2004 წლის 9 ნოემბერს, სტიგ ლარსონი, ჟურნალისტი და კრიმინალისტური რომანების ავტორი („გოგონა დრაკონის ტატუთი,“ „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“), გულის შეტევით გარდაიცვალა. ცოტა ხანში, ევა გაბრიელსონმა (ევა და სტიგი 1979 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ), იპოვნა წერილი, რომელსაც ეწერა „გთხოვთ, ჩემი გარდაცვალების შემდეგ გახსნათ.“ წერილი დაწერილი იყო, 1977 წელს, აფრიკაში გამგზავრებამდე. მწერალი, ამ დროს, მხოლოდ 22 წლის იყო.
სტოკჰოლმი,
1977 წლის 9 თებერვალი
ევა, ჩემო სიყვარულო,
ეს დასრულდა. ან ერთ გზას ან მეორეს, საბოლოოდ დასასრულისკენ მივყავართ. ერთ დღესაც ყველაფერი სრულდება. შეიძლება ეს ერთ–ერთი ყველაზე საოცარი სიმართლეა, რაც კი ამ სამყაროს შესახებ ვიცით. ვარსკვლავები ქრებიან, გალაქტიკები იღუპებიან, პლანეტებიც დავიწყებას ეცემიან. და ადამიანებიც კვდებიან. მორწმუნე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ასტრონომიით დავინტერესდი, გვერდზე გადავდე ყველაფერი, რაც კი სიკვდილის შიშისგან შემომრჩენოდა. გავაანალიზე, რომ სამყაროსთან შედარებით, ადამიანი, ერთი ჩვეულებრივი არსება, მე… უსასრულოდ პატარაა. ამ წერილს იმიტომ არ ვწერ, რომ ფილოსოფიური ან რელიგიური ლექცია ჩაგიტარო. მე „გამოსამშვიდობებელ“ წერილს გწერ. ახლახანს ტელეფონზე გესაუბრე, ჯერ კიდევ მესმის შენი ხმა, წარმოგივიდგენ თითქოს ჩემს წინ ხარ. ეს მშვენიერი სურათი და ტკბილი მოგონება, ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ახლა როცა ამ წერილს კითხულობ, უკვე იცი, რომ ცოცხალი აღარ ვარ.
არსებობს ორი რამ, რაც მსურს გითხრა. რაკი აფრიკაში მივდივარ, ვიცი წინ რაც მელოდება. შეიძლება ამ მოგზაურობამ სიკვდილიც კი მომიტანოს, მაგრამ ეს ისაა, რაც აუცილებლად განვიცადო, ყველაფრისდა მიუხედავად. სავარძლისთვის არ დავბადებულვარ, მე ასეთი არ ვარ… აფრიკაში როგორც უბრალო ჟურნალისტი ისე მივდივარ, ეს არ არის პოლიტიკური მისია და ამიტომაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ მოგზაურობამ სიკვდილი მომიტანოს.
პირველად ცხოვრებაში, ზუსტად ვიცი , რაც უნდა გითხრა: მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ. მსურს ეს იცოდე.მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ ყველაზე მეტად, ვინც კი ოდესმე მყვარებია. მსურს იცოდე, რომ ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. მინდა გახსოვდე, არ მსურს მიგლოვო. თუ რამეს ვნიშვნავ შენთვის და ვიცი ასეა, ალბათ დაიტანჯები ჩემი სიკვდილის გამო. მაგრამ თუ ნამდვილად ღირებული ადამიანი ვარ შენთვის, ნუ დაიტანჯები, მე ეს არ მსურს. არ დამივიწყო, მაგრამ გააგრძელე ცხოვრება. იცხოვრე შენი ცხოვრებით. ტკივილი დროსთან ერთად გაქრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლა ამის წარმოდგენა არ შეგიძლია. მშვიდად იცხოვრე, ჩემო უძვირფასესო სიყვარულო. იცხოვრე, გიყვარდეს, გძულდეს და ნუ შეწყვეტ ბრძოლას..
ვიცი ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ვიმედოვნებ, კარგი თვისებებიც გამოვავლინე.. შენ კი, ევა, იმდენად დიდი სიყვარული შთამაგონე, რომ ვერასდროს შევძლებ მის გამოხატვას
ფეხზე დადექი, გაშალე მხრები და თავი მაღლა ასწიე. კარგი? მიხედე შენს თავს, ევა. დალიე ყავა, ეს დასრულდა. მადლობა იმ მშვენიერი წუთებისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. შენ მე გამაბედნიერე.
გკოცნი,
სიყვარულით სტიგისგან
თარგმანი: 4motivi.com