წყვილებს ვაკვირდები და… ურთიერთობა იწყება სიყვარულით, შემდეგ გადადის ჩვევაში და ბოლოს… ორი ადამიანი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს და რომ ჰკითხოთ, ვერ გიპასუხებენ ბოლოს როდის იცინეს ერთად გულიანად. არადა, ეს თითქოს წვრილმანია. მხოლოდ სიცილი არა, ტირილიც უნდა შეგეძლოთ ერთად, უნდა გამოიწრთოთ თქვენს გრძნობაში და ერთად ყოფნის დროს ერთმანეთი არ დაკარგოთ. შემდეგ მისჩერებიხართ ერთმანეთს თვალებში და გუშინდელ შეყვარებულში დღეს ცხოვრების მოზიარეს ვეღარ ნახულობთ… გაგეპარათ ერთმანეთი! ნაცვლად იმისა, ყოველდღე თავიდან პოულობდეთ ერთმანეთს, ყოველდღიურ საზრუნავში გახვეულნი მეტად და მეტად კარგავთ ცხოვრების საზრისს.
მერე გრძელდება ცხოვრება უშინაარსოდ, უფერულად, უსიყვარულოდ…
მე ის ვიპოვე და ის ჩემი სიყვარულია! ნუთუ წლების დინებასთან ერთად უნდა დამეკარგა? თუ მოჭარბებული ტკივილებისათვის მეძლია ხარკად ჩემი გრძნობები? არა…
ჩასჭიდეთ ხელი და ყველაზე მძიმე წუთებშიც კი გახსოვდეთ : ის თქვენია! დარდის, ტკივილის, გაუტანლობის მორევს არასოდეს გაატანოთ თქვენი სიყვარული…
პატივისცემით,
სალომე ჭკადუა