Skip to content

მეტი სიახლოვე ბუნებასთან – წლის სტარტაპერის ნომინაციაში გამარჯვებული მზისფერი ბიზნესი

“ბიზნესი, რომელიც ჰიპების ფასეულებებით ფუქციონირებს” – ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი კომპანია “Hippie” საქართველოში იმდენად პოპულარულია, რომ თიბისი ბანკის „ბიზნეს დაჯილდოება 2017-ის“  წლის სტარტაპერის ნომინაციაში ხალხის რჩეული გახდა.
ლალიკო თვალიაშვილი (“Hippie” დამფუძნებელი): “მე და ჩემს შეყვარებულს გვსურდა ისეთი რამ შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის, რაც მარტივად მისაღები იქნებოდა და რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მისაღები, ვიდრე თავისუფლება და ფერადი ბუნებაა?! ჰიპები 60-70-იანი წლების სუბკულტურას წარმოადგენდნენ, მათი მთავარი მოწოდება და მსოფლმხედველობა თავისუფლებას, მშვიდობას, მრავალფეროვნებასა და ბუნებასთან სიახლოვეს ქადაგებდა. იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულწილად ამ მოსაზრებებს ვეთანხმებოდით, გადავწყვიტეთ შეგვექმნა “Hippie”-ი, ანუ გავ-Hippie-ებულიყავით”.
 “Hippie” მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს. აქ შეგიძლაით შეიძინოთ ხელით მოხატული ჩანთები, დღიურები, საფულეები;  ნამდვილი ყვავილებისგან დამზადებული აქსესუარები – ყელსაბამები, სამაჯურები და აგრეთვე, სახლის დეკორაციები.
ლალიკო თვალიაშვილი: „კომპანიის შექმნამდე მე და ჩემი შეყვარებული დემეტრე მარხვაიძე ხშირად დავდიოდით ხელნაკეთი ნივთების გამოფენებზე და ყოველთვის მოგვწონდა იქ არსებული გარემო. გადავწყვიტეთ ჩვენც, ჩვენი ხელით შეგვექმნა რაიმე ორიგინალური და გამორჩეული. თავდაპირველად დავამზადეთ ყელსაბამები ნამდვილი ყვავილებისა და ნიჟარებისგან, პოზიტიური გამოხმაურების შესაბამისად გავზარდეთ პროდუქტის მრვალაფეროვნება და ამ საქმიანობას უფრო სერიოზული სახე შევძინეთ.“
 ყველა ნივთი ხელით არის დამზადებული, არანაირი დანადგარი შექმნის პროცესში არ მონაწილეობს. ნივთების მრვალაფეროვნება მუდმივად იზრდება, კომპანიის პრიორიტეტია ახალ-ახალი, ორიგინალური დიზაინის პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს.
ლალიკო თვალიაშვილი: „ჩვენი მთავარი სტიმული ნივთების შექმნისას მომხმარებლის ბედნიერებაა. ხშირად მოგვისმენია, რომ ჩვენი ნივთებით უამრავ ადამიანს ახარებენ და საკმაოდ ემოციურ წერილებს გვიგზავნიან. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ საქმიანობის თითოეულ ეტაპზე მაქსიმალურად დავიხარჯოთ როგორც შემოქმედებითი, ასევე იდეური თვალსაზრისით. ეს კი, როგორც წესი შეუმჩნეველი არ რჩება და ალბათ სწორედ ამას აფასებს მომხმარებელი.
 ფართო ასორტიმენტს რაც შეეხება, ამ მხრივ არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი უცნაური პროდუქტი, რომელიც ალბათ ფილმ „ფესვებს“ და გოგი გეგეჭკორის პერსონაჟს გაგახსენებთ, რომელიც „საფრანგეთში მყოფი, მაინც საქართველოს მიწაზე დგას“. საქმე ისაა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაკრეფილი მცენარეებისგან დამზადებულ ყელსაბამებსა და აქსესუარებს თან ერთვის იმ კონკრეტული ადგილის ფოტო-სურათი, საიდანაც არის მოპოვებული. ამ პროექტს „ატარე შენი საქართველო“ ჰქვია და მიზნად ისახავს, ადამიანს, რომელიც ამ აქსესუარს შეიძენს, თან ატარებინოს ქართული მიწა-წყლით, მზით გაზრდილი ბუნება.
 ცალკე აღნიშვნის ღირსია “Hippie-ს” მინიბუსი, რომლის საშუალებითაც ეს სტარტაპი მთელი საქართველოსთვის გახდა ცნობილი, უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია და კეთილგანწყობა დაიმსახურა.
ლალიკო: „მსგავსი ავტობუსის ყიდვა და მოგზაურობა ყოველთვის გვინდოდა. როდესაც ხელნაკეთი ნივთების გაკეთება დავიწყეთ, გადავწყვიტეთ ეს ორი სფერო ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა და შევიძინეთ Volkswagen Transporter-ი, რომელიც თავიდან საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და მთელ ჩვენ ნაშრომს მის გარემონტებასა და მოწყობაში ვხარჯავდით. საკმაოდ სწრაფად მოვახერხეთ „ფორმაში“ მოყვანა და დღესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღესასწაულებზე ამ ავტობუსით ვმონაწილეობთ გამოფენებში. ვცდილობთ ჩვენი მოხატული ავტობუსით გავახალისოთ და გავაფერადოთ საქართველოს ქუჩები.“