ანიკუშა! გაზეთი და წერილი მივიღე, როდის დაიწყე ასეთი მოკლე წერილების წერა? შენ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, მერე მე რა დავაშავე? ცუდ ხასიათზე რომ იყავი, მაშინ უფრო მწერდი, მგონი, და ახლა რა მოგივიდა, ა? პასუხს მოგწერო, რას ქვია, პასუხს მომწერ…
ხომ იცი, რომ მე მიყვარხარ და მიყვარხარ არა ისე, როგორც უყვართ, არამედ უფრო მეტად და სხვანაირად, ამიტომ ასეთი რამეები არ არის საჭირო.
ახლა ერთ რამეს გეტყვი: ამ თვის ბოლოს შვებულება აიღე…
იქნებ, ჩემი წიგნის დარჩენილი ჰონორარის აღება მოახერხო, შენც ხომ მიიღებ ფულს და ჩამოდი. აქ, საჭმელი, ხომ იცი, იშოვება… თუ ფეხმძიმობა ძალიან არ შეგაწუხებს და თუ სუსტად არ იქნები, აგვისტო აქ რომ გავატაროთ, არაფერი გიჭირს, მეც შენთან ერთად უზომოდ გავიხარებ…
ასე თუ მოხერხდება, ეს გავაკეთოთ ძალიან გთხოვ, შენთვის კარგი იქნება. მერე აქედან ერთად წავიდეთ. სხვაგან წასვლაზე კი ვერ დაგეთანხმები, შენზე გაბრაზებული ვარ. დღეს შენს წერილს ველი, თუ მივიღე, შეგირიგდები.
ასე. გკოცნის შენი ლადო ასათიანი.
12.07.1940
აბასთუმანი