განათება და ნაკლები ყურადღების გამფანტავი ფაქტორი იქნება.
მოკლედ, თავად ეზიარეთ და შვილიც აზიარეთ სწავლის პროცესში მიღებულ არა სტრესს, არამედ სიხარულს, უკეთეს შემთხვევაში კი – ბედნიერებას. სწორედ ეს მოიტანს იმ წარმატებას, რომელსაც მისგან ასე მოელით.

მოამზადა თამარ მირცხულავამ