Skip to content

დრო როგორც ცხოვრების რესურსი

დრო – რამდენ ასოციაციას იწვევს და აერთიანებს ეს სიტყვა ჩვენში. წარსულის ყველა კუთხე-კუნჭულით დაწყებული, მომავლის მთელი გეგმებით, იმედებით და მოლოდინებით. იშვიათად თუ ვფიქრობთ, რომ რეალურად სწორედ ახლა, ამ მომენტში მიმდინარეობს ჩვენი ცხოვრება და მხოლოდ ახლა ,ამ მომენტში შეგვიძლია დავტკბეთ მისით.

ასეთი რუსული ანდაზა არსებობს: „საათი, დღე და წლები გადის, ხოლო დრო მიფრინავს.“ როგორ ზუსტად ასახავს ეს ანდაზა რეალობას. მართლაც ისე მიდის დღეები, კვირები და ზოგჯერ თვეებიც კი, რომ ვერ ვხვდებით, ისე მიფრინავს ცხოვრება ჩვენს თვალწინ. ხშირად სრულიად უსარგებლოდ ვკარგავთ დროს, რომელიც ყველაზე ძვირფასი რესურსია ჩვენი ცხოვრების.
სიცოცხლე რომ შანსია-ეს ყველამ კარგად ვიცით. დრო რომ ამ სიცოცხლის ყველაზე ძვირფასი რესურსი-ესეც უკვე მოგვეხსენება. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ამ სიცოცხლით ტკბობა და დროის გამოყენება მისი აღმოჩენისთვის, შეგრძნებისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე-პატარა ცხოვრებაა. ყოველი დილა არის შანსი-აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში სიცოცხლის სასწაული, ავივსოთ სიცოცხლის ძალით, სიკეთით, სიხარულით, მადლიერებით.
სანამ არის შანსი, სანამ გვაქვს დრო, სანამ შეგვიძლია შევიგრძნოთ ცხოვრების თითოეული დღე, დავტკბეთ ცხოვრებით. დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და მადლიერი ვიყოთ ღმერთის ყველაფრისთვის.
მე ღრმად მწამს, რომ სიკეთე, სიყვარული არის ის ძალა, რომელიც აცოცხლებს და ამოძრავებს სამყაროს. ღრმად მწამს, რომ ჩვენი უანგარო სიკეთე სჭირდება სამყაროს არსებობისთვის. ამიტომ ვაკეთოთ სიკეთე! არ დავიშუროთ ღიმილი ერთმანეთისთვის. გავაგზავნოთ სამყაროში მადლიერება, სიკეთე, სიყვარული. ეს ერთადერთია, რაც სულ მცირედიც კი არ იკარგება ამ უკიდეგანო სამყაროში.
ასე, რომ შეიგრძენი წამი! გახსოვდეს, ცხოვრება მიმდინარეობს ახლა, აქ, ამ მომენტში. შეიყვარე და მიიღე ის ისეთი, როგორიც დღეს არის.
გუშინდელი დღე წარსულია. ხვალინდელი დღე ჯერ არ დამდგარა. ჩვენ მხოლოდ გვაქვს დღევანდელი დღე. მოდით დავიწყოთ.

ავტორი: ქეთი წიკლაური