ყველა ადამიანი ოცნებობს-იყოს ბედნიერი. იბრძვის, შრომობს, ხარჯავს უამრავ რესურსს, დროს და ენერგიას მისი მოპოვებისთვის. რადგანაც ღრმად სწამს, რომ ბედნიერება აუცილებელია და ადამიანის თანდაყოლილი უფლებაა-მოიპოვოს იგი. მისკენ სავალი გზებიც განსხვავებულია ყველასთვის, ზოგი მას საყვარელ ადამიანში ხედავს,ზოგიც- საყვარელ საქმეში,ზოგიერთი ხელოვნებითაა გატაცებული, ზოგისთვის კი მოგზაურობაა პროირიტეტი.
თუმცა სტაბილური ბედნიერება ადვილი მოსაპოვებელი არ არის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენი ბედნიერება დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, გარეგან მახასიათებლებზე. მუდმივად იცვლება, ვითარდება გარემო, იცვლებიან ადამიანები ჩვენს ირგვლივ, ჩვენ თავად გვეცვლება გეგმები, შეხედულებები, გვესახება ახალი მიზნები და პრიორიტეტები. ერთხელაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაშიც ვხედავდით ბედნიერების წყაროს, სადაც ვეძებდით მას, იქ სულაც არ არის…
მეც ერთერთი მათგანი ვარ, იმ უამრავ ადამიანს შორის, ვისთვისაც ბედნიერება ასოცირდებოდა რაიმე გარკვეული მოვლენის, გარკვეული სუბიექტის, ან ობიექტის არსებობასთან. ყოველთვის მჭრდებოდა ვიღაც სხვა, ვინც იზრუნებდა ჩემს საკუთარ ბედნიერებაზე. მჭირდებოდა რაღაც მოვლენა, რაც თავისთავად გარანტი იქნებოდა ბედნიერების. ეს კი, რა თქმა უნდა, ხშირად იწვევდა იმედგაცრუებებს.
ახლა, ბევრი ძიების შემდეგ, მე დავრწმუნდი, რომ ბედნიერება სულის მდგომარეობაა. ამ მდგომარეობას ადამიანი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან ჰარმონიში ყოფნით აღწევს. ჰარმონიაში ყოფნა გულისხმობს საკუთარი თავის მიღებას, ისეთის როგორიც ვართ, ჩვენი ნაკლით და ღირსებებით, ძლიერი და სუსტი მხარეებით. გულისხმობს უპირობო სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ. სწორედ საკუთარ თავთან ურთიერთბით იწყება ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. თუ გიყვარს საკუთარი თავი-გიყვარს სამყარო, ადამიანები. თუ პატივს სცემ საკუთარ თავს-პატივს სცემ გარშემომყოფებს.
სასწაულია, როდესაც აცნობიერებ, რომ შენ თავად ხარ შემოქმედი საკუთარი ბედნიერების, თავად ხარ შემოქმედი შენი ცხოვრების თითოეული დღის. საოცარია, როდესაც იაზრებ, რომ შენშია ის ყველაფერი, რასაც სხვაგან, საკუთარი თავის გარეთ ეძებდი. შენ თავად ხარ წყარო სიხარულის, სიმშიდის,სილაღის, თავისუფლების, ბედნიერების… ამ დროს საოცარი ენერგიით,საოცარი ძალით და სიმშვიდით ივსები.
ასე, რომ ნუ დაელოდები სხვას! გახდი საკუთარი ცხოვრების, საკუთარი ბედნიერების შემოქმედი. დატკბი ცხოვრების თითოეული წუთით. როგორც ამბობდა ფრანკლინი, ბედნიერება უფრო ხშირად მოდის პატარ-პატარა და თითქოს უმნიშვნელო მიღწევებით, ვიდრე მოულოდნელი და დიდი წარმატების სახით. ამიტომ, შეჩერდი და დატკბი თითოეული დღის პატარ-პატარა წარმატებით. ბედნიერების ყველაზე მარტივი წესიც ხომ სწორედ ეს არის- ისიამოვნო აწმყოთი, დატკბე ყოველი წუთით, დააფასო ის, რაც გაქვს და მადლიერი იყო ღმერთის-ყველაფრისთვის.
ნუ დაელოდები როდის მოგძებნის თავად. გახსოვდეს, ის აქ არის,შენში და გელოდება,როდის აღმოაჩენ,როდის იპოვი.
ავტორი: ქეთი წიკლაური