ჩემზე ამბობდნენ ცივი, უკარება და ამპარტავანიაო, შენზე კი – „ბაბნიკი“ და არასერიოზულიო, თუმცა ამან არ შეგვიშალა ხელი ერთმანეთი შეგყვარებოდა. რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობს მასა.
შენ ხუმრობით „ყინულის დედოფალს“ მეძახდი. მეც ვალში ხომ არ დაგრჩებოდი? საგულდაგულო ფიქრის შემდეგ „ვარსკვლავბიჭუნა“ შეგარქვი. ამით ვითომ ის დაგანახე სერიოზულად არ აღგიქვამ თქო, თუმცა სინამდვილეში მიმსგავსების ფაქტორი უფრო იყო – ისეთი ლამაზი და ყველასა და ყველაფრისგან განებივრებული იყავი.
ხუმრობა-ხუმრობით შემომაპარე ეხლა შენი ვარსკვლავი ვარ, მალე მზეც ვიქნები და დავადნობ შენი ყინულის აბჯარსო. გამეცინა და გითხარი რომ რაღაც ძალიან გაწუხებდნენ ამბიციები.
და მაინც, შენ გაიმარჯვე… ნეტა ყოველი დამარცხება ასე ტკბილი იყოს…
ხშირად მიკვირდა, მაინც და მაინც მე რატომ ამირჩიე ამდენ ლამაზ გოგოში. ერთხელ რომ გკითხე, მახსოვს, მითხარი სულელი ხარო და გულის სიღრმეში ბავშვივით მეწყინა… ალბათ მოველოდი როგორ დამიწყებდი მტკიცებას რომ მე სხვა გოგოებს არ ვგავარ, რომ მე გამორჩეული ვარ, შენი ერთადერთი ვარ და ჩემში რაღაც ისეთი დაინახე, მაშინვე მიხვდი შენიანი ვიყავი. თავიდან მე ამას იუმორში გაგიტარებდი და ვიუარებდი, როგორც ვიცით ხოლმე გოგოებმა, შენ განაგრძობდი ჩემს დარწმუნებას და ბოლოს მეც სიამოვნებით დაგიჯერებდი.
შენ ისეთი კარგი იყავი, და ხარ… აი, რაღაცნაირი… სულ მიკვირდა, რომ მე შეიძლებოდა ასეთი იღბლიანი ვყოფილიყავი. თითქოს ყველა ოცნება ერთბაშად ახდა, ცხოვრება ვარდისფერ ზღაპარს გავდა…
ამბობენ, სიყვარულია როცა ღამით არ გეძინება, რადგან რეალობა თვით სიზმრებზე უკეთესიაო. მართალი ყოფილა…
ჩვენს სიყვარულშიც წვიმდა ხანდახან… ბედნიერებას პატარ-პატარა ტკივილები და ეჭვებიც ახლდა თან.
აი, შენ სულ ის „გღრღნიდა“ რომ მე იმის ნახევრადაც არ მიყვარხარ შენ, როგორც შენ – მე. ამბობდი ერთხელ ვერ გათქმევინე ხმამაღლა რომ გიყვარვარო. ალბათ იმიტომ რომ ქართველი ქალი ვარ და ჩვენთვის ყველაზე რთულია ამ სიტყვის წარმოთქმა. ჩვენ ხომ მასში მთელ სულს ვდებთ და ძნელია, როცა შენი სული სხვისკენ მიფრინავს და უკვე აღარაა მხოლოდ შენი საკუთრება.
გრძნობების გამოხატვა ყოველთვის მიჭირდა; სიძლიერის ფარდის მიღმა გაუბედავი მე იმალებოდა. გატყობდი რომ შენ ეს გწყინდა. შენ ხომ მართლაც მზე იყავი – სითბოთი და ენერგიით სავსე, პოზიტივს აფრქვევდი სულ… მე კი ჩემი ყინულის ნიღბით ვცდილობდი გარე სამყაროსგან თავის დაცვას.
სულ რომ მებუზღუნებოდი ერთხელ რა იქნება შენც მითხრა როგორ გიყვარვარო, ახლა ამ ვალენტინობისთვის გისრულებ ამ სურვილს…
წარმოიდგინე ზამთარია. ოქროსფერთმიან შემოდგომას ქედი მოუხრია. ისე ლამაზად თოვს, ხელისგულისოდენა ფანტელები ზეციდან ანგელოზების მიერ გამოგზავნილ ჰაეროვან კოცნებს ჰგავს. შენ, სილამაზისა და სიყვარულის შეგრძნების ხასიათზე დამდგარს, არ შეგიძლია გარეთ არ გახვიდე. არ უსმენ სხვების გაფრთხილებას, რომ იქ ძალიან ცივა და გარისკვად არ ღირს, რომ ბოლოს მაინც გეტკინება… შენ მაინც გადიხარ და მართლაც ხვდები, რომ ეს სილამაზე მომაკვდინებელი სიცივის ნიღაბი ყოფილა, თუმცა უკვე მახეში ხარ და რაღას უშველი…
ალბათ მიხვდი, ზამთარი ეს მე ვარ და მის მახეში გაბმული არსება შენ, თუმცა მალე მე შენ ვხდები და შენს არსებობას მე ვაგრძელებ – შენ მე ვარ და მე შენ ხარ… აი, სიზმარში რომ მოგვდის ხოლმე ხანდახან, ვითომ სხვა ჩასახლდა შენში და იმის გრძნობები და მოქმედებები შენთვის გამჭვირვალეა, თითქოს გარედან უყურებ და აკვირდები ყველაფერს, შუშის მიღმა ხარ…
ყველა ამბობს რომ მზე ზამთარში ყველაზე სუსტიაო, მაგრამ მე თუ მკითხავ, ზამთარმა ყველაზე უკეთ იცის და აფასებს მზის ძალას, ყველაზე მეტად მას ეშინია და თავისივე სიცივით დაღლილი, ალბათ ყველაზე მეტად ნატრობს მას.
თუ დაჰკვირვებიხარ, აგვისტოს მზეზე მეტად ყინვაში შეღწეული და შემდეგ ათასფრად არეკლილი მზის სხივები უფრო ჭრის თვალს. ჩვენი სიყვარულიც ასე თვალისმომჭრელად დაიბადა.
კიდევ არ ხარ კმაყოფილი და მეტის მოსმენა გინდა? ან იქნებ კითხვით დაიღალე? თუ ასეა, დამშვიდდი, სათქმელი ბევრი არც არაფერი დარჩა… უბრალოდ ერთი წუთით წარმოიდგინე, რომ ბოლოს და ბოლოს გაყინული და გასავათებული, დაღლილი შედიხარ თბილ, მყუდრო სახლში. მითხარი, რას იგრძნობ? სავარაუდოდ, სიხარულს, შვებას, იმედს… მაგრამ სანამ საბოლოო კომფორტს მიაღწევდე, ისეთი ტკივილის განცდა გიწევს, თითქოს ყინული თვითონ შენში დნებოდეს. თითქოს სხეულის უჯრედები აკივლდებიან მალე. სტკივათ, ეშინიათ, მაგრამ მაინც უხარიათ… აი, სწორედ აქ ვარ მე შენ. მეც მტკიოდა და მეშინოდა „გალღობის პროცესი“, მაგრამ რატომღაც მაინც მიხაროდა…
რომ ვფიქრობ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სიყვარულის ( შეიძლება უფრო მეტად მისით იმედგაცრუების) მეშინოდა. ყველაზე უცნაური ფობია – სიყვარულის შიში! არა რა! ხანდახან მეცინება ჩემს თავზე!
შენ ეს შიში დამაძლევინე, რისთვისაც ცხოვრების ბოლომდე მადლობელი ვარ შენი…
გახსოვს? ერთხელ, მაისის მზის სხივებს ისე ჰყავდათ გულში ჩაკრული ჩვენი ქალაქი, როგორც მიჯნურს დიდი ხნის მონატრებული სატრფო. ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები დავხეტიალობდით ქუჩებში და მე მაშინ ვითომ მოწყენით გკითხე, ახლა რომ აღარ ვარ შენი ყინულის დედოფალი თქო? შენ გაგეღიმა და მითხარი – ყინული დადნა, დედოფალი კი დარჩაო.
არ ვიცი, შეიძლება შენს ადგილზე მყოფი ნებისმიერი ბიჭი ამას ეტყოდა ჩემს ადგილზე მყოფ ნებისმიერ გოგოს, მაგრამ მაშინ სულს უჩვეულოდ გაუხარდა და იგრძნო, რომ გულის სიღრმიდან ამოსული სიტყვები იყო… მაშინ მე არაფერი მითქვამს და ახლა გეუბნები – შენ არ ხარ ჩემი ოცნების პრინცი, შენ ხარ ჩემი ცხოვრების მეფე, ჩემი სიყვარული…
გამომგზავნი/ავტორი: მარიამ გურგენიშვილი