ერთი კაცი მივიდა კომპანია „მაიკროსოფტში“, რათა მეეზოვედ დაეწყო მუშაობა.კადრების განყოფილების მენეჯერმა ჯერ რამდენიმე კითხვა დაუსვა, შემდეგ პატარა ტესტური გამოკითხვა ჩაუტარა (შესთავაზა, ტერიტორიის მონაკვეთი დაეგავა) და, საბოლოოდ, განუცხადა:
– თქვენ მიღებული ხართ…! დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რათა შევძლოთ შეგატყობინოთ, პირველად სად და როდის უნდა გამოცხადდეთ სამსახურში.
– ჰო, მაგრამ მე კომპიუტერიც კი არ მაქვს, – უპასუხა დაბნეულმა კაცმა, – არამცთუ ელექტრონული ფოსტა…
მენეჯერმა მხრები აიჩეჩა: – არ გაქვთ? მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენს სამსახურში მიღებას, რადგან ვირტუალურად თქვენ არ არსებობთ…
კაცი დაღონებული გამოვიდა კომპანიიდან. არ იცოდა, რა ექნა, რადგან ჯიბეში ერთადერთი ათდოლარიანი ედო. უცებ თავში ერთი აზრი მოუვიდა: შევიდა ბაზარში და იყიდა ათი კილო პამიდორი. ამის შემდეგ კარდაკარ ჩამოიარა და ორ საათში შეძლო კაპიტალის გაორმაგება. მას შემდეგ, რაც იგივე სამჯერ გაიმეორა, ჯიბეში უკვე 160 დოლარი აღმოაჩნდა და მიხვდა, რომ ასეთი შემოსავლით თავისუფლად შეეძლო, სამსახურის ძებნაში ნერვების წყვეტაზე უარი ეთქვა. ყოველ დილით სულ უფრო და უფრო ადრე გამოდიოდა სახლიდან, გვიან შედიოდა და ყოველდღე კაპიტალს აორმაგებდა, ხანდახან ასამმაგებდა კიდეც.
ცოტა ხნის შემდეგ თავისთვის მანქანაც იყიდა, ამას სატვირთოც მიაყოლა და მალე ფირმაც გახსნა, რომელიც მოსახლეობას საჭირო საქონლით ამარაგებდა; ხუთი წლის შემდეგ უკვე სუპერმარკეტების მსხვილი გაერთიანების მფლობელი გახდა. სწორედ ამ დროს, მომავალზე დაფიქრდა და გადაწყვიტა, დაეზღვია საკუთარი სიცოცხლეც და თავისი ოჯახიც.
მოლაპარაკების შემდეგ სადაზღვევო კომპანიის აგენტმა ბიზნესმენს სთხოვა ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მას დაზღვევის უფრო ხელსაყრელ პირობას გადაუგზავნიდა. ამაზე კომერსანტმა, როგორც მრავალი წლის წინათ, უპასუხა, რომ მას არც ელექტრონული მისამართი აქვს და არც კომპიუტერი. – საკვირველია, – განცვიფრებული დარჩა სადაზღვევო კომპანიის აგენტი, – ასეთი მსხვილი ბიზნესი გაქვთ და არა გაქვთ ელექტრონული მისამართი! წარმოიდგინეთ, ვინ იქნებოდით, თქვენ რომ კომპიუტერიც გქონოდათ!
კომერსანტი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და უპასუხა: – კომპანია „მაიკროსოფტის“ მეეზოვე – აი, ვინ ვიქნებოდი…
გამომგზავნი: დავით გვიმრაძე;