ერთხელ ლომს თავის ბუნაგში ეძინა, როდესაც მის კუდზე ერთი პატარა თაგვი აძვრა და შემდეგ თავზე დაახტა.. ლომს გაეღვიძა და თაგვის საქციელის გამო საშინლად გაბრაზდა.
– როგორ ბედავ ნადირთა მეფის გაღვიძებას – დაუღრიალა მან თაგვს. ყველა ვინც მე მაწუხებს სიკვდილს იმსახურებს, ახლა შემიძლია შეგჭამო და მოგკლა.
შიშისაგან აკანკალებული თაგვი მეფეს შეეხვეწა:
– გთხოვთ, არ მომკლათ თქვენო ბრწყინვალებავ. სულაც არ მსურდა გამეღვიძებინეთ, ჩემდა უნებურად მომივიდა. გთხოვთ გამიშვათ და გპირდებით,რომ მუდამ თქვენი ერთგული მეგობარი ვიქნები. ვინ იცის და იქნებ ერთხელ რაიმეშიც კი გამოგადგეთ..
ლომს თაგვის ბოლო სიტყვებზე გაეცინა.
– რა სულელური აზრია, მაგრამ გაგიმართლა რომ გამაცინე და კარგ ხასიათზე მოვედი.
– წადი გიშვებ – თათი გააქნია ლომმა თანხმობის ნიშნად და თაგვიც სწრაფად გაეცალა იქაურობას.
მას შემდეგ რამოდენიმე თვე გავიდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს,როდესაც ლომი ტყეში მისეირნობდა მონადირეთა მახეში გაება. თავისუფლების მოყვარული ლომი თავგანწირვით იბრძოდა, მაგრამ რაც უფრო ცდილობდა მით უფრო მეტად იხლართებოდა ხაფანგის თოკებში და უმატებდა ღრიალს.
მთელს ტყეს აყრუებდა განწირული ლომის ხმა და ყველა ცხოველს ესმოდა, პატარა თაგვის ჩათვლით.
– ჩემი მეგობარი ლომი საფრთხეშია – გაიფიქრა თაგვმა და სასწრაფოდ იმ ადგილისაკენ გაეშურა საიდანაც ხმა მოდიოდა.
– დამშვიდდით, თქვენო ბრწყინვალებავ. სულ რამოდენიმე წუთში გაგანთავისუფლებთ – უთხრა მან ლომს, როდესაც ხაფანგთან მივიდა და თავისი პატარა კბილებით თოკის გადაჭრა დაიწყო.
მართლაცდა ძალიან ცოტა ხანში ლომმა ხაფანგის თოკებისაგან თავი დაიხსნა.
– მართლა, არ მჯეროდა, რომ რაიმეს გაკეთება შეგეძლო ჩემთვის! – უთხრა მადლიერმა ლომმა თაგვს. თუმცა შენ დღეს ჩემი სიცოცხლე იხსენი და ახლა უბრალოდ, არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება…
– არაფერია, მე ვალდებული ვიყავი დავხმარებოდი მეგობარს – უპასუხა თაგვმა ლომს.
ავტორი: ეზოპე; თარგმანი: 4motivi.com;