Skip to content

მოკრძალებული და ლამაზი ამბავი სიკეთის შესახებ

   ჩემს ცხოვრებაში იყო დრო,როდესაც პურის ფული არ მქონდა და ჯიბეები ოცნებებით და იმედებით მქონდა სავსე.მახსოვს, როგორი სახით ჩავუვლიდი ხოლმე  ბრენდულ მაღაზიებს და ძალიან მინდოდა, მეც მქონოდა ბრენდული  სამოსი.მინდოდა მეგრძნო,რას ნიშნავს როდესაც ლამაზ ტანსაცმელში ხარ გამოწყობილი და  ქუჩაში მიდიხარ.მე ხომ მწერალი ვიყავი,ამიტომ მინდოდა სიტყვებით  გადმომეცა დიდებულად ჩაცმული ქალის ფიქრები,მაგრამ  ცარიელი ხელები ჯიბეებში მეწყო, არც შეყვარებული  მყავდა მას რომ  მაინც გაეთბო, ჩემი ღარიბი სული.

   ძალიან ხშირად დავდიოდი საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს მდებარე  პატარა, სამების ეკლესიაში.ის იყო ჩემი თავშესაფარი.ჩემი სულის ნავსაყუდელი.ვფიქრობ, როდესაც ადამიანს ენატრება სითბო და სიყვარული,მის სულში უამრავი ყვავილი იშლება ერთდროულად.ყვავილებს სხვადასხვა სურნელი აქვთ.შენ უბრალოდ უნდა შესძლო და შენს გაჭირვებაში, რაღაც ლამაზი დაინახო– სულის სიძლიერე,ხომ ასე ყალიბდება.მოკლედ აი ასე დავეხეტებოდი ქუჩა–ქუჩა,სამსახურს ვეძებდი და ვფიქრობდი,რომ ერთ დღესაც გამიღიმებდა ბედი.არა, დახეული ტანსაცმელი არასდროს მცმია.პირიქით,ყოველთვის სუფთად მეცვა,ძველმოდურად,მაგრამ სუფთად.ერთ დღეს ტაძარში ჩემი ასაკის გოგონა შევნიშნე.იდგა და მიყურებდა.ამ გოგონას გაცნობის შემდეგ მივხვდი,რომ ჩემი ცხოვრებაც კი, სხვისთვის სანატრელი იყო.ჩემს ძველ,მაგრამ თეთრ კაბას ნატვრის თვალით უცქერდა გოგონა,თავად ხომ დახეული კაბა და ძირგამოცლილი ტუფლები ეცვა. რამდენიმე კვირაში ჩვენ დავმეგობრდით.ერთ დღეს ეკლესიაში ჩემი კაბები მივუტანე მას.ლამაზად დაუთავებულ კაბებს გაზაფხულის სურნელი ჰქონდათ.გოგონას ძალიან გაუხარდა.მაშინათვე ამოალაგა ჩემი კაბები და ტანზე მიიზომა.ერთი მოეწონა განსაკუთრებით – ცისფერი გიპიურისგან შეკერილი კაბა, მართლაც რომ ძალიან ლამაზი იყო.კაბა დედაჩემის ნაქონი იყო,განსაკუთრებით მიყვარდა,მაგრამ მინდოდა გოგონა გამეხარებინა.რამდენიმე დღე იმ კაბით მოდიოდა გოგონა ეკლესიაში. ფეხზეც წინა დღეებში  შემოდგომის წვიმებისთვის რომ ვინახავდი  ის ლამაზი ფეხსაცმლები ეცვა. გოგონა ბედნიერი ღიმილით ასრულებდა თავის მოვალეობას.ზოგჯერ გალობდა,ზოგჯერ შანდლებს ასუფთავებდა.იყო მასში ძალიან ლამაზი ქალურობა და სილამაზე.მე კი ვფიქრობდი,რომ რადგან ამ გოგონას გახარება შევძელი,სულაც არ ვიყავი ღარიბი.ახლა მე უკვე ვიცოდი რას გრძნობენ ქალები,როდესაც ის სამოსი აცვიათ, რომელიც მოსწონთ.მათ სჯერათ საკუთარი თავის და ცხოვრება უხარიათ.

ადამიანი პატარ–პატარა  სიხარულისთვის იბადება,რომელიც  საბოლოო ჯამში ბედნიერების უზარმაზარ წრეს ქმნის.უამრავი დეტალია ცხოვრებაში,რომელიც გვახარებს.რომელიც გვანიჭებს ბედნიერებას.საღამოობით მე და ანა ერთად ვბრუნდებოდით სახლში.მას ცისფერი კაბა ეცვა ისევ,მე ჯიბეები ყვითელი ფოთლებით მქონდა გამოტენილი და ორივე ვიყავით ბედნიერი.შემდეგ დაუბერა ქარმა,ხეებს დასცვივდათ უკანასკნელი ფოთლები.მოიბუზნენ ჩიტები.უკვე სიცივე ატანდა ძვალ – რბილში.ბებოს ნაქონი პალტო ვაჩუქე ანა– მარიას. ისევ გაიხარა მისმა გულმა.ისევ გაუთბა ხელები.მე კი ვიჯექი ბაღში,ვითვლიდი ციდან ჩამოცვენილ თოვლის  ფიფქებს და ვფიქრობდი,რომ სწორედ  ანა –მარიასთვის გაკეთებული სულ მცირე სიკეთე  იყო უდიდესი ბედნიერება და სიმდიდრე   ჩემთვის.