Skip to content

თელარა გელანტია – #წარმატება არის…

თელარა გელანტია – ჟურნალისტი (TV “პირველი“ – გადაცემა „საქმის კურსი“, გადაცემა „ანალიტიკა; ჟურნალი „Forbes Georgia”)

რა არის წარმატება? – თითქოს მარტივი კითხვაა, მაგრამ  პასუხზე ფიქრმა უფრო მეტი და ახალი კითხვები გამიჩინა – მე ვარ წარმატებული?!  წარმატება საკუთარი პროფესიით მუშაობაა?! იქნებ  საყვარელი საქმის კეთებაა?!  ან  მაღალი ანაზღაურება?! შეიძლება ვიღაცისთვის წარმატება უბრალოდ „მაღალი თანამდებობის“ დაკავებაა, თან შრომის გარეშე, „კრიშის“ დახმარებით… ალბათ წარმატების აღქმა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, რას აიღებ  წარმატების კრიტერიუმად.

ჩემი აზრით, წარმატება პროცესია და  წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც საკუთარი შრომით მიიწევ წინ კარიერულ კიბეზე.  მერე რა, რომ ეს გზა შეიძლება უფრო რთულია და გრძელი, სამაგიეროდ,  „ტკბილია“, რადგან იცი,  რომ ყველაფერს  შენით  და  სუფთად მიაღწიე!

ვფიქრობ, ჟურნალისტიკაში წარმატების მისაღწევად პროფესიული რეპუტაცია უმთავრესია. არასდროს  უნდა წახვიდე კომპრომისზე, იმიტომ რომ თუ ერთხელ „შეასრულე დავალება“, მეორედაც მოგიწევს და აუცილებლად წამოგაძახებენ, თან დამსახურებულად ან ზურგს უკან მაინც ისაუბრებენ შენზე!

შეიძლება, ჩემი სიტყვები მომავალმა ან დამწყებმა ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გაიფიქრონ – როგორ უნდა ვიაროთ კარიერულ გზაზე სუფთად და უკომპრომისოდ?!  ჩემი აზრით,  მთავარი ხაზი პროფესიულ  კომპეტენციაზე გადის, რომელიც  მოაქვს საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას, მითუმეტეს ჟურნალისტიკაში, სადაც წარმატება დიდწილად გამოცდილებასა და ურთიერთობებში ჩადებულ ინვესტიციებზეა დამოკიდებული!

მოკლედ, არ ვიცი როგორია წარმატების ზუსტი ფორმულა,  მაგრამ ვფიქრობ, ხშირად უნდა  ვკითხოთ საკუთარ თავს – „რამდენად მოთხოვნადი ვარ?! არსებული სამსახური რომ დავკარგო, კიდევ ვინმეს დავჭირდები ბაზარზე?!“ მე ასე ვიქცევი ხოლმე. ამ კითხვებზე პასუხი ბევრ რამეზე მიგვანიშნებს .