Skip to content

გამონათქვამები: გოდერძი ჩოხელი

“მწერთათვის ასე დაუწესებია ღმერთს, ზოგი ფუტკრად და ჭიანჭველად გააჩინა, ზოგი წურბელად და ობობად. ერთნი სულ ჯაფაში არიან, მეორენი სხვის სისხლსა სწოვენ. ზოგი კიდევ პატარა ციცინათელად გაუჩენია
– იწვის,
ანათებს,
თავისთვის იწვის, ცეცხლი უკიდია, არაფერს კი არ წვავს თავის თავის მეტს, მთელ ღამეს კი ათბობს იმისი შუქი – ასე დაუწესებია დამბადებელს”
ნაწარმოებიდან “წითელი მგელი”.
“ადამიანები იმიტომაც ბერდებიან,რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო,მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს,რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ–ნელა,რაც წლები გადის, თანდათანობით ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპეწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონა ქროლის ამაოების ქარი”
ნაწარმოებიდან სიყვარულის ცეცხლი.
“როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება, მერე კი, სულაც ნაგზევი ხდება და ემატება ამ სიტყვებს: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეიძლება შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას,როგორიცაა – სიყვარული”
ნაწარმოებიდან სიყვარულის ცეცხლი.
“თქვენ გიყვართ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას ამიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომღა იმონებთ ერთმანეთს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორის დამონება და დამცირება გიყვართ…”
ნაწარმოებიდან თევზის წერილები.
“რა არის სიკვდილი? – ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება.ზოგი დაბადებიდანვე გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს მისი შიში,მანამ სულ–ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს”.
ნაწარმოებიდან წითელი მგელი
“ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან სადაც სიკვდილი ეგულება და იქით კი მირბიან,სადაც სინამდვილეში ელოდება ის”.
ნაწარმოებიდან წითელი მგელი
 
“სადაც სული წმინდა ფეხს ვერ იკიდებს, იქ იმ წუთში მგელი ჩასახლდება, მერე ეს მგელი ცდილობს საზოგადოებას კრავად მოაჩვენოს თავი. მგლებს ხომ კანონები უყვართ, ჰოდა ეს „კრავიც“ კანონებს ეფარება, კანონების ციხესიმაგრეში ცხოვრობს. ცხოვრებას შეჭიდებულ კაცს კი სადაც ფეხი დაუცდება იქ წამოეწევა ხოლმე და იმ კანონის ძალით სისხლს გამოსწოვს.”
ნაწარმოებიდან წითელი მგელი
 
“– რა გადარდებს?
– მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც კი ეუცხოვება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედით ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი…”
ნაწარმოებიდან ადამიანთა სევდა
“რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი რაღა არის? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”
ნაწარმოებიდან ადამიანთა სევდა
 
“სადაცა ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე, რომ – სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება… ოღონდ დამიჯერე, რომ თუ როდისმე კიდევ მოხვალ ამ მიწაზე, უკან გაუხსნელად არ დაგიბრუნებ შენს წერილებს და ამის გამო თავს აღარ მოიკლავ… ოღონდ დამიჯერე, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ არ მიყვარდი, პირიქით… შენ მიყვარხარ!”
უმისამართო წერილი
“სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა,რომელიც ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნიურ შარაგზაზე, ზოგისთვის,რომ მართლაც შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ–მოხვეული ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ–მოხვეულ ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ,რომ ის სიყვარულია”
ნაწარმოებიდან სიყვარულის ცეცხლი.
 
შენიშვნა: ამონარიდები გაკეთებულია 4motivi.com-ის მიერ