მნიშვნელოვანია, ყველა ორსული დედა იყოს ინფორმირებული, თუ როგორ მიმდინარეობს ახალი სიცოცხლის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში, როგორ ვითარდება ნაყოფი, რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისათვის, რომ მოხდეს ნაყოფის სრულფასოვანი განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში? როგორ შევუწყოთ ხელი მის ასაკობრივ ზრდას სხვადასხვა ეტაპზე – ნაყოფი ხომ ჩასახვიდან დაბადებამდე იძენს უნარ-ჩვევებს, რომელიც მნიშვნელოვანია მისი შემდგომი განვითარებისთვის?!
ამ და სხვა კითხვებს ბავშვთა ფსიქილოგი, ეკა ნინოშვილი პასუხობს.
როგორ ვითარდება ნაყოფი?
ადამიანის განვითარება ისეთი სისწრაფით, როგორიც ჩასახვიდან დაბადებამდე პერიოდშია, არცერთ სხვა პერიოდს ახასიათებს. ამ 9 თვის განმავლობაში, ერთუჯრედიანი ორგანიზმი სამყაროში არსებობისათვის აუცილებელ ყველა სასიცოცხლო ფუნქციასა და შესაძლებლობას იძენს.
რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოხდეს ნაყოფის სრულფასოვანი განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში?
თითოეულ ორგანოსა და სისტემას, ემბრიონად ყოფნის დროს, აქვს განვითარების სენსიტიური (განსაკუთრებულად მგრძნობიარე) პერიოდი არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორსულმა. მავნე ფაქტორების ზემოქმედება შესაძლოა, მყისიერად არ გამოვლინდეს – ზოგი მათგანის მიერ მიყენებული ზიანი უხილავია და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მჟღავნდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია მავნე ფაქტორებისათვის თავის არიდება ორსულობისას. ემბრიონულ პერიოდში, როდესაც ნაყოფის იტენსიური განვითარება მიმდინარეობს და სხეული ფორმირდება, მავნე ფაქტორებისზემოქმედებამ შესაძლოა, დააზიანოს ტვინი, თვალები, სასქესო ორგანოები და სხვა.
რა ფაქტორები მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე უარყოფითად?
მიუხედავად იმისა, რომ დედის საშვილოსნოს მიღმა გარემო გაცილებით სტაბილურია, გარეფაქტორებმა შეიძლება ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს ნაყოფის განვითარებაზე. მაგალითად, შეიძლება იყოს ფიზიკური დეფექტები, სუნთქვის სირთულეები და სხვა.
ორსულობის დროს მოწევა, აგრეთვე, ქმნის მცირეწონიანობის პრობლემას, იზრდება ორსულობის შეწყვეტის ალბათობა და ნაადრევი მშობიარობის, ასთმის, სუნთქვითი დარღვევების რისკი. ხოლო ალკოჰოლის მოხმარებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომით დაავადება. დაბინძურებული გარემო, არასრულფასოვანი კვება, ულტრაიისფერი სხივები ს ჭარბი დოზით მიღება – ეს ყველაფერი არასასურველ გავლენას ახდენს ორსულობისას ნაყოფის ჰარმონიულ განვითარებაზე. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია დედის ემოციური მდგომარეობა.
რას ურჩევდით ორსულ ქალბატონებს?
ორსულობისას გადატანილი ძლიერი ემოციური სტრესი ჩვილებში მრავალგვარ გართულებას იწვევს. ორსულობის დროს ინტენსიურმა შფოთვამ შესაძლოა, გაზარდოს ორსულობის შეწყვეტის რისკი; გამოიწვიოს დღენაკლულობა, ჩვილთა რესპირატორული დაავადებები, საჭმლის მონელების დარღვევები და სხვა.
დედის მიერ გადატანილი სტრესი აისახება ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და იწვევს მათ გაღიზიანებადობას, ადრეულ ასაკში ქმნის ემოციური და ქცევითი სირთულეების წინაპირობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ორსული ქალის მხარდაჭერა მეუღლისა და ოჯახის წევრების მხრიდან. თუკი ქალბატონი მარტოხელა დედაა, სასურველია, იპოვოს ნათესავი ან მეგობარი, რომელიც მის ფსიქოემოციურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ორსულობის სწორი მართვისთვის, აგრეთვე, საჭიროა ინფორმირებულობა. სასურველია, მოხდეს პრენატალური განვითარების შესახებ ლიტერატურის გაცნობა.
ზოგადად, ორსულის ცხოვრების წესს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს სწორ კვებას, ძილს, ვარჯიშს, სასიამოვნო გარემოში და სასურველ ადამიანებთან ერთად ყოფნას. ორსულმა უნდა აკეთოს ის საქმე, რაც მას სიამოვნებას ჰგვრის, უსმინოს მუსიკას და სხვა. ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის და პოზიტიურად აისახება ნაყოფის განვითარებაზე.
მოამზადა თამარ მირცხულავამ
.