Skip to content

ბედნიერება

ციდან საცრისოდენა ფიფქები ცვივა

       დღეს ნოემბრისთვის დამახასიათებელი ცივი და სუსხიანი ამინდია.საცერისოდენა ფიფქებიც კი ცვივა ციდან.ბეღურასავით მობუზული ვიყურები ფანჯრიდან და  ბავშვობა მახსენდება.

       წლების წინ, თითქმის ყოველთვის ასეთი ამინდები იყო,როდესაც სხვადასხვა საქალაქო ტურში მიწევდა მონაწილეობის მიღება. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ არც კი მიხაროდა ზოგიერთ შეჯიბრში მონაწილეობა, რადგან სკოლებში,სადაც ჩვენი ცოდნის გამოსავლენად ვიკრიბებოდით,არ თბებოდა საკლასო ოთახები და გაყინულ გარემოში გვიწევდა 3-4 საათი ყოფნა.თუმცა, როდესაც ქართულის ტური იმართებოდა,სულმოუთქმელი გავრბოდი და წერის დროს ვერ ვგრძნობდი სიცივეს და დაღლას. სწორედ, ქართულის ზონალური ტური გამახსენა დღევანდელმა, ცივმა ამინდმა,რომელმაც სუსხის მიუხედავად შიგნიდან გამათბო.

    მახსოვს ტერენტი გრანელის პოეზიის შესახებ ვწერდი თემას.დრო და დრო ფანჯარას გავხედავდი და ფიფქები,რომლებიც ცვიოდნენ ციდან ალამაზებდნენ სამყაროს.უეცრად შევწუხდი,გამახსენდა,რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი ეზოში იდგა და გულშემატკივრობდა.მე კი არ მქონდა მობილური,რადგან მაშინ არავის ჰქონდა ჯიბის ტელეფონი.არ მქონდა,თორემ დავურეკავდი და ვეტყოდი,არ გაცივდე რუსუდან მასწავლებელო – სახლში წადი.მეც გაყინული მქონდა ხელები და წერა მიჭირდა.

    უეცრად საკლასო ოთახიდან დავინახე რუსუდან მასწავლებელი დერეფანში იდგა და ცდილობდა თვალი მაინც მოეკრა ჩემთვის.ზედამხედველს ვთხოვე და მეც საჩქაროდ მისკენ გავქანდი. არასოდეს დამავიწყდება ის მზრუნველი და თბილი სიტყვები,რომელიც რუსუდან მასწავლებელმა მითხრა. შეშფოთდა,როდესაც შენიშნა,თუ როგორ მციოდა და ცდილობდა გაეთბო ჩემთვის ხელები. მახსოვს,როგორი ლამაზი ხელები ჰქონდა.შემდეგ ჩანთა გახსნა და ხაჭაპური ამოიღო ჩანთიდან,მოგშივდებოდაო- მითხრა. მეც სიხარულით გამოვართვი და გულგამთბარი შევბრუნდი საკლასო ოთახში.

    ეს დღე ხშირად მახსენდება როდესაც ცივი და სუსხიანი ამინდები დგება ქალაქში. არ მავიწყდება რუსუდან მასწავლების მზრუნველობა.როგორ მელოდა გაყინული, თოვლის ფიფქებით სავსე ეზოში და მისი ფიქრები მხოლოდ მე დამსტრიალებდა თავს.მიყვარს მოგონებები რუსუდან მასწავლებელზე,ძალიან მიყვარს.შინ რომ მოვდიოდი,მთელი გზა ვნატრობდი, გამემარჯვა და საყვარელი მასწავლებელი მესახელებინა.მინდოდა, ჩემს თბილ და მოსიყვარულე მასწავლებელს ეამაყა ჩემით და მისი მოლოდინი გამემართლებინა.ვფიქრობდი, თუ რუსუდან მასწავლებელი ქარში და სიცივეში,ჩემს გამო რამდენიმე საათი იდგა სკოლის ეზოში, მე მისი ყურადღების სანაცვლოდ,  წარმატებული მოსწავლე უნდა ვყოფილიყავი.

    ამ პატარა ამბავში ხომ ძალიან მოკლედ არის აღწერილი მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა.თუმცა კითხვისთანავე იგრძნობა ის სითბო და სიყვარული,რომელიც ხშირად იგრძნობა  აღსაზრდელსა და აღმზრდელს შორის.ვფიქრობ, ნამდვილმა და ღირსეულმა პედაგოგმა უნდა შესძლოს ისეთი დღეები აჩუქოს თავის მოსწავლეს,რომელიც სამუდამოდ დარჩება აღსაზრდელის გულში.
    ვფიქრობ, ნეტავ ახლა როგორ გრძნობს თავს ჩემი საყვარელი რუსუდანი? ვიცი მარტო ცხოვრობს და ალბათ ისევ უყურებს ძილის წინ თოვლის ფიფქებს ფანჯრიდან.რატომღაც გული მეწურება.ძალიან მინდა მასთან გავჩნდე,ხელზე ხელზე დავადო და მასთან ერთად ვუყურო თოვას.გაგრძელება »ციდან საცრისოდენა ფიფქები ცვივა