ქმრებს ცოლები ბეზრდებათ, ცოლებს კი ქმრები. მიზეზი ისაა, რომ ისინი ვერ ახერხებენ თავისი პარტნიორის სულთან შეხებას. მათთვის ერთმანეთის სხეულები უკვე ნაცნობია, მაგრამ ხელიდან გაუშვეს ის კონტაქტი, რომელიც გულიდან გულზე, ცენტრიდან ცენტრზე, სულიდან სულზე უნდა მოხდეს. როცა თქვენ იცით, როგორ შეეხოთ ერთმანეთს სულებით, როგორ გახდეთ მეგობრები სულით, მაშინ არანაირი მობეზრება არ არსებობს. მაშინ სხვა ადამიანში ყოველთვის არის რაღაც აღმოსაჩენი, რადგანაც ყოველი ადამიანი – ეს უსასრულობაა, ყოველ ადამიანში თავად ღმერთია ჩადებული. ამ კვლევას დასასრული არ გააჩნია.
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ტანტრა აუცილებელი უნდა გახდეს ყოველი ადამიანისთვის. ყოველ სკოლაში, ყოველ კოლეჯში, ყოველ უნივერსიტეტში უნდა ასწავლიდნენ ტანტრას. ტანტრა – ესაა სულთა შეხების მეცნიერება, სხვა ადამიანის შუაგულ სიღრმეში შეღწევა. მოწყენილობა შეიძლება გაქრეს მხოლოდ იმ სამყაროში, რომელიც ტანტრას ხელოვნებას იცნობს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ გაქრება – თქვენ მოითმენთ და აიტანთ მას, დაიტანჯებით მისგან, მოწყენილობისგან ეწამებით. სწორედ ასე ხდებოდნენ წამებულნი წარსულში. ისინი ამბობდნენ: „რას ვიზამ, ასეთია ჩემი ბედი. ამ ცხოვრებაში ყველაფერი დასრულებულია. შემდეგ ცხოვრებაში რომელიმე სხვა ქალს ან მამაკაცს ავირჩევ, ამ ცხოვრებაში კი ყველაფერი დაკარგულია, ვერაფერს გავაკეთებ. ამასთან ჩვენ შვილები გვყავს, ათასი პრობლემა, პრესტიჟი, საზოგადოება, პასუხისმგებლობა…“ ასე იტანჯებოდნენ ადამიანები და წამებულად ყოფნას არჩევდნენ.
ახლა კი ისინი უკვე აღარ არიან მზად ტანჯვისთვის და ამიტომ მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ: ახლა ისინი სექსს აყოლილები არიან. თუმცა ეს არ ანიჭებთ დაკმაყოფილებას. არც ინდოელი და არც ამერიკელი კმაყოფილი არაა. არავინაა კმაყოფილი, რადგანაც ყველაზე მთავარს უშვებენ ხელიდან. ყველაზე მთავარი კი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი არ გაქვთ თქვენი ქალის ან თქვენი მამაკაცის შინაგანი მისტერიის ამოცნობის უნარი, ადრე თუ გვიან იგი მოგწყინდებათ. მაშინ ან წამებული გახდებით და ყველაფერს ისე დატოვებთ, როგორც არის, დაიტანჯებით და სიკვდილისგან დაელოდებით განთავისუფლებას, – ან სხვა ქალთან გააბამთ რომანს. მაგრამ ამ ქალთანაც ზუსტად იგივეს გაიმეორებთ, რასაც წინასთან, და ახალი ქალიც მოგბეზრდებათ, ისევე როგორც ის, ვინც მის შემდეგ იქნება. მაშინ მთელი თქვენი ცხოვრება უბრალოდ პარტნიორების ცვლად იქცევა. ეს ვერ შეძლებს თქვენს დაკმაყოფილებას… თუკი ტანტრას საიდუმლო ხელოვნებას არ შეისწავლით.
ტანტრა – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოა, რომელიც ოდესღაც აღმოუჩენიათ. ეს უდიდესი ხელოვნებაა, ამიტომაც ძალიან ნატიფი. ხატვა ადვილია, ლექსების წერა ადვილია, სხვა ადამიანის ენერგიასთან ერთიანობის, სასიხარულო ერთიანობის შექმნა კი – ეს უდიდესი და ყველაზე რთულია ხელოვნებათა შორის.
ოშოს წიგნიდან – “საიდუმლოთა საიდუმლო”
ნინო დიდებაშვილი