ალბათ იკითხავთ რა არის ფეისბუნომიკა ან ქართული რა შუაშიაო. გეთანხმებით, რომ არც ფეისბუქია ქართული და არც ფეისბუნომიკაა აღიარებული კვლევის დარგი, თუმცა ამ მოკლე ესსეს წაკითხვის შემდეგ ფეისბუნომიკის არსსაც გაეცნობით და მის როლსაც დაინახავთ ქართულ რეალობაში. ყველამ იცის და თუ არ იცის გაგონილი მაინც ექნება, რომ ფეისბუქი სოციალური სივრცე, ანუ ვირტუალური ურთიერთობების ადგილია, ხოლო ეკონომიკა ადამიანების მოქმედებების შემსწავლელი მეცნიერება. რადგან ეკონომიკა ადამიანების მიერ გადაწყვეტილებების მიღებას შეისწავლის, ხოლო ფეისბუქი ადამიანების ურთიერთობების ადგილია, შესბამისად, კვლევის ჰორიზონტზე გამოჩნდა ახალი, მეტად აქტუალური ანალიზის ობიექტი – „ფეისბუნომიკა“.
ფეისბუნომიკა ეკონომიკური მეცნერების შეადგენელი ნაწილი არ არის. იგი ჩემს მიერ გამოგონილი ტერმინია და წარმოადგენს ადამიანთა მიერ სოციალურ ქსელში გატარებული დროისა და მისი შედეგების ახსნის ეკონომიკურ კონცეფციებზე დაფუძნებულ ვარიანტს.
საკითხში ნათლად გარკვევისათვის განვმარტოთ ცნებები „ალტერნატიული დანახარჯი“, „მოგება“, „ზარალი“, „ზღვრული სარგებლიანობა“, რომელბზედაც დგას ეკონომიკური მეცნიერება. „ალტერნატიული დანახარჯი“ არის ის, რაც უნდა დავთმოთ, რომ მივიღოთ ის, რაც გვსურს. მაგალითისათვის, თუ დავლიეთ ფინჯანი ყავა, რომლის ფასიც იყო 4-ი ლარი, ფინჯანი ყავის ალტერნატიული დანახარჯი არის ყველაფერი ის,
გივი კუპატაძე(ეკონომიკის მკვლევარი)
დაგველია ენერგეტიკული სასმელი, გვეყიდა 4-ი ცალი სნიკერსი და ა.შ.). თუ ფინჯანმა ყავამ გაამართლა მოლოდინი, მაშინ მივიღებთ „მოგებას“, რომელიც წარმოადგენს ფინჯანი ყავის დალევის შედეგად მიღებულ სარგებელსა და ამ ყავის დალევის „ალტერნატიულ დანახარჯს“ შორის სხვაობას. იგივე ლოგიკით, თუ ფინჯანმა ყავამ არ გაამართლა მოლოდიდნი, მაშინ მივიღებთ „ზარალს“, რომელიც ტოლია ფინჯანი ყავის დალევის შედეგად მიღებულ შედეგსა და ამ ყავის დალევის „ალტერნატიულ დანახარჯს“ შორის სხვაობისა. „ზღვრული სარგებლიანობა“ არის ეკონომიკური კანონი, რომელიც ამობობს რომ, რაც უფრო მეტი გვაქვს რამე, მით უფრო ნაკლებად ვაფასებთ მას. მაგალითისათვის, ლუდის პირველი კათხა უფრო დიდ საიმოვნებას გვანჭებს ვიდრე მეორე, მეორე კათხა ლუდი უფრო დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ვიდრე მესამე დ ა ა.შ.
შეიძლება ისევ გაგიჩნდათ კითხვები თუ რაში გვჭირდებოდა ამ ცნებების ანალიზი, თუმცა იჩქარეთ ნელა და ყველაფერს ნათლად გაიგებთ.
დღეისათვის საქართველოში ფეისბუქს მოიხმარს 852 840 ადამიანი. ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობით საქართველო მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში 85-ე ადგილს იკავებს, თუმცა აფრიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გარდა ჩვენ ამ მაჩვენებლით ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი, ლატვია, ბელარუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
ქვემოთ მოცემული დიაგრამიდან ჩანს, რომ საქართველოში ფეისბუქის მომხმარებელთა 62%-ი 18-34 წლის ახალგაზრდებზე მოდის. ბოლო ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით კი, საქართველოში უმუშევართა 48,8%-ი 20-34 წლის ახალგაზრდებზე მოდის.
ერთი მხრივ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფეისბუქში ქართველი ახალგაზრდების აქტიურობის მაღალი დონე (62%) ახალგაზრდობაში უმუშევრობის მაღალი დონით არის განპირობებული (48,8%). მეორე მხრვივ, შეგვიძლია გამოვთქვათ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქართველი ახალგაზრდების ფეისბუქში ჩართულობის მაღალი დონე არის ახალგაზრდობაში უმუშევრობის მაღალი დონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი.
რატომ ატარებს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ფეისბუქში საკუთარი დროის მნიშვნელოვან ნაწილს? იმიტომ, რომ მათ უმრავლესობას სამუშაო არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ მათ მიერ ფესიბუქში შესვლის „ალტერნატიული დანახარჯი“ შეიძლება იყოს ძილი, წიგნების კითხვა ან რაიმე პროექტზე ფიქრი. ერთი შეხედვით, ახალგაზრდები ფეისბუქში დროის გატარებით უფრო მეტ სარგებელს იღებენ, ვიდრე სხვა ალტერნატივის რეალიზების შემთხვევაში მიიღებდნენ, ანუ ახალგაზრდებისათვის ფეისბუქში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მომგებიანია.
უფრო მეტი კონკრეტიკისათვის პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა სარგებელის მიღებას ელოდებიან ახალგაზრდები ფეისბუქიდან? ფეისბუქიდან მოსალოდნელი სარგებელი ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობისათვის შემოიფარგლება იმ ფსიქოლოგიური სიამოვნების მიღებით, რაც გამოიხატება საკუთარი მოსაზრებების, ემოციებისა და სურათების გაზიარებით, შემდეგ მათზე გამამხნევებელი კომენტარების წაკითხვით, შემდეგ სხვისი კომენტარების, ემოციებისა და სურათების გაცნობით, შემდეგ ამ სხვისი, ანუ ე.წ. ფრენდის ინფორმაციის მოწონებებითა და კომენტარების გაკეთებით. კიდევ უფრო შემდეგ, საკუთარ კომენტარზე სხვისი კომენტარის ნახვით და ა.შ. უსასრულოდ წრეზე სიარულს ემსგავსება ეს ყველაფერი.
„ზღვრული სარგებლიანობის“ კანონის მიხედვით, ახალგაზრდები ფეისბუქში გატარებული ყოველი მომდევნო საათიდან უფრო ნაკლებ სარგებელს იღებენ, ვიდრე წინა საათის განმავლობაში მიიღეს. შესაბამისად, ისინი ფესიბუქში დიდი დროის გატარების შედეგად მოსალოდნელი მოგების სანაცვლოდ ზარალს იღებენ. იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდებმა შეზღუდონ ფეისბუქის მოხმარება, რადგან მისგან მიღებული სარგებლობა მცირდება ფეისბუქში გატარებული ყოველი დამატებითი დროის ერთეულის შესაბამისად, ახალგაზრდები ზრდიან მის მოხმარებას. ეს პირველ რიგში იმიტომ ხდება, რომ უკვე ახალგაზრდები ზედმეტად დამოკიდებულნი ხდებიან ფეისბუქზე. ზედმეტად დამოკიდებულება კი ადამიანის პრობლემების მთავარი მიზეზია. რისი მიზეზი შეიძლება იყოს ახალგაზდობაში ფეისბუქზე ზედმეტად დამოკიდებულება? რა თქმა უნდა, პასუხი მარტივია – უმუშევრობის.
ფესიბუნომიკაზე ამ ესსეს დაწერის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისათვის ფიქრის მიზეზის მიცემა, თუ რამდენად სწორად იყენებენ დროს ფეისბუქთან ურთიერთობისას. ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა ფეისბუკზე ზედმეტად დამოკიდებულების დასახელება ახალგაზრდობაში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის უმთავრეს მიზეზად. უფრო მეტიც, პირადად ვფიქრობ, რომ ფეისბუქი შესანიშნავი საშუალებაა ინფორმაციის მიღებისა და გაცვლისათვის, თუ მას ეფექტიანად გამოვიყენებთ, ანუ არ გავხდებით მასზე ზედმეტად დამოკიდებულნი.
თუ რომელიმე მკითხველი ამ სტატიაში საკუთარ თავს აღმოაჩენს (არადა პოტენციურად ასეთი 528 761 ახალგაზრდაა) და ფეისბუნომიკას გამოიყენებს ფეისბუქთან ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად, მაშინ ჩავთვლი, რომ ის დრო, რომელიც „ქართული ფეისბუნომიკის“ დაწერას მოვანდომე ღირდა ამისათვის.
03.04.2012